ვახტანგ ძაბირაძის პოლიტიკური რჩევები ოპოზიციას

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს, 2023 წლის ბოლოს, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ელის.  ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი თბილისში იმედისმომცემი გზავნილით ჩამოვიდა - „განა, თქვენ გვემუდარებით, ევროკავშირში მიგვიღეთო, ეს ჩვენ გვინდა, რომ შემოგვიერთდეთ. ევროკავშირის კარი ღიაა, მაგრამ ჯერაც ბევრი გაქვთ სამუშაო და ეს სამუშაოები 12 რეკომენდაციის შესრულებით უნდა დაიწყოთ“. სწორედ ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ევროკომისიის დასკვნის შემდეგ, წლის ბოლომდე, ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს. ამასობაში კი პოლიტიკური პარტიები საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას იწყებენ. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში, პირველად ჩატარდება სრულად პროპორციული წესით. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში 5%-იან ბარიერს გადალახავენ, აკრძალულია საარჩევნო ბლოკების შექმნა. რა შანსები აქვთ პარტიებს აღნიშნული წესების გათვალისწინებით და რა მოლოდინი გააჩინა ბორელის ვიზიტმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით? - „ვერსია“ ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა:

 

- ქართული საზოგადოების მოლოდინი, რომ მიუხედავად იმისა, 12 პუნქტი რა ხარისხით იქნება შესრულებული, დიდი ალბათობით, მოგვანიჭებენ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსს, მგონი, გამართლდა... თუნდაც გამომდინარე იქიდან, რომ ბორელმა ბრძანა, ევროკავშირი არ აპირებს, დატოვოს საქართველო და რომ ევროკავშირისთვის საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია. გამომდინარე იმ ვითარებიდან, თავის დროზე, პოლიტიკურად არ იყო სწორი ნაბიჯი, რომ არ მოგვცეს სტატუსი, მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და მგონი, უმაღლესმა მესვეურებმა გააცნობიერეს - სჯობდა, მაშინ მოეცათ სტატუსი და თუ ჩვენ ახლა სტატუსს ვერ მივიღებთ, ეს იქნება დარტყმა არა იმდენად ხელისუფლებაზე, არამედ, საზოგადოებაში ხელისუფლების მიერ აგორებულ, მაგრამ ისედაც არსებულ ჭორებზე, რომ ჩვენ, საერთოდ, არავის ვაინტერესებთ.

მნიშვნელოვანია, ისიც გავითვალისწინოთ, რომ პრეზიდენტის კერძო ვიზიტს მოჰყვა ორი, ჩვენთვის ყველაზე მტკივნეული ქვეყნის პირველ პირებთან - გერმანიისა და საფრანგეთის პრეზიდენტებთან შეხვედრა. თავის დროზე, სწორედ გერმანია და საფრანგეთი გამოვიდნენ იმის წინააღმდეგ, რომ საქართველოსთვის „მაპი“ მიენიჭებინათ. ალბათ, მაკრონის მიერ ევროპის შემოსაზღვრაც გვახსოვს, საქართველოს გარეშე და ა.შ. აი, ამ კონტექსტიდან გამომდინარე, ვფიქრობ, ევროკავშირის წევრ წვეყნებში მწიფდება აზრი, რომ სჯობს, საქართველოს მიეცეს სტატუსი და ალბათ, მოგვცემენ, თუმცა ვვარაუდობ, რომ იქნება გარკვეული დათქმები, რადგან ბორელმა ისიც აღნიშნა, რომ 12-დან 3 პუნქტია შესრულებული, დანარჩენი კი შესასრულებელია. ისიც დაამატა, რომ დრო საკმარისია, რაშიც ვეთანხმები. თუ ხელისუფლება გადაწყვეტს, რომ დანარჩენი პუნქტები შეასრულოს, ერთი კვირაც არ დასჭირდება, შეასრულოს ისე, როგორც პროფესორი მიიღებს და არა სტუდენტი ჩათვლის, რომ ძალიან მაგარია...

- დიახ, სწორედ ლექტორისა და სტუდენტის ურთიერთობა შეადარა ბორელმა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობას...

- დიახ, ეგ ვიგულისხმე...

- ბატონო ვახტანგ, ევროპაში სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი ახსენეთ... როგორ ფიქრობთ, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი ქვეყნის პრესტიჟს არ დააზარელებს საერთაშორისო დონეზე და რა პროცესები განვითარდება ქვეყანაში, თუ პრეზიდენტს გადააყენებენ?

