კარგია თუ ცუდი კოალიციური მთავრობა და ვის რა შანსი აქვს არჩევნებზე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რა პრეტენზიები აქვთ ანალიტიკოსებს ხელისუფლებასა და ოპოზიციასთან

დაბნეულობასა და იმედგაცრუებას ის იწვევს, რომ ოპოზიციაში არავის უცდია, საზოგადოებისთვის აეხსნა, რომ სრულიად სხვა საკონსტიტუციო რეალობაში გადავედით.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ორი თვეა დარჩენილი და დღევანდელი მოცემულობით, ასეთი სურათია _ „ქართული ოცნება“ არჩევნებისთვის სრულ მზადყოფნას აცხადებს, ოპოზიცია კი, ჯერჯერობით, მარტივ მამრავლებადაა დაშლილი და ბოლო რამდენიმე კვირაა, საზოგადოება თვალს ოპოზიციური პარტიების კინკლაობას ადევნებს. თუ არ ჩავთვლით ოპოზიციის მიერ დედაქალაქში მაჟორიტარების საერთო კანდიდატებზე შეთანხმებას, ოპოზიციაში გავლენებისთვის ბრძოლა და სტრატეგიულ საკითხებზე ვერშეთანხმება აშკარად ჩანს. ამ ფონზე, ჩნდება კითხვა _ გაამართლებს თუ არა 2020 წლის არჩევნების შემდეგ საქართველოში კოალიციური მთავრობა? ამ თემაზე მსჯელობისას, ალბათ, გასათვალისწინებელია ისტორიული გამოცდილებაც. აი, მაგალითად ის, რომ „ვარდების რევოლუციისა“ და 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, მთავრობა კოალიციურად დაკომპლექტდა, თუმცა ორივე შემთხვევაში, კოალიცია დაიშალა და ქვეყანა ერთპარტიული მმართველობის რელსებზე გადავიდა. აქედან გამომდინარე, ამომრჩეველს რატომ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ კოალიციური მთავრობა მაინცდამაინც 2020 წლის არჩევნების შემდეგ გაამართლებს, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა ოპოზიციურ სპექტრს ამჯერად ერთი, გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყავს, რაც ელექტორატის გარკვეულ ნაწილს უჩენს საფრთხის შეგრძნებას, რომ შესაძლოა, არჩევნების შემდეგ, კოალიციურმა მმართველობამ ქვეყანაში ქაოსი გამოწვიოს. 

მოკლედ, კარგია თუ ცუდი კოალიციური მთავრობა? _ „ვერსია“ პოლიტიკურ ექსპერტებს ესაუბრა.

 

ექსპერტი და ანალიტიკოსი ხათუნა ლაგაზიძე მიიჩნევს, რომ 2012 წელს, კოალიციურმა მთავრობამ გაამართლა: 

„მაშინ არჩევნებამდე შეიქმნა კოალიცია და შესაბამისად, კოალიციური მთავრობის ფორმირება იოლი იყო. ახლა კი, როცა ამდენი განსხვავებული პარტიაა, ეს გაცილებით რთული იქნება. 

სხვათა შორის, 2012 წლის მთავრობა გაცილებით ეფექტური იყო და მაღალი ნდობით სარგებლობდა, ვიდრე ნებისმიერი შემდეგი მთავრობა. საერთოდ, პასუხისმგებლობის გადანაწილების თვალსაზრისით, კოალიციური მთავრობა გაცილებით ეფექტურია, რადგან 2012 წლის მაგალითზე რომ ვიმსჯელოთ, კოალიციაში შემავალი პარტიები პასუხისმგებლობას კოალიციურად ინაწილებდნენ, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორებთანაც“. 

რაც შეეხება დღევანდელ მოცემულობას, ლაგაზიძე ამბობს, რომ აბსტრაქტულად ვერ ვიმსჯელებთ, თუ როგორი იქნება ამჯერად კოალიციური მთავრობა: 

