შარშანდელი უსამართლობა უნდა გამოსწორდეს და საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი - დომაგოი ჰაიდუკოვიჩი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ხორვატიის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ ძალიან ძლიერია. ხორვატია დგას საქართველოს გვერდით და თქვენს ევროპულ გზას აღიარებს, პატივს სცემს და მხარს უჭერს, - ამის შესახებ ხორვატიის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ დომაგოი ჰაიდუკოვიჩმა განაცხადა.

„ჩვენ მუდმივად ყველა ფორმატში და ყველა შეხვედრაზე ვამბობთ, რომ საქართველოს ადგილი ევროპულ ოჯახშია, საქართველო არ უნდა დაგვავიწყდეს და ის უსამართლობა უნდა გამოსწორდეს, რომელსაც ადგილი ჰქონდა გასულ წელს და ქვეყანას მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. მე ველოდები, რომ კომისიაც დადებით დასკვნას დადებს და საბჭოც შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს, რადგან ასე გასწორდება ის შეცდომა და უსამართლობა, რომელსაც ადგილი ჰქონდა. საქართველო იყო რუსეთის აგრესიის მსხვერპლი და ეს მუდამ უნდა გვახსოვდეს.

საქართველო ევროპის ნაწილია და ყველანაირად ლოგიკურია საქართველოს ევროპულ ოჯახში ყოფნა. ზოგიერთი ქვეყანა საუბრობს საქართველოს შიდაპოლიტიკურ საკითხებზე, მაგრამ უნდა გვახსოვდეს ასევე, რომ ყველა ქვეყნის წინაშეა გამოწვევები. მე საქართველოში ვიზიტისას ვნახე რამდენად ძლიერი ძალისხმევაა საქართველოს მხრიდან, ქვეყანა დაუახლოვდეს ევროკავშირს, შესრულდეს რეკომენდაციები და ამას სათანადო პასუხი სჭირდება. კანდიდატის სტატუსის მინიჭება არა დასასრული, არამედ დასაწყისია“, - განაცხადა ჰაიდუკოვიჩმა.