- მიუხედავად იმისა, რომ ბორელთან ვიზიტისას, პრემიერმა თქვა, ეს არის სამართლებრივი საკითხიო, სწორედაც რომ გამოგონილი სამართლებრივი საკითხია და არა - პოლიტიკური, რადგან პრეზიდენტს კონსტიტუცია არ დაურღვევია. კონსტიტუციაში ვერსად ნახავთ ჩანაწერს, რომ პრეზიდენტს ეკრძალება, მთავრობის ნებართვის გარეშე განახორციელოს ვიზიტი რომელიმე ქვეყანაში, ან შეხვდეს რომელიმე ოფიციალურ პირს. იქ რაც წერია, სხვა რამეს გულისხმობს. კონსტიტუციაში წერია, რომ პრეზიდენტი, თუ არ ექნება მთავრობისგან მინიჭებული უფლებსამოსილება, ვერ განახორციელებს წარმომადგენლობით ფუნქციებს, რაც ნიშნავს, პრეზიდენტი ახლა რომ შეხვდა გერმანიის პრეზიდენტს, შარლ მიშელს, საფრანგეთის პრეზიდენტს, მათ ხომ ილაპარაკეს რაღაცებზე... თუ რამე შეთანხმებას მიაღწია, მთავრობა არაა ვალდებული, რომ ეს შეთანხმება შეასრულოს...

პრეზიდენტმა ისიც თქვა, რომ საკუთარი ხარჯებით გაემგზავრა ანუ საელჩოებიც კი არ ჩარეულან. ამაზე იმპიჩმენტის დაწყება აბსოლუტური აბსურდია და გულწრფელად გითხრათ, მაინტერესებს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო. ჩემგან დიდი ნდობა არასდროს ჰქონია, მაგრამ ახლა თუ საკონსტიტუციო სასამართლომ იმპიჩმენტის საკითხი დააკმაყოფილა, ეს იქნება კატასტროფა.

რაც შეეხება ქვეყნის იმიჯს, ბორელმა თქვა, რომ არ არის სწორი პრეზიდენტის იმპიჩმენტის დაწყება. ვფიქრობ, ეს კიდევ ერთი მცდელობაა „ქართული ოცნების“, ვიღაცებთან თავი გაიმართლონ, ვგულისხმობ, რუსეთს... რაც შეეხება იმას, იმოქმედებს თუ არა ეს საკითხი ევროკავშირის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე სტატუსის მონიჭების მხრივ, არ მგონია, ამან იმოქმედოს, რადგან ვფიქრობ, რომ დასავლეთში, ჩვენმა მოკავშირეებმა საკმაოდ კარგად იციან, რა ვითარებაა საქართველოში. შესაბამისად, ცალკეული ევროპარლამენტარების გამოსვლები, რაც უკავშირდება ყოფილ პრეზიდენტს, ანტიპროდუქტიულია საზოგადოებაში შექმნილი განწყობებიდან გამომდინარე. სხვათა შორის, იგივე შემიძლია ვთქვა უკრაინის ზოგი წარმომადგენლის გამოსვლაზე, ამ მიმართებით. ამიტომ, არ მგონია, იმპიჩმენტმა დიდი ზიანი მოგვიტანოს. რა თქმა უნდა, არასასურველია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ საქართველოს ხელისუფლებისადმი ნდობა სასურველზე დაბალია.

- ბატონო ვახტანგ, საპარლამენტო არჩევნებისთვის ოპოზიციური პარტიები კამპანიას იწყებენ... გირჩი-მეტი თავისუფლება და დროა გაერთიანდნენ, სტრატეგია აღმაშენებელი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც... არჩევნები ახალი წესებით ჩატარდება და ამ პირობებში, რა შანსი აქვთ პარტიებს?

- 2024 წელს, საპარლამენტო არჩევნები მთლიანად პროპორციული წესით ჩატარდება. პროპორციულ ნაწილზე ყოველთვის იყო ერთი ტური, მეორე ტური ტარდებოდა მხოლოდ მაჟორიტარულ ნაწილზე. ამიტომ, რადგანაც ახალი არჩევნები მთლიანად პროპორციული იქნება, 150 კანდიდატის ერთიანი სია აირჩევა პროპორციულად და იქნება მხოლოდ ერთი ტური. 5%-იანი ბარიერი საკმაოდ მაღალია, ვინმეს არ მოეჩვენოს, რომ ადვილი გადასალახია. არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, მხოლოდ ორ პარტიას აქვს გარანტირებული შანსი, რომ ბარიერს დაძლევს - ესაა „ქართული ოცნება“ და ნაციონალური მოძრაობა.

