გაქცევა წითელი სამშობლოდან - „თვითმფრინავის ბიჭების საქმის“ დღემდე უცნობი დეტალები

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დახვრეტილთა მშობლების მონათხრობი და ტრაგედიის 40-წლიანი საიდუმლო

 ... 7-8 წლის ვიყავი... ოჯახთან ერთად, ქობულეთში ვისვენებდი. ერთ საღამოს, უფროსები ტელევიზორთან მოგროვდნენ... მაშინ ზუსტად არ ვიცოდი, რა ხდებოდა, მაგრამ ერთი კადრი ცხადად დამამახსოვრდა: ფიცრულის მიღმა რამდენიმე ადამიანი იჯდა, მათ შორის, ერთი ახალგაზრდა ქალი იყო... მერე, წლები გავიდა და... მივხვდი, ეს ქალი თინათინ ფეტვიაშვილი იყო... ასე შემორჩა ჩემს მეხსიერბას ე.წ. თვითმფრინავის ბიჭების სასამართლო პროცესი... მე-20 საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში ანუ მაშინ, როცა ჟურნალისტობას ვიწყებდი, თინიკოს დედას, ქალბატონ თამარ გლურჯიძეს შევხვდი... მერე, კახა და პაატა ივერიელების მამა, ბატონი ვაჟაც გავიცანი, დავმეგობრდით და... თვითმფრინავის ბიჭების საქმეზე არაერთი მნიშვნელოვანი და უცნობი დეტალი გავიგე... მაინც, რა მოხდა 1983 წლის 18 ნოემბერს? რატომ გადაწყვიტა შვიდმა ქართველმა ახალგაზრდამ - კახა და პაატა ივერიელ-ლეკიშვილებმა, სოსო წერეთელმა, გია ტაბიძემ, დათო მიქაბერიძე, გეგა კობახიძემ და თინათინ ფეტვიაშვილმა წითელი სამშობლოდან გაქცევა? სხვათა შორის, გამოძიებამ ვერ დაადგინა, თუ ვის გაუჩნდა გაქცევის იდეა, თუმცა მიუხედავად ამისა, სასამართლომ „ბანდის მეთაურად და იდეოლოგად მღვდელი თემურ ჩიხლაძე გამოაცხადა, რომელიც თვითმფრინავში არ იმყოფებოდა... შვიდივე პროტესტანს შეეძლო, რომ საბჭოთა კავშირი ლეგალურად დაეტოვებინა - სხვა თუ არაფერი, ძმებ ივერიელებს კაპიტალისტურ ქვეყანაში ბევრი მეგობარი ჰყავდათ და, ლულუმბას სახელობის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, საზღვარგარეთ სტაჟირებაზე გაგზავნაც შესთავაზეს, მაგრამ ბიჭებმა მაინც გაქცევის გზა აირჩიეს? რატომ? - ეს შეკითხვა მოსამართლე თემურ გერსამიას ყასიდადაც არ დაუსვამს. სხვათა შორის, რამდენიმე წლის წინ, თემურ გერსამიასაც შევხვდი და თვითმფრინავის ბიჭებეზე“  ველაპარაკე...

 

სტუმრები უშიშროებიდან

... ტელეფონმა რომ დარეკა, ცნობილი ენდოკრინოლოგი ვაჟა ივერიელი ახალი ჩაძინებული იყო. ექიმმა ბურანს თავი ძლივს დააღწია და ვიდრე ყურმილს აიღებდა, საათს დახედა. ისრები დილის 6 საათს უჩვენებდნენ.

- ბატონო ვაჟა, ბიჭები შინ არიან? - ორაზროვნად ჰკითხა ენდოკრინოლოგს თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა.

- საღამოს ქორწილში წავიდნენ. წესით, უკვე უნდა დაბრუნებულიყვნენ. ახლავე ვნახავ, დამელოდეთ, - ვაჟა ივერიელი შვილებს არასოდეს ელოდებოდა, რადგან ბიჭები, ჯერ ერთი, უკვე დიდები იყვნენ. მეორეც, ბინის გასაღები კახასაც ჰქონდა და პაატასაც, - არა, არ მოსულან, ხომ მშვიდობაა?