„შეიძლება, ვიმსჯელოთ კოალიციაზე „ქართული ოცნების“ გარშემო და სხვადასხვა ვერსია დალაგდეს, რამდენად მყარი იქნება და ისარგებლებს თუ არა საზოგადოებისგან მხარდაჭერით. მეორე ვერსიაა, რომ ოპოზიცია მოვიდეს ხელისუფლებაში და მან შეკრას კოალიცია, თუმცა აქაც სამსჯელო ბევრი რამ იქნება, რადგან კოალიციის შექმნას კონსტიტუცია განსაზღვრავს და შესაბამისად, ბევრი მოთხოვნაა, მაგალითად, მინიმუმ 40%-იანი ე.წ. ჩამკეტი; ასევე, პარტიას უნდა ჰქონდეს ხმების საკმარისი რაოდენობა, რათა კოალიციის შექმნა დაიწყოს, თორემ ცხადია, რომ 3%-იანი პარტია კოალიციის შექმნის ინიციატივით ვერ გამოვა. ამიტომ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ვინ იქნება წამყვანი, გამწევი ძალა და ვინ ეყოლება პარტნიორები“,-აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე. 

ექსპერტის აზრითვე, ცალსახად კარგია, რომ დღეს ოპოზიციას არ ჰყავს ერთი გამოკვეთილი ლიდერი, რადგან ქვეყანა განვითარების სულ სხვა ეტაპზე გადადის და ეს არსებულ საკონსტიტუციო რეალობას სრულიად შეესაბამება: 

„დაბნეულობასა და იმედგაცრუებას ის იწვევს, რომ ოპოზიციაში არავის უცდია, საზოგადოებისთვის აეხსნა, რომ სრულიად სხვა საკონსტიტუციო რეალობაში გადავედით. საპრეზიდენტო მმართველობა, თავისთავად, ერთ გამოკვეთილ ლიდერზე მორგებულ პარტიასა და ქვეყანას ითვალისწინებდა. საპარლამენტო მმართველობა კი სწორედ იმ ტიპის მმართველობაა, როცა ქვეყანაში რამდენიმე თანაბარი წონის პოლიტიკური ძალა არსებობს და ხელისუფლებას ისინი ინაწილებენ ანუ ქვეყანას ერთი კი არა, არამედ, რამდენიმე თანაბარი ძალის პოლიტიკური ლიდერი ჰყავს, ისინი ერთმანეთს ავსებენ და ხელისუფლებაში ენაცვლებიან _ დღეს რომ ოპოზიციაში იყვნენ, ხვალ შეიძლება, ერთად შეკრან კოალიცია. ამრიგად, პრობლემა ის კი არაა, რომ ოპოზიციას ერთი გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყავს, არამედ ის, რომ ასეთი თანაბარი წონისა და ძლიერი პოლიტიკური ძალების დეფიციტია. 

ისე, მსოფლიოსა და საქართველოსაც საერთო სენი სჭირთ _ დაბერდა პოლიტიკური ელიტა და ეს ძალიან სერიოზული გამოწვევაა. აშშ-ს შევხედოთ, რა ასაკის საარჩევნო კანდიდატები ჰყავს საპრეზიდენტოდ და არ გაგვიკვირდეს, რაც საქართველოში ხდება, თუმცა ჩვენ, ჩვენი პრობლემები გვაქვს. მოკლედ, პოლიტიკური ძალები საზოგადოებას სიახლეს ვერ სთავაზობენ და ეს იმედგაცრუებასა და საზოგადოების პასიურობას იწვევს. ამიტომაცაა, რომ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი საზოგადოება გაცილებით მეტია, ვიდრე იმ ამომრჩევლისა, ვინც ხმას ოპოზიციურ პარტიებს აძლევს, რაც სერიოზული პრობლემაა და ამაზე დაფიქრება ოპოზიციურ პარტიებსაც მართებთ“. 

ამასთან, ხათუნა ლაგაზიძე ოპოზიციასაც აკრიტიკებს: 

„ოპოზიციური პარტიების უმეტესობა საკუთარი თავის კი არა, არამედ, ხელისუფლების მიერ დაშვებული, თუ დასაშვები შეცდომების იმედადაა. ოპოზიციის მხრიდან ასეთი, უცნაურად პასიური საარჩევნო კამპანია არ მინახავს და მექმნება შთაბეჭდილება, ოპოზიცია ელოდება, რომ ხელისუფლება დარჩენილ ორ თვეში შეცდომებს დაუშვებს და ეს წყალს მის წისქვილზე დაასხამს, თუმცა ასეთი სცენარი ოპოზიციას კარგს არაფერს მოუტანს, რადგან ხელისუფლება ეცდება, მაქსიმალურად ფრთხილად იყოს. 

