რა ქონებას ფლობენ ლევან ხაბეიშვილი და ნიკა მელია

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

 

პოლიტიკური დაპირისპირება ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში კულმინაციას აღწევს. პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ყოფილი თავმჯდომარე, ნიკანორ მელია, დავით კეზერაშვილის კუთვნილი ტელეკომპანია „ფორმულას“ პირდაპირ ეთერში პარტიიდან გარიცხა... ვიდრე მერაბიშვილისა და კეზერაშვილის დუეტი მელიას „გაშავებას“ განაგრძობს, „ვერსია“ მოქმედი და ყოფილი თავმჯდომარეების ქონებრივ დეკლარაციას გთავაზობთ.

 

ლევან ხაბეიშვილის დეკლარაცია

ლევან ხაბეიშვილით დავიწყოთ, რომელიც პროფესიით ეკონომისტია. დაიბადა 1987 წლის 7 მაისს, თბილისში. უმაღლესი განათლება ახალგაზრდა მეცნიერთა ასოციაციასთან არსებულ უნივერსიტეტში - „მცირე აკადემია“ მიიღო.

კარიერა 2006 წლიდან, სოციალური კვლევის ინსტიტუტში - „ბი სი ჯი“ დაიწყო; 2012-2013 წლებში - პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციაში, მთავარი სპეციალისტის პოზიციაზეა; 2013-2014 წლებში - თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე იყო; 2017 წელს აირჩიეს თბილისის საკრებულოს დეპუტატად.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციური პარტიების ნაწილის საერთო კანდიდატი იყო სამგორის მაჟორიტარულ ოლქში. მან ხმების 39.14% (27 506 ხმა) მიიღო და მეორე ადგილი დაიკავა. მეორე ტურში მონაწილეობასა და პარლამენტში პარტიული სიით შესვლაზე უარი განაცხადა, მთლიანად ოპოზიციასთან ერთად, გაყალბებული არჩევნების მოტივით. 2020 წლიდან, საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის წევრია.

ახლა ხაბეიშვილის ქონებრივ დეკლარაციასაც გადავავლოთ თვალი, რომლის მიხედვით, ლევან ხაბეიშვილის საკუთრებაში უძრავი ქონება არ ფიქსირდება.ენმ-ის ახალი თავმჯდომარის მოძრავ ქონებად ითვლება ავტომანქანა Toyota Higlander, რომელიც ლევან ხაბეიშვილმა 2020 წელს, 7 000 აშშ დოლარად შეიძინა. ამავე დოკუმენტის მიხედვით, ლევან ხაბეიშვილმა, თბილისის საკრებულოს წევრის პოზიციაზე, 2020 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 31 დეკემბრამდე, შემოსავლის სახით, 30 873 ლარი მიიღო.

დეკლარაციის შევსების მომენტში, ხაბეიშვილის სახელფასო ანგარიშზე 9 334 ლარი, ხოლო საკრედიტო ანგარიშზე, ჯამში - 2 179 ლარი ირიცხებოდა. ამასთან, მისმა პარლამენტის წევრის პოზიციაზე მისმა შემოსავალმა 42 412 ლარი, ხოლო თბილისის საკრებულოს წევრის პოზიციაზე 2021 წლის პირველ ხუთ თვეში - 12 864 ლარი შეადგინა. მასვე უფიქსირდება 23 500 ლარის მოცულობის სამომხმარებლო სესხი.

 

ნიკა მელიას დეკლარაცია

ნიკანორ მელია დაიბადა 1979 წლის 21 დეკემბერს, თბილისში, ცნობილი ექიმის - ანზორ მელიასა და ნანა ცაავას ოჯახში. 1996 წელს, დაამთავრა თბილისის 47-ე საშუალო, 2002 წელს - საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემია სამართალმცოდნეობის სპეციალობით, 2006 წელს - ოქსფორდის ბრუქსის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტი და მიიღო მაგისტრის ხარისხი.

2002-2003 წლებში, ნიკა მელია საქართველოს უშიშროების სამინისტროში, გამომძიებლად მუშაობდა. 2007 წელს, მუშაობა დაიწყო საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თავდაცვისა და მართლწესრიგის დეპარტამენტში მრჩევლად, 2007-2008 წლებში - ამავე აპარატის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში იყო მრჩევლის პოზიციაზე. 2008-2009 წლებში, აღსრულების ეროვნული ბიუროს უფროსის მოადგილე გახლდათ, ხოლო 2009 წლიდან - აღსრულების ეროვნული ბიუროს უფროსი იყო.

2010 წელს, ნიკა მელია საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ უფროსი იყო. იმავე წელს გახდა აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებლო ბიუროს უფროსი, სადაც 2012 წლამდე მუშაობდა.

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2013-2014 წლებში, ნიკა მელია მთაწმინდის რაიონის გამგებელი იყო. 2014 წელს, თბილისის მერის თანამდებობაზე იყრიდა კენჭს, თუმცა „ქართული ოცნების“ კანდიდატთან დამარცხდა. ამის შემდეგ დაიწყო მელიას აქტიური პოლიტიკური საქმიანობა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში.

2016-2019 წლებში, საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო, თუმცა 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ, მელიას ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობისთვის ბრალი წაუყენეს, პროკურატურამ პარლამენტს მისი დეპუტატის მანდატის შეჩერების მოთხოვნით მიმართა. 26 ივნისს, საპარლამენტო უმრავლესობამ მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნა, თუმცა სასამართლომ ის დარბაზიდან 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. 2019 წლის 12 ნოემბერს, პარლამენტარს დეპუტატის უფლებამოსილება შეუჩერდა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და გაერთიანებულმა ოპოზიციამ - „ძალა ერთობაშია“ გლდანის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა. პირველ ტურში, ნიკა მელიამ მიიღო 31 391 ხმა ანუ 44.06% და პირველ ადგილზე გავიდა. მეორე ტურში მონაწილეობაზე მელიამ უარი განაცხადა, მიუხედავად ამისა, მისი გვარი დატანილი იყო საარჩევნო ბიულეტენზე და მეორე ტურში ხმების 10.64% მიიღო.

რაც შეეხება ქონებრივ დეკლარაციას, ის საკმაოდ მწირია. დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ნიკა მელიას საკუთრებაშია ორი ბინა თბილისში და ავტოფარეხის 15%-იანი წილი. დეკლარაციის შევსების მომენტში, მელიას ლიბერთი ბანკის სახელფასო ანგარიშზე - 20 117 ლარი, ხოლო ნაღდი ფულადი თანხის სახით - 8 000 აშშ დოლარი ჰქონდა.

 

ავტორი-მაკა რუხაძე