„ბავშვი ვიყავი... მახსოვს, ჩემი ახლობლები როგორ გაიყვანეს დასახვრეტად“... - რატომ არ უნდა რუსეთი საუკუნეს მიტანებულ ლამარა აბჟანდაძეს

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ბოლო დროის აქტუალურ კითხვას -  რატომ უნდა ევროპა საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, საზოგადოებამ კიდევ ერთხელ, მარტის აქციებზე, ე.წ. რუსული კანონის განხილვისას გასცა პასუხი, როდესაც რუსთაველზე საპროსტესტოდ უამრავი ადამიანი შეიკრიბა. მართალია, ძირითადად, ახალგაზრდები გამოვიდნენ, მაგრამ მათ გვერდით ბლოგერი და პედაგოგი, სოციალურ ქსელში ყველასთვის საყვარელი ქალბატონი ლამარა აბჟანდაძეც იდგა, რომელიც კრიტიკული აზრის დაფიქსირებას არასდროს ერიდება. ქალბატონმა ლამარამ ისიც გამიმხილა, რომ 93-ე წელშია, თუმცა წლებს არ უშინდება და ფართომასშტაბიან აქციებს ყოველთვის უერთდება...

- ქალბატონო ლამარა, როცა ე.წ. რუსულ კანონს განიხილავდნენ პარლამენტში, რუსთაველზე უამრავი ადამიანი გამოვიდა გასაპროტესტებლად. თქვენც იყავით აქციაზე?

- დიახ, ვიყავი იმ აქციაზე. ასეთ ფართომასშტაბიან აქციებს არასდროს ვაკლდები, ყოველთვის მივდივარ, შემიძლია თუ - არა. ამ აქციაზე განსაკუთრებით მინდოდა წასვლა იმიტომ, რომ ამდენი ხალხი გამოდიოდა სამართლიანი მოთხოვნით - „არა, რუსულ კანონს!“

მახსოვს მე-20 საუკუნის 30-იან წლებში, ასეთი კანონით რამდენი ინტელექტუალური ადამიანი დაიხვრიტა. მაშინ ბავშვი ვიყავი, მაგრამ მახსოვს,  ჩემი ახლობლები როგორ გაიყვანეს დასახვრეტად თუ გადასასახლებლად. ამიტომ ვიყავი ახლა ამ კანონის წინააღმდეგი.

- თქვენი ხედვით, რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოს ევროინტეგრაციისკენ სვლა და ის, რომ საბოლოოდ გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი?

- რა თქმა უნდა, აბა, რუსეთის წევრი ხომ არ იქნება საქართველო?! ახლა ისეთი საზიზღარი მთავრობის ხელში ვართ, რომ მალე საქართველო დაიცლება ქართველებისგან, განსაკუთრებით, ინტელექტუალი ქართველებისგან. ჩვენს პატარა ქვეყანაში არ არსებობს ოჯახი, რომლის წევრი ან უახლოესი ადამიანი არ ტოვებდეს საქართველოს. იტალიაშია ჩემი ქალიშვილიც და ამბობს, ქალაქის ქუჩებში უფრო მეტ ქართველს შეხვდები, ვიდრე იტალიელსო. რატომ უნდა იყოს ასე?

90-იანებშიც იყო ხალხის გადინება, მაშინ პირველად წავიდნენ ადამიანები საზღვარგარეთ, მაგრამ ასეთი დიდი რაოდენობით გასვლა არ მახსოვს, რაც კატასტროფაა.

- პედაგოგი ხართ და როგორც ამბობთ ხოლმე, ბევრი ახალგაზრდა მეგობარი გყავთ... როგორც ჩანს, მათ კარგად იცნობთ... მარტის აქციების შემდეგ, ახალ თაობას საზოგადოების მცირე ნაწილი აკრიტიკებს, უფრო დიდი ნაწილი კი იმედით ვუყურებთ... თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორი ახალი თაობა ჰყავს საქართველოს?