როგორც ჩანს, ოპოზიციას საკმაოდ დაბალი წარმოდგენა აქვს ამომრჩევლის მოთხოვნებზეც. ოპოზიციური პარტიები უნდა დებდნენ ხედვას _ როგორი საქართველო უნდა ააშენონ, როგორი იქნება ამ ქვეყნის ფუნქცია ამ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში და იმ მოცემულობაში, როცა სამყარო სრულიად ახალ რეალობაში შევიდა ტექნოლოგიური, თუ ეკონომიკური თვალსაზრისით. ჩემთვის, როგორც ბიზნესმენისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია დაპირება გადასახადების ან საბანკო სესხის პროცენტის შემცირებაზე, მაგრამ სად იქნება ასეთი ქვეყნის ადგილი და როგორი ეკონომიკის შენებას უნდა შეუწყოს ხელი შემცირებულმა გადასახადებმა, ეს ჯერ თავად არ დაუნახავთ და არც ხალხისთვის დაუნახებიათ. ყველაფერი ეს კი იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკური ლიდერების აზრით, ამის იქით, საქართველოს ამომრჩეველი ვერ „ქაჩავს“, რაც ძალიან სამწუხაროა, რადგან ამომრჩეველი იმაზე გაცილებით ჭკვიანი და გამჭრიახია, ვიდრე პოლიტიკოსებს ჰგონიათ. ამომრჩეველი ხვდება, რომ მარტივ დაპირებებზე „დახურდავებული“ ლიდერები არ გამოადგება. ოპოზიციის ლიდერები პარტნიორად საზოგადოებას ვერ და არ ხედავენ და თუ მაიგნორებ, როგორც სახელმწიფოს მშენებელს, ეს გულს ძალიან მტკენს და თუ არ მაჩვენებ, როგორი საქართველოს აშენებაში მთავაზობ თანამომაწილეობას, ამაზეც საპასუხო რეაქცია მაქვს და მინიმუმ, სახლში ვრჩები _ არჩევნებზე მხარს არ გიჭერ. ასეთი იქნება ამომრჩევლის პოზიცია ოპოზიციის მიმართ, თუ არჩევნებამდე დარჩენილ ორ თვეში, რადიკალურად არ შეცვალა თავისი მიდგომები, რისი ნიშნებიც, სამწუხაროდ, არ ჩანს“. 

ლაგაზიძის მსგავსად, ანალიტიკოსი გია ხუხაშვილიც მიიჩნევს, რომ ისტორიის არსებულ ეტაპზე, საქართველოსთვის მულტიპარტიული, კოალიციური მთავრობა სასარგებლო იქნება: 

„მულტიპარტიული დემოკრატია, მართვის თვალსაზრისით, პრობლემურია, რადგან გადაწყვეტილების მიღების პროცესი ეფექტურობას კარგავს. საერთოდ, უმჯობესია, რომ ყველაფერი ერთი ცენტრიდან იმართებოდეს, რათა სწრაფი გადაწყვეტილებები იქნას მიღებული, მაგრამ მეორე მხრივ, საქართველოში ისტორიული მანკიერება არსებობს _ ვინც ხელისუფლებაში ერთპიროვნულად მოდის, ამას ყველა ბოროტად იყენებს და ძალაუფლების უზურპაციას ახდენს. შესაბამისად, ქვეყნისთვის ეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. ისტორიის ამ ეტაპზე, სასარგებლო იქნება, რომ ქვეყანა ძალაუფლების უზურპაციისგან დავაზღვიოთ. კი ბატონო, ეს შექმნის გარკვეულ სირთულეებს, მაგრამ სჯობს, ამ სირთულეების ეტაპი გავიაროთ და პარტიები იძულებული გავხადოთ, ერთმანეთთან საუბარი, კონსენსუსური გადაწყვეტილებების მიღება ისწავლონ. ამის შემდეგ შეიძლება, კიდევ ერთხელ შევცვალოთ ყველაფერი ანუ ერთი-ორი ციკლი მულტიპარტიული დემოკრატიით გავიაროთ, ძალაუფლების უზურპაციის საფრთხე გადავლახოთ და შემდეგ შეგვიძლია, მაგალითად, საპრეზიდენტო სისტემას დავუბრუნდეთ“ 

ხუხაშვილი ისტორიულ გამოცდილებაზეც საუბრობს და დღევანდელ სიტუაციას, „ვარდების რევოლუციასა“ და 2012 წლის ხელისუფლების ცვლილებას შორის, პარალელს ავლებს: 