- გვამების ამოცნობა უნდათ, - დაიჩურჩულა პირველი საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა და ყურმილი დაკიდა. სწორედ ამ დროს კარზე დააკაკუნეს.

- ერთი ვიცოდე, ჩემს თავს რა ამბავია? - გაიფიქრა ვაჟა ივერიელმა და კარი გააღო. დაუპატიჟებელი სტუმრები ენდოკრინოლოგს მძარცველები ეგონა და პოლიციაში დარეკვა დააპირა.

- დამშვდდით, ბატონო ვაჟა, უშიშროებიდან ვართ, ბინა უნდა გავჩხრიკოთ, - კბილებში გამოსცრა ერთ-ერთმა სტუმარმა.

- ბინა?.. რატომ?.. პაატა და კახა სად არიან?.. ხომ არაფერი დააშავეს? -  უშიშროების თანამშრომლებმა მასპინძლის შეკითხვები უპასუხოდ დატოვეს და ჩხრეკას შეუდგნენ. პაატას ოთახში, საწერი მაგიდის უჯრაში ნაპოვნმა ოქრომ „კაგებეშნიკები“ დააბნია. აივნის კედელზე დაკიდებული „გეკოს“ პატარა თოფის დანახვაზე კი, ერთ-ერთ მჩხრეკველს უნებურად აღმოხდა, - ბიჭებს ხალხის ამოხოცვა რომ სდომებოდათ, ამ თოფს შინ არ დატოვებდნენო (!).

- რას ლაპარაკობთ, ჩემმა შვილებმა მოკლეს ვინმე? - ამოილუღლუღა ივერიელმა.

- ბატონო ვაჟა, ჩვენს უფროსს, ხაზალიას დავურეკავთ და ყველაფერს ის აგიხსნით.

იმის დაჯერება, რაც ვაჟა ივერიელმა ხაზალიასგან მოისმინა, შეუძლებელი იყო... „კაგებეშნიკებით“ გარშემორტყმულ ენდოკრინოლოგს აეროპორტამდე სიტყვა არ უთქვამს. გარინდებული სახით სადღაც, უსასრულობაში იყურებოდა და შვილების ბოლოდროინდელ საქციელს იხსენებდა. ვაჟას ბიჭებთან ახლო ურთიერთობა არასოდეს ჰქონია, თუმცა მათ სიხარულსა თუ მწუხარებას ყოველთვის გრძნობდა. კახა იმპულსური იყო, პაატა - მშვიდი. მამაც უფრო პაატას ენდობოდა, მაგრამ ნოემბრის დასაწყისში, აგარაკიდან რომ ბრუნდებოდნენ, პაატა რაღაც უცნაურად იქცეოდა, მანქანასაც დიდი სიჩქარით მართავდა. ვაჟამ შენიშვნა მისცა, მაგრამ ბიჭმა ყური არ ათხოვა...

მამა ივერიელს კიდევ ერთი ფაქტი გაახსენდა: ბიჭებს დალევა არ უყვარდათ, არც მეგობრები მოჰყავდათ, მაგრამ ორი დღის წინ, პაატა და კახა ნასვამები დახვდნენ, შინ ერთი უცხო ბიჭიც იყო (ვაჟა ივერიელი მოგვიანებით გაიგებს, რომ ის დათო მიქაბერიძე იყო), რომელმაც ხელი გადახვია, მოეფერა. უცნობის სითამამე ენდოკრინოლოგს მაინცდამაინც არ ესიამოვნა, თუმცა არც მისთვის და არც შვილებისთვის შენიშვნა არ მიუცია...

ნახევრად ჩაბნელებული აეროპორტი ხალხით იყო სავსე... თვითმფრინავიდან დაჭრილები ჩამოჰყავდათ... ვაჟა ივერიელი შვილებს ამაოდ ეძებდა...

