ე.წ. მთავარ ოპოზიციურ პარტიაში ტურბულენტობამ პიკს კი არ მიაღწია, არამედ, გადასცდა. „მიშისტების“ ნაწილი ლევან ხაბეიშვილის „გათავმჯდომარეობას“ ზეიმობს, ნაწილი ნიკა მელიას დამარცხებას გლოვობს, ნაწილი კი ყველაფერ ამას შორიდან უყურებს და თანაპარტიელებს „ბელადის“ გადარჩენისთვის ბრძოლოს გააქტიურებისკენ მოუწოდებს. „საექსპერტო წრეების“ აზრიც ორად არის გაყოფილი ანუ ზოგი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ „ხაბე“ ენმ-ს ძველ დიდებას დაუბრუნებს, ზოგნი კი თვლიან, რომ ხაბეიშვილის აგრესიულობა ენმ-ის, როგორც მტრის ხატისა და რევანშიზმის იმიჯს კიდევ უფრო გაამძაფრებს და ერთ დროს ძლევამოსილი პარტია საბოლოოდ „დაყვინავს“. ზოგადად, პოლიტიკაში პროგნოზები უმადურობაა, მით უმეტეს, აღნიშნულ პარტიასთან მიმართებაში, რადგან თავად „ნაცებმაც“ კი არ იციან, რა და როგორ იქნება. შესაბამისად, გრძელვადიანი შეფასებებისგან თავს ჩვენც შევიკავებთ და მხოლოდ იმის შესახებ გიამბობთ, თუ ვინ არის, საიდან მოვიდა და რა ქონების პატრონია ენმ-ის ახალი თავმჯდომარე.
მაშ, ასე, დავიწყოთ: ქართული „ვიკიპედიის“ თანახმად, ლევან ხაბეიშვილი 1987 წლის 7 მაისს დაიბადა.
„2012-2013 წლებში, მუშაობდა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციაში, მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე; 2013-2014 წლებში, იკავებდა თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას.
2017 წელს აირჩიეს თბილისის საკრებულოს დეპუტატად.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში იყო ოპოზიციური პარტიების ნაწილის საერთო კანდიდატი სამგორის მაჟორიტარულ ოლქში, სადად ხმების 39.14% (27 506) მიიღო და მეორე ადგილი დაიკავა, თუმცა მეორე ტურში მონაწილეობასა და პარლამენტში პარტიული სიით შესვლაზეც უარი განაცხადა (მთლიანად ოპოზიციასთან ერთად, გაყალბებული არჩევნების მოტივით).
ოფიციალურად, 2020 წლიდან, საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრია პარტიული სიით საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“, - წერია ქართულ „ვიკიპედიაში“.
სხვათა შორის, ჩვენებური „ვიკიპედია“ იმის შესახებ სიტყვასაც არ ასველებს, თუ რა განათლება აქვს ენმ-ის ახალ თავმჯდომარეს.
2022 წლის ნოემბერში, როგორც კი ცნობილი გახდა, რომ ლევან ხაბეიშვილი ენმ-ის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლებდა, კითხვები მის დიპლომზე გაჩნდა ანუ მედია დაინტერესდა, თუ რას წარმოადგენს სასწავლებელი „მცირე აკადემია“, რომელიც „ხაბეს“ აქვს დამთავრებული. ამ თემაზე, საინფორმაციო სააგენტო „თაიმერმა“, თავის დროზე, ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია:
„...ლევან ხაბეიშვილი რამდენიმე წელია, პოლიტიკურ არენაზეა და თავიდანვე საზოგადოების ყურადღება თავისი როყიო განცხადებებით მიიქცია ანუ ისეთი „ზომიერად აგრესიული“ ახალგაზრდა იყო, როგორებიც მიხეილ სააკაშვილს მოსწონს - ალბათ, გახსოვთ, „ვარდების რევოლუციის“ პერიოდში, სააკაშვილმა თქვა, ზომიერად აგრესიული ახალგაზრდები გვჭირდებაო. მაშინ ერთ-ერთი ასეთი „ზომიერად აგრესიული“ დავით კირკიტაძე გახლდათ, რომელიც დღეს, სხვათა შორის, „ხაბეს“ მხარდამჭერია.