- ახალი თაობა გვყავს უნიჭიერესი, მაგრამ ჩვენი ასაკის, უფროსი თაობისგან გაგება უნდათ. თუ კარგ, უნიჭიერეს ახალგაზრდას კარგი პედაგოგი არ ეყოლება, ვერ განავითარებს ნიჭს. ამიტომ, პირველ რიგში, განათლებას უნდა მიხედოს ჩვენმა მთავრობამ. პედაგოგები, რომლებიც ხელისუფლების მონები არიან, რომლებიც აყალბებენ არჩევნებს და გვერდში უდგანან ხელისუფლებას უსამართლო ქცევებში, უნდა მოაშორონ განათლებას. განათლების სისტემაში უნდა მოვიდეს ახალგაზრდა თაობა და იქნებ, იმათ მაინც გამოასწორონ მდგომარეობა.

- ქალბატონო ლამარა, რას გვეტყვით ჩემსა და ჩემს შემდეგ თაობებს, რომლებმაც არ ვიცით, რას ნიშნავს საბჭოთა კავშირში ცხოვრება, რა საფრთხეს წარმოადგენს რუსეთი და მასთან რაიმე კავშირში თანაარსებობა?

- ერთ მაგალითს გეტყვით... სკოლაში მუშაობა გავატარე საბჭოთა ეპოქაში, 1981 წელს, უკვე პენსიაში გავედი. გეტყვით, როგორი იყო საბჭოთა სისტემა - როცა გაკვეთილზე შევდიოდით, სკოლის დირექტორი გვაძლევდა რომელიღაც ყრილობის დადგენილებას. ეს უნდა შეგვეტანა კლასში და სანამ გაკვეთილს დავიწყებდით, უნდა გაგვეცნო ბავშვებისთვის. რა თქმა უნდა, ვართმევდი ამ დადგენილებას, შევდიოდი კლასში, ამოვდებდი ჟურნალის ქვეშ ამ დადგენილებას და ჩემ საქმეს ვაკეთებდი - მათემატიკას ვასწავლიდი ბავშვებს. ჩემ პროტესტს ასე გამოვხატავდი და ერთხელ, როცა დირექტორმა ყვირილი დაიწყო, გაზეთში მოვნახე სათაური (ზოგჯერ მაშინაც იბეჭდებოდა სიმართლე), სადაც ეწერა: „ყვირილი ხელმძღვანელის სისუსტეა“. როცა დირექტორი უსაშველოდ ყვიროდა, ეს გაზეთი დავუდე წინ. ხელებით დაეყრდნო მაგიდას, მაგიდაზე მუშტები დაარტყა და გაჩერდა. მას შემდეგ, ჩემთვის არ უყვირია, მაგრამ ყვირილი მაინც ვერ მოვაშლევინეთ (იცინის).

- გამოდის, საბჭოთა პერიოდშიც ასეთი მეამბოხე იყავით...

- ასე ვთქვათ, ჩემებურად მეამბოხე ვიყავი. არ ვემორჩილებოდი იმ წესებს და საბჭოთა პერიოდში მოსწავლეებთან მუშაობამ გამაძლებინა. ბავშვები ძალიან მიყვარდა და მათაც ძალიან ვუყვარდი. ტრაბახით არ ვამბობ, ჩემს „ფეისბუქს“ რომ გადახედოთ, მოსწავლეების წერილები ბევრი მომდის.

- რას ეტყვით ახალგაზდებს, რა შეუძლიათ გააკეთონ ქვეყნის სწორი მიმართულებით წასაყვანად?

- ახალგაზრდობას ბევრი რამ შეუძლია. მათ მივმართავ, რომ არ დაყარონ ფარ-ხმალი, ისეთივე შემართებით გამოვიდნენ, როგორც ამ ბოლო აქციებზე... ახალგაზრდობის დიდი იმედი მაქვს, მათ უნდა შეცვალონ მთავრობა!

ავტორი: თათია გოჩაძე