ვიდრე გამტაცებელთა ვინაობა დაზუსტდებოდა, უშიშროების თანამშრომლები შვიდივე პროტესტანტის ოჯახში მივიდნენ და მშობლები აეროპორტში წაიყვანეს. პირველი ეჭვიც სწორედ მაშინ გაჩნდა, რომ ბიჭები ვიღაცამ „ჩაუშვა“, მაგრამ ვინ იყო ეს „ვიღაც“?.. საერთოდ, „თვითმფრინავის ბიჭების საქმეში“ ბევრი უპასუხო შეკითხვაა. მაგალითად: გამოძიებით დადგინდა, რომ ბიჭები თვითმფრინავ „იაკ 40“-ის გატაცებას აპირებდნენ, რომელიც თბილისიდან ბათუმში მიფრიანვდა, მაგრამ „გამტაცებლები“ მოულოდნელად, „ტუ 134“-ში აღმოჩნდნენ. ეს „ლაფსუსი“, გამოძიების მასალების მიხედითვე, იმითაა ახსნილი, რომ „იაკ 40“-მა გაფრენა, ცუდი მეტეოროლიგიური პირობების გამო, ვერ შეძლო, თუმცა „შავი ყუთის“ შიფროგრამაში ნათქვამია: „პოგოდა ვ აეროპორტუ პოსადკი ბატუმი ხოროშაია, ვიშე მინიმუმა“ (გამოძიების მასალები მღვდელ თეიმურაზ ჩიხლაძის ქალიშვილმა ეკამ გამოაქვეყნა წიგნში - „დასახვრეტი საქმე“)...

 

წითელი მონსტრების სისხლიანი ვნებანი

„თვითმფრინავის საქმით“ პირველად 17 წლის წინ დავინტერესდი და თინათინ ფეტვიაშვილის დედას, ქალბატონ თამარ გლურჯიძეს შევხვდი. ქალბატონმა თამარმა ბევრი რამ მიამბო, თინიკოსა და გეგა კობახიძის ქორწილის ღამეც გაიხსენა, ბავშვებს ბევრი არ დაულევიათ, სუფრასთან არც დიდხანს მსხდარან. გეგას „მონანიებაში“ იღებდნენ, გადაღებიდან ცოტა ხნით გამოუშვეს და ნაშუაღამევს ბათუმში უნდა გაფრენილიყო, საეჭვო არაფერი შემიმჩნევიაო.

სხვათა შორის, თვითმფრინავის გატაცების დროს, თინიკო სამი თვის ფეხმძიმე იყო. ამბობენ, რომ დაკავებისას, მოსკოვიდან გამოძახებულმა სპეცრაზმელებმა მასაც სცემეს და მუცელი სწორედ მაშინ მოეშალა. ასევე, არსებობს ინფორმაცია, რომ ნაყოფი „კა გე ბე“-ს იზოლატორში ხელოვნურად მოაცილეს... საბჭოთა სამართალმა თინათინ ფეტვიაშვილი დაინდო და, ბიჭების მსგავსად, სასჯელის უმაღლესი ზომა კი არა, 11 წლით დავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა ვიღაცას ბრძანება გაუცია, ეგ გოგო არ გაახაროთ და ისეთ დღეში ჩააგდეთ, რომ თავი მოიკლასო. იმხანად ქალთა კოლონიაში სასჯელს, თურმე, რამდენიმე არაქართველი „უბიცა“ იხდიდა. ისინი თინიკოს კუდში დაჰყვებოდნენ და ეძახდნენ, მკვლელო, მკვლელოო... ამის შესახებ საბჭოთა სამართლის კიდევ ერთმა მსხვერპლმა, ქალბატონმა ნათელა წიქარიშვილმა მიამბო, რომელსაც თინათინ ფეტვიაშვილი, თურმე, დედას ეძახდა...