ერთი სიტყვით, ხაბეიშვილმა საზოგადოების ყურადღება იმთავითვე სკანდალებით მიიქცია. ერთ-ერთი პირველი სკანდალი ის იყო, რომ „ნაცმოძრაობა“ დატოვა. ეს 2016 წელს მოხდა, როცა ყოფილ მმართველ პარტიას გიორგი ვაშაძე გაემიჯნა და პარტია ახალი საქართველო დააფუძნა ანუ ხაბეიშვილი ვაშაძეს გაჰყვა და ახალი პარტიის სახედ მოგვევლინა, თუმცა ლევანმა, ღამურასი არ იყოს, უკან, ენმ-ში დაბრუნება ზუსტად ერთ წელში მოინდომა - 2017 წელს, ვაშაძეს ზურგი აქცია და ნაციონალურ მოძრაობაში დაბრუნდა. ენმ და ვაშაძე, პრინციპში, მონათესავე სულები არიან - ორივე პროდასავლურია, მაგრამ ამის მიუხედავად, ხაბეიშვილის წინდაუკან სირბილი მაინც დამაფიქრებელია. რა გამოდის? - უპრინციპოა და საითაც ნიავი დაუბერავს, იქით ირყევა, ვითარცა ლერწამი? თუ ასეა, გამოდის, რომ ახლაც კეზერაშვილის ზურგის ქარი ამოძრავებს ხაბეიშვილს, არადა, თავის დროზე, კეზერას სულ მილიონების მომპარავს ეძახდა. ისე, რა უნდა გაგვიკვირდეს, პოლიტიკაში ხომ ყველაფერი მოსულა?! მოსულა ისიც, რომ ადამიანს, რომელსაც ხალხის მართვაზე აქვს პრეტენზია, დიპლომი არ ჰქონდეს, ან ჰქონდეს, მაგრამ რაღაც გაურკვეველი სასწავლებლის კურსდამთავრებული იყოს. ასეა, სწორედ ხაბეიშვილის შემთხვევაშიც ანუ პარლამენტის ოფიციალურ საიტზე, ხაბეიშვილის ბიოგრაფიის განათლების გრაფაში წერია, რომ დამთავრებული აქვს ახალგაზრდა მეცნიერთა ასოციაციის უნივერსიტეტი „მცირე აკადემია“, სპეციალობით - ბიზნესის მართვა.
რა არის „მცირე აკადემია“? - ამას ვერ გეტყვით, რადგან Google-ის საძიებო სისტემაში მცირე აკადემიის შესახებ ვერაფერს იპოვით. შესაბამისად, ჩნდება ეჭვი, რომ „ხაბემ“ განათლება რაღაც „ჭ“ კლასის უმაღლესში მიიღო?“
სხვათა შორის, მედიის მიერ დასმული ეს კითხვა დღემდე უპასუხოდაა დარჩენილი.
როგორც აღვნიშნეთ, ხაბეიშვილი პოლიტიკაში გამოჩენისთანავე სკანდალებში გაეხვა და რამდენჯერმე მისი განცხადებები მუშტი-კრივის საბაბიც გახდა. ერთ-ერთი ასეთი „თავპირისმტვრევა“ თბილისის საკრებულოში ვიხილეთ. მაშინ „ხაბე“ საკრებულოს წევრი იყო. ეს ამბავი 2020 წლის 24 იანვარს მოხდა და იმდრონდელი მედია წერდა:
„...ხმაური იყო თბილისის საკრებულოში. სპორტის, განათლებისა და სარევიზიო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვიერი კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. დაშავდა ნაციონალური მოძრაობის წევრი, ლევან ხაბეიშვილი - საკრებულოს წევრს კოლეგამ თავში ხელი წამოარტყა.
„მათი სტილია ლაჩრობა, ზურგიდან მოპარვა, ერთ ადამიანს რამდენიმე ქოცი დამესია. მე მინდა ვუთხრა მათაც და საზოგადოებასაც, ვინმეს თუ ჰგონია, რომ ჩემი თვალი და შუბლი არის პრობლემა, ძალიან ცდება. მე ჩემი ცხოვრება, ოჯახი, შვილები გადადებული მაქვს ბიძინა ივანიშვილთან, კახა კალაძესთან და ქურდულ სამყაროსთან ბრძოლაში. ვინმეს თუ ჰგონია, რომ მომერია, ცდება. ერთი-ერთზე ვერ მერევიან, ათი კაცი - კი“, - უთხრა ჟურნალისტებს სხდომიდან გამოსულმა ლევან ხაბეიშვილმა.
მას დაზიანებების თვალის მიდამოში აქვს“.
ლევან ხაბეიშვილს 2017 წელსაც სცემეს, თბილისის მერიასთან გამართულ აქციაზე. მედია სწორედ მაშინ დაინტერესდა, თუ ვინ იყო ახალგაზრდა, რომელიც ხმაურიან განცხადებებს უფასო სასადილოებზე, საკრებულოს მიერ თანხების არამიზნობრივად ხარჯვასა და სხვა გახმაურებულ საქმეებზე აკეთებდა ანუ კორუფციას ამხელდა.
