საჭირო იყო თუ არა და რა დადებითი და უარყოფითი შედეგები მოიტანა „ვარდების რევოლუციამ“

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

„ვარდების რევოლუციიდან“ 20 წელი გავიდა. 2003 წლის ნოემბერში, საქართველოში, არჩევნების გაყალბების საბაბით, მშვიდობიანი სახალხო აქციები დაიწყო, რასაც 23 ნოემბერს, პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის გადადგომა და საქართველოს ხელისუფლების ცვლილება მოჰყვა. „ვარდების რევოლუციამქვეყანაში შეცვალა შევარდნაძის 11-წლიანი მმართველობა. ხელისუფლებაში მოვიდა მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური ძალით - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

„ვარდების რევოლუციის“ მიზეზ-შედეგობრივ კავშირსა და ისტორიულ მნიშვნელობაზე „ვერსია“ ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.

 

ძაბირაძე ინტერვიუს „ვარდების რევოლუციის“ წინა პერიოდზე საუბრით იწყებს, რადგან მიიჩნევს, რომ იმის გაუთვალისწინებლად, თუ რა მდგონარეობაში იყო ქვეყანა, რთული იქნება ახსნა, რა მოხდა და როგორ მივედით რევოლუციამდე:

„ეს იყო შევარდნაძის პერიოდი და ქვეყანაში აბსოლუტურად მოშლილი იყო ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი. მთლიანი სახელმწიფო და საზოგადოებრივი ცხოვრება აგებული იყო კორუფციულ ურთიერთობებზე. ფაქტობრივად, კორუფციას ჰქონდა ლეგალური ხასიათი. არავისთვის მოულოდნელი არ იყო, რა და როგორ ხდებოდა, ნებისმიერი საქმის მოგვარება შეიძლებოდა კორუფციის საშუალებით და იმდენად მდიდარი იყო ეს კორუფციული ვითარება საზოგადიებაში, რომ აუტანელი გახდა... როცა სახელმწიფო ინსტიტუტები ამ დონეზეა მოშლილი, როგორც შევარდნაძის დროს იყო, თავად სახელმწიფო ინსტიტუტები იყო კორუფციის წყარო, კორუფციის პრინციპზე იყო აგებული და ამან იმ ზღვრამდე მიაღწია, რომ ასეთი ვითარების ატანა შეუძლებელი გახდა და შესაბამისად, მომწიფდა ვარდების რევოლუცია“.

ანალიტიკოსი აქვე, ერთ ფაქტორზე ამახვილებს ყურადღებას:

„შევარდნაძის მმართველობა პირობითად შეგვიძლია დავყოთ ორ პერიოდად. ეს იყო 1992-95 წლები, როდესაც ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებიდან ნელ-ნელა გადავიდა მშვიდობიან ცხოვრებაზე და ამას თან ერთვოდა საყოველთაო პრივატიზაცია.

1995 წელს მიღებულ იქნა კონსტიტუცია, გარკვეული წინსვლა იყო და ეროვნული ვალუტა, ლარი მივიღეთ... ვითარება მეტ-ნაკლებად, თითქოს დასტაბილურდა, მაგრამ საყოველთაო პრივატიზაციამ გამოიწვია საყოველთაო კორუფცია. აი, 1995 წლიდან, გარკვეულწილად, პოლიტიკური ვითარებაც შეიცვალა. თუ 1992-95 წლების პარლამენტი იყო ჭრელი, მრავალპარტიული, 1995 წლიდან მხოლოდ სამი პოლიტიკური ძალა მოხვდა პარლამენტში - მოქალაქეთა კავშირი შევარდნაძის ხელმძღვანელობით, აღორძინება - ასლან აბაშიძის ხელმძღვანელობით და ეროვნულ-დემოკრატები, თუმცა ამან ხელი ვერ შეუშალა საყოველთაო კორუფციას. ამას ხაზს ვუსვამ იმიტომ, რომ 1995 წლიდან, „ვარდების რევოლუციის“ შემოქმედნი უკვე ხელისუფლებაში იყვნენ წამყვან პოზიციებზე. ზურაბ ჟვანია იყო პარლამენტის თავმჯდომარე და სააკაშვილი სანამ მინისტრი გახდებოდა შევარდნაძის მთავრობაში, მანამდე იყო უმრავლესობის ლიდერი ანუ ამ ორ ფიგურას, რომლებმაც შემდეგ ვარდების რევოლუცია მოახდინა, საკმაოდ მაღალი პოსტები ეკავათ და მათთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო ის კორუფციული ვითარება... ოღონდ კორიფციის წინააღმდეგ ბრძოლა ცოტა გვიან დაიწყო სააკაშვილის მეთაურობით“.

ძაბირაძის თქმით, ეს მოხდა შევარდნაძის პრეზიდენტად მეორედ არჩევის შემდეგ:

„ერთი ფაქტორია მნიშვნელოვანი - შევარდნაძე მეორედ აირჩიეს პრეზიდენტის პოსტზე და მესამე ვადით ის კენჭს ვეღარ იყრიდა ანუ რეალური ძალაუფლების საკითხი დგებოდა, ვინ გააგრძელებდა სახელმწიფოს მართვას. ამ მომენტში დაიწყო კორუფციაზე ლაპარაკი, თუმცა როგორც უკვე ვთქვი, 1992 წლიდან მოყოლებული, 1999 წლამდე ყვაოდა კორუფცია ქვეყანაში.