- შვილო, ჯერ სიმართლის თქმის დრო არ მოსულა და არაფერი დაწერო, თორემ შენც შარში გაეხვევი, - მთხოვა თინიკოს დედამ, ქალბატონმა თამარმა. წერილი მაინც დავწერე, თუმცა შემდეგ, როცა კახა და პაატა ივერიელების მამა, ბატონი ვაჟა გავიცანი, მივხვდი, ის წერილი ძალიან ზერელე იყო... ვაჟა ივერიელმაც ბევრი მიამბო, ცეკა-ს კულუარებშიც ჩამახედა...

სხვათა შორის, ბატონ ვაჟას შვილების შესანდობარი არასოდეს უთქვამს. არც დახვრეტის ცნობა მიუღია და არც ტყვიის საფასური გადაუხდია. ალბათ, ამიტომაც ეგონა, რომ ცოცხლები იყვნენ... ვაჟა ივერიელი რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. სწორედ იმ წელს აპირებდა, შვილების სულები მოეხსენიებინა, მაგრამ...

პაატასა და კახა ივერიელებს ერთ-ერთ ბრალდებად გვარის შეცვლა წაუყენეს. ბიჭებმა ლეკიშვილობას ივერიელობა, ალბათ, იმიტომ არჩიეს, რომ ივერია საქართველოა. საბჭოთა თემიდას, როგორც ჩანს, ეს არ მოეწონა, თორემ ძმებს ფსევდონიმად მოსკოველი, ან სულაც, ულიანოვი რომ აეღოთ, ცხადია, ამისთვის კი არ გაკიცხავდნენ, არამედ, მადლობას ეტყოდნენ!..

„თვითმფრინავის ბიჭებს“ ე.წ. სამოქალაქო სასამართლოც მოუწყვეს - პარტიისა და კომკავშირის აქტივისტებმა სკოლებში, უმაღლეს სასწავლებლებსა და ფაბრიკა-ქარხნებში, თურმე, ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს და ხალხს აიძულებდნენ, რომ ბიჭების დახვრეტა მოეთხოვა... დახვრეტის მოთხოვნის პარალელურად, ინტელიგენციას ბიჭების შეწყალების წერილიც მოუმზადებია... ვაჟა ივერიელი სიცოცხლის ბოლომდე თვლიდა, რომ ედუარდ შევარდნაძეს ბიჭების გადარჩენა არ შეეძლო... ამბობენ, რომ „თვითმფრინავის საქმეს“ თავიდან ბოლომდე საქართველოს უშიშროების კომიტეტის იმჟამინდელი თავმჯდომარე, ალექსი ინაური კურირებდა... რატომ გაწირა ინაურმა თავისივე სისხლი და ხორცი?..

 

როგორ დაიგეგმა გატაცება

1983 წლის 18 ნოემბრამდე, რამდენიმე დღით ადრე, უცხოელი ახალგაზრდების ჯგუფმა თვითმფრინავი გაიტაცა. ამის შესახებ მამამ და შვილებმა ერთად მოისმინეს.

- ბიჭებო, ტერორიზმი საშინელებაა და ასეთ საქმეში მონაწილეობა არასოდეს მიიღოთ, - გააფრთხილა ვაჟა ივერიელმა პაატა და კახა, მაგრამ ამ დროს ძმებს გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდათ...

... 1983 წლის 15 ოქტომბერი. სოსო წერეთელი, გია ტაბიძე, გეგა კობახიძე და ძმები ივერიელები წყნეთში, დათო მიქაბერიძის მშობლების აგარაკზე იკრიბებიან. შეხვედრას, რომლის მიზანიც თვითმფრინავის გატაცების დეტალების დადგენაა, თინათინ ფეტვიაშვილი არ ესწრება. პროტესტნატები, ძლიერი სულიერი მღელვარების მიუხედავად, თანხმდებიან, რომ ეკიპაჟზე თავდასხმას გია ტაბიძე დაიწყებს, რომელსაც კახა ივერიელი დაეხმარება. სხვათა შორის, როგორც ვაჟა ივერიელი ამბობდა, პაატა „გამტაცებლებს“ ახლოს არ იცნობდა, მაგრამ 15 ნოემბრის შეკრებაზე ბიჭებმა კახას შესთავაზეს, რომ „ოპერაციაში“ მის ძმას, პაატასაც მიეღო მონაწილეობა... გეგა და თინიკო მგზავრებს შორის ჩუმად დასხდებოდნენ და იმ შემთხვევაში, თუკი სიტუაცია დაიძაბებოდა, ცოლ-ქმარი თვითმფრინავიდან, სხვა მგზავრებთან ერთად, ჩამოვიდოდა.