„ლევან ხაბეიშვილი, რომელიც პროფესიით ეკონომისტია, 1987 წლის 7 მაისს, თბილისში დაიბადა. მისი თქმით, უმაღლესი განათლება ახალგაზრდა მეცნიერთა ასოციაციასთან არსებულ უნივერსიტეტ „მცირე აკადემიაში“ მიიღო. რაც შეეხება სამუშაო გამოცდილებას, 2006 წლიდან, სოციალური კვლევის ინსტიტუტ „ბი-სი-ჯი“-ში მუშაობდა.
„2008-2010 წელს, უკვე დედაქალაქის მერიაში, კერძოდ, ისან-სამგორში, ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელად ვმუშაობდი, 2010-2012 წლებში კი - ისან-სამგორის რაიონში, სპორტის კომიტეტის ხელმძღვანელად“, - ამბობს ხაბეიშვილი.
პოლიტიკოსმა მოგვიანებით მუშაობა ისევ საჯარო სექტორში გააგრძელა.
„2012 წლიდან 2013 წლის მაისამდე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფინანსურ სამსახურში წამყვან სპეციალისტად ვმუშაობდი, 2013 წლის მაისიდან 2014 წლის აგვისტომდე კი, სანამ მერიიდან უკანონოდ გამათავისუფლებდნენ, რაც სასამართლოს სამმა ინსტანციამაც დაადგინა, დედაქალაქის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურში, უფროსის მოადგილის პოზიციას ვიკავებდი“, - აღნიშნავს ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.
ამავდროულად, ლევან ხაბეიშვილი 2012 წელს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიაში, მისივე თქმით, 153-ე ადგილს იკავებდა, თუმცა მისი პოლიტიკური აქტივობა მხოლოდ ამით არ დასრულებულა: „2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარული დეპუტატობის კანდიდატი ვიყავი“.
ამის შემდეგ, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ბლოკში „პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის“ იღებს. ამავდროულად, გიორგი ვაშაძის მიერ დაფუძნებული პარტია ახალი საქართველოს წევრი და ერთ-ერთი ლიდერია. ლევან ხაბეიშვილის თქმით, მისი ახალ საქართველოში გადასვლა ნაციონალური მოძრაობის მაშინდელ ლიდერებთან დაპირისპირების გამო მოხდა.
„ამ ბლოკით იმიტომ ვიღებდი მონაწილეობას, რომ ნაციონალურ მოძრაობაში დაპირისპირება იყო ბოკერიასთან, მაჭავარიანთან და სხვებთან, რასთან შეგუებასაც მე არ ვაპირებდი, სწორედ ამიტომ გავყევი ვაშაძეს თავის დროზე. ამასობაში, 2014 წელს, მეგობრებთან ერთად დავაფუძნე მონიტორინგის ცენტრი „მედიატორი“, - აღნიშავდა ლევან ხაბეიშვილი 2017 წელს, Allnews.ge-სთან საუბრისას.
ერთი სიტყვით, ასეთია ლევან ხაბეიშვილის წარსულის მოკლე მიმოხილვა. ახლა კი იმის შესახებ, თუ რა ქონებას ფლობს ენმ-ს ახალი თავმჯდომარე და ბარემ, ექსთავმჯდომარის ანუ ნიკა მელიას ქონებრივი დეკლარაციაც გავიხენოთ.
რა ქონებას ფლობს ლევან ხაბეიშვილი
ლევან ხაბეიშვილს, როგორც პარლამენტის წევრს, ქონებრივი დეკლარაცია 2022 წლის თებერვალში შეუვსია. დეკლარაციიდან ირკვევა, რომ მის სახელზე უძრავი ქონება არ ფიქსირდება, მაგრამ
_______________
_______________
ხაბეიშვილის საკუთრებაშია მსუბუქი ავტომობილი Toyota Highlander-ი, რომელიც 2020 წელს, 7 000 აშშ დოლარად შეუძენია. დეკლარაციის შევსების მომენტში, ლევან ხაბეიშვილის სახელფასო ანგარიშზე - 9 334 ლარი, ხოლო საკრედიტოზე - ჯამში, 2 179 ლარი ჰქონდა.
________________
________________
გარდა ამისა, პარლამენტის წევრის პოზიციაზე, გასულ წელს, ხაბეიშვილის შემოსავალმა 42 412 ლარი, ხოლო თბილისის საკრებულოს წევრის პოზიციაზე, 2021 წლის პირველ ხუთ თვეში - 12 864 ლარი შეადგინა. დეკლარაციიდან ისიც ირკვევა, რომ ხაბეიშვილს 23 500 ლარის მოცულობის სამომხმარებლო სესხი ჰქონია.