თუმცა,  ეს იყო მაინც დადებითი მოვლენა და პროცესი, რადგან ცხოვრების ისე გაგრძელება უკვე შეუძლებელი იყო. სხვა პოლიტიკური ძალა იმ მომენტში ქვეყანაში არ გამოჩნდა, რომელიც ამ კორუფციას ასე რადიკალურად დაუპირისპირდებოდა და რა თქმა უნდა, იყო კითხვის ნიშანი - ეს ხალხი თავადაც ხელისუფლებაში იყო, როცა კორუფცია ყვაოდა და არ დაუპირისპირდნენ, სანამ ძალაუფლების მემკვიდრეობის საკითხი არ დადგა, მაგრამ მიუხედავად ამისა, იყო მხარდაჭერა, რადგან შეუძლებელი იყო ცხოვრების ისე გაგრძელება“.

ვახტანგ ძაბირაძე რევოლუციის მნიშვნელობაზე საუბრობს:

„ასე მივედით „ვარდების რევოლუციამდე“ და რაც შეეხება თავად ამ საკითხს - ჩემთვის და ბევრისთვის, რომლებიც მხარს ვუჭერდით ამ რევოლუციას და ზოგი აქტიურად, ზოგიც ნაკლებად ვმონაწილეობდით ამ პროცესში, მნიშვნელივანი ფაქტორი იყო და არც დღეს ვაპირებ ამის გადაფასებას, ქვეყანა აბსოლუტურ ქაოსამდე იყო მისული... თუმცა, ეჭვი და სიფრთხილე იმისა, რომ ახალი ხელისუფლება მაინცდამაინც არ გაატარებდა იმ რეფორმებს, რაც საჭირო იყო იმისთვის, რომ ქვეყანაში თვისობრივად ახალი სახელმწიფო ჩამოყალიბებულიყო, არსებობდა და სამწუხაროდ, ძალიან მალე 2004 წლის გაზაფხულზე, როცა კონსტიტუციაში ცვლილებები იქნა შეტანილი, ნათლად ჩანდა, რომ ისეთი ახალი სახელმწიფოს მშენებლობა, როგორიც იყო საჭირო, დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. რადგან კონსტიტუციაში შეტანილი იქნა შესწორება „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, რომლითაც პრეზიდენტ სააკაშვილს შაჰის უფლებები ჰქონდა მინიჭებული და არავინ იცოდა, ამას როგორ გამოიყენებდა, თუმცა სანამ ეს ცვლილებები მოხდებოდა, უკვე არსებობდა გარკვეული სიმპტომები“.

ანალიტიკოსის თქმით, შევარდნაძის დროს იყო კორუფციული ავტორიტარიზმი, სააკაშვილის დროს კი მივიღეთ აგრესიული ავტორიტარიზმი:

„სახელმწიფოს სტრუქტურები აღდგა და ფუნქციონირება დაიწყო, მაგრამ ყოველგვარი დემოკრატიული პრინციპების დარღვევით. გამოიკვეთა ერთპიროვნული მმართველობა მთელი თავისი სისასტიკით, რამაც გაძლო 2012 წლამდე.

დადებითი იყო ის, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ფუნქციონირებდა, ოღონდ აქაც პრობლემაა, რადგან ფუნციონირებდა, როგორც ავტორიტარული რეჟიმის შემადგენელი ნაწილები და არა - დემოკრატიული საწყისების მქონე. მნიშვნელოვანი იყო ის, რომ სასამართლო ისევ ისეთი დარჩა, ოღონდ ახალი კადრებით დაკომპლექტდა, ისევ ისე ფუნქციონირებდა და იმართებოდა და, სხვათა შორის, დღესაც ასეა. სასამართლოს პრობლემა სულ გვაქვს ჩვენ, რაც თავი მახსოვს. პოლიციის რეფორმა თავიდან ძალიან დადებითად მიიღო მთელმა საზოგადოებამ, მაგრამ ძალიან მალე გადაიქცა დამსჯელ ძალად და დღემდე გრძელდება მეტნაკლები სისასტიკით...

რევოლუციის შემდეგ საყოველთაო კორუფცია მოისპო, მაგრამ კი არ გამქრალა, მივიღეთ ელიტური კორუფცია“.

ძაბირაძის თქმით, დღეს არავინ ამახვილებს ყურადღებას, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ეს საკითხიც:

„2010 წლის კონსტიტუცია, რომელიც სახელმწიფომ მიიღო და თითქოს გადავდიოდით საპრეზიდენტოდან საპარლამენტო მმართველობაზე, ვისაც ახსოვს იმ ცვლილების შინაარსი, დამეთანხმება, რომ ზუსტად იგივე მოდელი იყო, ოღონდ პრეზიდენტის ინსტიტუტს ანაცვლებდა პრემიერის ინსტიტუტი ანუ დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნაზე და მათ შორის ბალანსზე ლაპარაკი ზედმეტი იყო.

ასე რომ, შევაჯამებ - ინსტიტუტებმა ფუნქციონირება დაიწყეს, ოღონდ რეპრესიულ სტილში; ქვეყანას გაუჩნდა ბიუჯეტი, ოღონდ ეს გახდა ახალი წყარო კორუფციისა; საყოველთაო კორუფციიდან მივიღეთ ელიტური კორუფცია; ჩვეულებრივი ავტორიტარული რეჟიმიდან მივიღეთ აგრესიული ავტორიტარიზმი“...

 

ავტორი-თათია გოჩაძე