- გახარიას პარტიასა და ლელოზე რას იტყვით?

- მათ გარანტირებული არ აქვთ... ახლოს შეიძლება იყვნენ, მაგრამ სათუოა... თითქოს, უფრო ახლოს უნდა იყოს გახარია, მაგრამ აქაც საკმაოდ მაცდურია ელექტორატი, რადგან გახარია ახალი წასული იყო ოპოზიციაში, როცა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდა და მიიღო საკმაოდ დიდი რაოდენობა ხმების, მაგრამ მას შემდეგ, დიდი დრო გავიდა, ელექტორატი გადაჯგუფდა და ასე მარტივად აღარაა. გახარიას არ ჰყავს მყარი ელექტორატი, როგორიც „ოცნებასა“ და ნაციონალურ მოძრაობას, ჩემთვის როგორი სამწუხაროც უნდა იყოს, ჰყავს. ამიტომაც ვამბობ, რომ მათ გარანტირებული აქვთ 5%-იანი ბარიერის გადალახვა, დანარჩენებმა უნდა იფიქრონ პოლიტიკურ გამსხვილებაზე. სტრატეგია აღმაშენებლისა და ნაციონალური მოძრაობის ალიანსს რაც შეეხება, სტრატეგია აღმაშენებელმა გადაწყვიტა, რომ მას გარანტირებული ჰქონდეს ბარიერის გადალახვა, ამიტომ შექმნა ალიანსი და არჩევნებში, ალბათ, გავლენ ნაციონალური მოძრაობის სახელით, რადგან პოლიტიკური ბლოკები იკრძალება. თუმცა, სრულიადაც არ იკრძალება ის, რომ ერთი სია გაკეთდეს, სადაც სტრატეგია აღმაშენებლის კანდიდატები შევლენ, როგორც უპარტიოები. მოკლედ, არაფორმალური ბლოკი იქნება...

დანარჩენი პარტიები უნდა დაჯგუფდნენ, ძალიან კარგია, რომ ხოშტარიამ და ჯაფარიძემ საერთო ენა მოძებნეს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ოპოზიცია, რომელიც ირწმუნება, რომ მისთვის მნიშვნელოვანია საქართველოში ერთპარტიული მმართველობის დასრულება, ხაზგასმაა საჭირო, რადგან „ქართულ ოცნებას“ თუ დაამარცხებენ და მაინც ერთპარტიული გახდება პარლამენტი, ამით ბევრი არაფერი შეიცვლება. ერთპარტიულობა ვერ მოვსპეთ ამ ქვეყანაში, გამსახურდიას პერიოდიდან დაწყებული, დღემდე ერთპარტიული მმართველობაა, რაც ქმნის ყველა იმ ნეგატიურ ნიუანსს, რაც გვჭირს ამ ხნის განმავლობაში. ამას იმიტომაც ვამბობ, რომ წვრილმა პარტიებმა 5%-იანი ბარიერის დაძლევის გარანტიები უნდა შექმნან. პარტიებმა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ბარიერის გადალახვა სათუოა, ან უნდა მოძებნონ საერთო ენა, რათა ბარიერის გადალახვა გარანტირებული ჰქონდეთ, ან მართლა თუ გული შესტკივათ ქვეყანაზე, საერთოდ არ უნდა იყარონ კენჭი.

- თქვენი რეკომენდაცია ოპოზიციის მიმართ, ისევ პოლიტიკური გაერთიანებაა...

- სხვა შანსს ვერ ვხედავ, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ალბათ, ამ შემოდგომაზე გამოჩნდნენ ახალი მოთამაშეები პოლიტიკურ სპექტრში. არც ის მგონია, რომ ღარიბაშვილი იქნება „ქართული ოცნების“ ის ლიდერი, რომელიც 2024 წლის არჩევნენზე გაიყვანს „ქართული ოცნების“ სიას.

- ესე იგი, დიდ ცვლილებებს უნდა ველოდოთ...

- ყველანაირი ლოგიკით, ეს ასე უნდა მოხდეს.

 ავტორი: თათია გოჩაძე