... 1983 წლის 18 ნოემბერი. თინა ფეტვიაშვილისა და გეგა კობახიძის ქორწილის მეორე დღე. კახა და პაატა ივერიელები, გრიბოედოვის ძეგლთან, გია ტაბიძეს ხვდებიან და ტაქსით აეროპორტში მიდიან... გეგა კობახიძე, თინიკო ფეტვიაშვილი, დათო მიქაბერიძე, სოსო წერეთელი და თინიკოს ორი მეგობარი - ეკა მელივა და ეკა შალუტაშვილი თვითმფრინავში, სპეცკონტროლის გვერდის ავლით, ე.წ. ინტურისტების გასასვლელით ადიან. ამაში მათ აეროპორტის თანამშრომელი, ეკა შალუტაშვილი ეხმარება. სხვათა შორის, შალუტაშვილს თვითმფრინავში ერთი „ნაგანი“, ერთი „ტე-ტე“, ერთი „რევსტერი“ და ორი ბუტაფორიული ხელყუმბარა ისე შეაქვს, რომ წარმოდგენაც არ აქვს, რა დევს ხელჩანთაში...

... რამდენიმე წუთია, თვითმფრინავი ჰაერშია. პროტესტანტები ოპერაციის დაწყებას აპირებენ, მაგრამ მოულოდნელად, ხომალდი მარშრუტს ცვლის და გეზს თბილისისკენ იღებს. მოგვიანებით გაირკვევა, რომ ასეთი გადაწყვეტილება ეკიპაჟმა ცუდი მეტეოროლოგიური პირობების გამო მიიღო... პროტესტანტებში პანიკა იწყება... უკვე 16 საათი და 10 წუთია (მოსკოვის დროით). კახა ივერიელი ფეხზე წამოდგა... სოსო წერეთელი „სტიუარდესების“ ოთახისკენ მიდის... მას დათო მიქაბერიძეც მიჰყვება. სწორედ ამ დროს, გია ტაბიძე პაატა ივერიელთან მიდის და ეჩურჩულება, რომ გააუვნებელყოს ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი სოლომონია... პაატა სოლომონიას თავში ღვინო „აისის“ ბოთლს ურტყამს (რამდენიმე წუთში, პაატა დაზარალებულს ჭრილობას ბინტით შეუხვევს), მისი ძმა, კახა კი, ეკიპაჟის მეორე წევრ პილოტკას  ხელსა და მკლავში ჭრის... კახა ივერიელი ბორტგამცილებელ ხიმიჩს თმაში სწვდება და მფრინავებთან ტელეფონით დაკავშირებას აიძულებს, სოსო წერეთელი კი, ბორტგამცილებელ კრუტიკოვას მფრინავების კარზე პირობითი სიგნალის მიცემას სთხოვს... 16 საათზე, 13 წუთსა და 40 წამზე, კარს მფრინავი ზაველ შარბათიანი აღებს, რომელსაც გია ტაბიძე სამჯერ ესვრის და მხარში ჭრის...

თვითმფრინავის გატაცება ზუსტად 3 წუთის წინ დაიწყო. რამდენიმე წუთიც და, გია ტაბიძე მოკვდება... სალონში პანიკაა...

 

(გაგრძელება იქნება)

 

 

ვანო პავლიაშვილი