“შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის გაუმჯობესება ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია”-პრემიერი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის გაუმჯობესება ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, - ამის შესახებ ნათქვამია პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოში კონსტიტუციურ დონეზე განისაზღვრა, რომ სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შშმ პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წელს დაამტკიცა ადამიანის უფლებათა დაცვის რიგით მეორე ეროვნული სტრატეგია, სადაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის თანაბარი შესაძლებლობებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრული ჩართულობის უზრუნველყოფას.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის გაუმჯობესება ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, მიმდინარე წელს საქართველოს მთავრობამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი კომიტეტი შექმნა, რომლის შექმნის ვალდებულებაც საერთაშორისო და ადგილობრივი სამართლებრივი ჩარჩოდან გამომდინარეობდა.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლიდან, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი დაახლოებით 770 მილიონი ლარით იზრდება, რაც უზრუნველყოფს როგორც საყოველთაო ჯანდაცვის, ისე სხვა, მიზნობრივი პროგრამების დაფინანსების გაზრდას.

ღირსეულ და თანასწორ გარემოში ცხოვრების მისაღწევად სახელმწიფო გააგრძელებს ერთიანი და კოორდინირებული საქმიანობის განხორციელებას“, - ნათქვამია განცხადებაში.