აქვე, იმასაც შეგახსენებთ, რომ ლევან ხაბეიშვილი ერთ-ერთია იმ დეპუტატებს შორის, რომლის ქონებრივი დეკლარაციაც, 2022 წელს, საჯარო სამსახურის ეროვნული ბიუროს მიერ უარყოფითად შეფასდა და ამის გამო, დაჯარიმდა კიდეც. საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშით, დაჯარიმების მიზეზი გახდა ბიუროს მიერ მოთხოვნილი საბანკო დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარდგენა. ამასთან, მათივე შეფასებით, ხაბეიშვილის დეკლარაციაში არ იყო მითითებული ინფორმაცია თანამდებობის პირის სამეწარმეო საქმიანობის შესახებ.
რა ქონებას ფლობენ ნაყოფია და მელია
მას შემდეგ, რაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალი თავმჯდომარე აირჩიეს, პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარისა და პოლიტსაბჭოს წევრობის პოსტი დატოვა მილიონერმა კობა ნაყოფიამ. პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ნაყოფია მხოლოდ პარტიის წევრობით შემოიფარგლება.
ორი სახლი - მოსკოვში, რვა სახლი - თბილისში, ვილა - კანარის კუნძულებზე და აგარაკი გონიოში - ეს ერთ-ერთი, ყველაზე მდიდარი ქართველი პოლიტიკოსის, კობა ნაყოფიას ქონებრივი მდგომარეობაა. სხვათა შორის, სახლები და აგარაკები საქართველოში, რუსეთსა და ესპანეთში, ნაყოფიას ოფიციალურად აქვს დეკლარირებული.
___________________
___________________
კერძოდ, ნაყოფიას საკუთრებაშია 55 კვ.მ. ფართობის ბინა მოსკოვში (კაშერსკოე შოსე #55), 167 კვ.მ. ფართობის სახლი რუსეთში (მალაია ორდენკის ქუჩა), რომელიც კობა ნაყოფიას მეუღლის სახელზეა რეგისტრირებული და 300 კვ.მ. ფართობის ვილა ესპანეთში, კანარის კუნძულებზე, რომელსაც თავად კობა ნაყოფია და მისი მეუღლე ფლობენ.
ცოლ-ქმრის საკუთრებაშია თბილისის პრესტიჟულ უბანში, ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე რამდენიმე სახლიც: 198 კვ.მ., 223 კვ.მ., 232 კვ.მ., 173 კვ.მ., 204 კვ.მ. ამავე კორპუსში ნაყოფიების ოჯახის განკარგულებაშია ოთხი ავტოსადგომიც. გარდა ამისა, კობა ნაყოფიას საკუთრებაშია დიღმის სასწავლო მეურნეობაში 11 300 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი და 10 670 კვ.მ. ფართობის საცხოვრებელი სახლი.
__________________
__________________
კობა ნაყოფიას მეუღლე ფლობს კიდევ ორ ბინას თბილისში, კერძოდ, ამბროლაურის ქუჩაზე. ბოლო დეკლარაციაში კობა ნაყოფიას მითითებული აქვს 836 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი გონიოში და 400 კვ.მ. სახლი, რომელიც საერთო ჯამში, 2016 წელს, 200 000 აშშ დოლარი დაუჯდა.
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, კობა ნაყოფიას ოჯახი ფლობს უახლესი მოდელის შვიდ ძვირადღირებულ ავტომობილს და ლადო გუდიაშვილის ორ ფერწერულ ტილოს.
ახლა, ვნახოთ, რა ქონების მფლობელია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახლა უკვე ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია. ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ნიკა მელია თბილისში ორ ბინასა და ავტოფარეხის 15%-იან წილს ფლობს.
დეკლარაციის შევსების მომენტში, ნიკა მელიას ლიბერთი ბანკის სახელფასო ანგარიშზე - 20 117 ლარი, ნაღდი ფულადი თანხის სახით კი - 8 000 დოლარი ჰქონდა. გარდა ამისა, 2021 წელს, მისი, როგორც პარლამენტის წევრის შემოსავალი 39 391 ლარი ყოფილა.
ავტორები: ნინო დოლიძე
მაკა რუხაძე
ცემა, სკანდალები და ხმაურიანი განცხადებები - ვინ იყო და რას აკეთებდა ენმ-ის თავმჯდომარეობამდე ლევან ხაბეიშვილი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი