რა სთხოვა სარკოზიმ ყატარის პრინცს მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების სანაცვლოდ! - ზეპ ბლატერი მიშელ პლატინსა და ნიკოლა სარკოზის ფარულ გარიგებაში ამხელს

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

2010 წელს გადაწყდა, რომ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატი რუსეთში გაიმართებოდა, 2022 წლის პირველობა კი ყატარში. არადა, თავიდან ასეთი მოსაზრება იყო, რუსეთის შემდეგ მუნდიალისთვის აშშ-ს უნდა ემასპინძლა - ეს მსოფლიოს ორი მძლავრი სახელმწიფოსთვის ერთგვარი მშვიდობის ჟესტი იქნებოდა, მაგრამ ფიფას კონგრესამდე ერთი კვირით ადრე რაღაც შეიცვალა.

ყატარში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება, როგორც ჩანს, დიდ პოლიტიკას უკავშირდება. ყატარის პრინცსა და ნიკოლა სარკოზის ფარული გარიგების დეტალები კი  ფიფას ყოფილმა პრტეზიდენტმა ზეპ ბლატერმა გაახმაურა. 

„კონგრესამდე 10 დღე რჩებოდა, როცა უეფას პრეზიდენტმა, მიშელ პლატინიმ დამირეკა და მითხრა, რომ 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობა ყატარისთვის უნდა მიგვეცა. გამიკვირდა, რადგან ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, პლატინიმ კი მითხრა, რომ მან ქვეყნის პრეზიდენტთან, ნიკოლა სარკოზისთან და ყატარის პრინცთან ერთად ისადილა და სარკოზიმ პირადად სთხოვა პლატინის, რომ ეს თემა მოეგვარებინა. დავიბენი და პლატინი მეკითხება, რას გააკეთებდი, შენთვის დავალება შენი ქვეყნის პრეზიდენტს რომ მოეცა? მე ვუპასუხე, რომ ამაზე არ მიფიქრია, რადგან შვეიცარიაში პრეზიდენტი არ გვყავს“,- ეს განცხადება ფიფას ყოფილმა პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის დაწყებამდე ორი კვირით ადრე გააკეთა.

საბოლოო ჯამში, პლატინიმ მოახერხა და კიდევ ოთხი ადამიანის გადაბირება შეძლო, რამაც მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება სწორედ ყატარმა მიიღო.

==========================================

მომხდარიდან 6 თვის შემდეგ, ყატარმა საფრანგეთისგან 15 მილიარდ დოლარად საბრძოლო თვითმფრინავები შეიძინა. მალევე, ყატარელ ბიზნესმენზე გაიყიდა ფრანგული „პარი სენ ჟერმენი“, რომელიც იმ დროისთვის სულს ღაფავდა და გუნდი უბრალოდ გაკოტრებული იყო. „პსჟ“ დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი და უძლიერესი კლუბია. გუნდში ლიონელ მესი, კილიან მბაპე და ნეიმარი თამაშობენ, რითაც ყველაფერია ნათქვამი. როგორც მერე გაირკვა, სარკოზიმ ყატარის პრინცს მუნდიალის მასპინძლობის მიღების სანაცვლოდ, სწორედ ამ ორი რამის გაკეთება სთხოვა.

===================================================

ყატარში მსოფლიო ჩეპიონატის მასპინძლობამ სპორტულ თუ პოლიტიკურ წრეებში დიდი სკანდალი გამოიწვია. იმის გამო, რომ ზაფხულში, როცა ტრადიციულად მსოფლიო ჩემპიონატი იმართება, ყატარში გაუსაძლისი სიცხეებია ჩემპიონატი ნომებერში გადმოიტანეს,  სტადიონების მშენებლობაზე დაიღუპა უამრავი მუშა. აკრძალულია ალკოჰოლური სასმელის მიღება, რაც გულშემატკივრებს დამატებით პრობლემებს უქმნის. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყატარის ხელისუფლებამ იმის შიშით, რომ სტადიონებზე ხალხის ნაკლებობა იქნებოდა, დღეში 10 დოლარად დაიქირავა პაკისტანელი ღარიბები. მათ 3-ჯერადი კვებით უზრუნველყოფენ და იმ ქვეყნის ტანსაცმელს ურიგებენ, ვის თამაშსაც უნდა დაესწრონ. აღარაფერს ვამბობთ ადამიანის უფლებების დარღვევებზე, რასაც საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები აპროტესტებენ. დღეს ბლატერი აცხადებს:

„ვაღიარებ, ყატარის არჩევა შეცდომა იყო და ამის გამო ხშირად მაკრიტიკებენ. მაკრიტიკებს ფიფას ამჟამინდელი პრეზიდენტიც, მაგრამ მას ერთი კითხვით გავაჩუმებ - რატომ გადავიდა ის საცხოვრებლად ყატარში, ვითომ პროცესის მიმდინარეობას აკონტროლებს? სისულელეა - კონტროლი ვიზიტებითაც შეიძლება და არა მუდმივად იქ ცხოვრებით“.

ასეა თუ ისე, ყატარში მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო. პირველი თამაში, ყატარი-ეკვადორი, ეკვადორელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა და, როგორც ამბობენ, გაბრაზებულმა ყატარელებმა სტადიონი პროტესტის ნიშნად დატოვეს.

 შეგახსენებთ, რომ ბლატერსა და პლატინის კორუფციული გარიგებების გამო, ფეხბურთში მოღვაწეობა სამუდამოდ აუკრძალეს და ამ საქმეების ძიება ახლაც მიმდინარეობს. ბლატერს პროცესი ნაკლებად აინტერესებს, 86 წლისაა და როგორც ამბობენ, მისი ქონება 2010 წლის არჩევნების შემდეგ (სადაც ყატარი გამარჯვებულად გამოცხადდა) 200 მილიონი დოლარით გაიზარდა და სწორედ ეს თანხა ვერ დაასაბუთა მან, თუმცა ფული არავის წაურთმევია და ბლატერი სიბერეს უზრუნველად ატარებს.