„მაშინ კოალიციები წინასაარჩევნოდ იქმნებოდა. წინასაარჩევნო კოალიცია კი რადიკალურად განსხვავდება პოსტსაარჩევნო კოალიციისგან, რადგან წინასაარჩევნო კოალიციაში ყოველთვისაა გარკვეული დომინანტური ძალა, რომელსაც შეუძლია, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მოახდინოს ძალაუფლების უზურპაცია, რაც უკვე ვნახეთ. პოსტსაარჩევნო კოალიციაში კი ყველა, ვინც მასში არჩევნების შემდეგ შედის, თავის ძალაუფლებაზე თავიდანვე აცხადებს პრეტენზიას. ყველაფერი დაკონტრაქტებულია და ძალაუფლების უზურპაციის რისკიც მნიშვნელოვნად დაბალია. 

ახლა პარტიები ერთმანეთს არ ელაპარაკებიან _ მონოლოგებს ვისმენთ, რაც თავისთავად, აბსურდია. ქვეყნის მართვა და ხელისუფლებაში ყოფნა თუ უნდათ, ერთმანეთთან ლაპარაკი, დათმობა და კონსენსუსის მიღწევა უნდა ისწავლონ. ამის გაკეთება თეორიით არ შეიძლება და გვჭირდება ექსპერიმენტი. 2020 წლის არჩევნები ისტორიულად გარდამავალი არჩევნებია, როცა ისეთი რაღაცები უნდა ვისწავლოთ, რაც ცივილიზებული სამყაროსთვის მისაღებია. არ ვარ ოპტიმისტი და არ მაქვს იმედი, რომ ასე მოხდება, მაგრამ რა ვქნათ, ხომ არ გავჩერდებით? _ უნდა ვეცადოთ, რომ ეს მოხდეს“. 

ლაგაზიძის მსგავსად, გია ხუხაშვილის მოსაზრებითაც, კარგია, რომ ოპოზიციას არ ჰყავს გამოკვეთილი ლიდერი: 

„გამოკვეთილი ლიდერი ქმნის ძალაუფლების უზურპაციის საფრთხეს. პარტიები პრობლემატური გვყავს, მაგრამ ამომრჩევლის საარჩევნო კულტურაც დაბალია. შესაბამისად, ამომრჩეველს დიდი „მენიუ“ მივცეთ და ვასწავლოთ, რომ აირჩიოს ბევრისგან, ასევე, მისი არჩევანი არა მექანიკური და მესიაზე ორიენტირებული, არამედ, პოზიტიურ დღის წესრიგზე, გეგმებსა და უკეთეს მომავალზე იყოს ორიენტირებული. ჩვენ ერთად უნდა გავიზარდოთ, როგორც საზოგადოება, ასევე, პოლიტიკური ელიტაც“. 

ხუხაშვილის თქმით, ხელისუფლებას აშკარა უპირატესობა აქვს: 

„რადგან პრობლემა პოლიტიკურ ელიტაშია, არ გვყავს სახელმწიფო მოღვაწეები და გვყავს „პოლიტიკანები“, ამიტომ ვებღაუჭებით და ვეჭიდებით გახარიას, რომ მას აქვს რაღაც სიმპტომები, თვისებები, რომელიც სახელმწიფო მოღვაწისთვისაა დამახასიათებელი. შესაბამისად, ვითარება ძალიან ბუნდოვანია, ხელისუფლების უპირატესობა ძალიან მყიფეა, რადგან სერიოზული სახელმწიფოებრივი გამოწვევებია, მძიმე შემოდგომა-ზამთარი გველოდება. ხომ იცით, საქართველოში ყველაფერი როგორ სწრაფად ხდება. რაღაც რომ მოხდეს, შეიძლება, ზვავივით წამოვიდეს და მდგომარეობა რადიკალურად შეცვალოს, თუმცა ხელისუფლებას აქვს უპირატესობა, მაგრამ ვისურვებდი, რომ ძალაუფლებაზე ექსკლუზიური კონტროლი „ქართულ ოცნებას“ დაეკარგოს. იმიტომ კი არა, რომ ვიღაც მასზე უკეთესია, არამედ იმიტომ, რომ მულტიპარტიული, კოალიციური სისტემა ისტორიის ამ ეტაპზე, სასარგებლო იქნებოდა“. 

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე კოალიციურ მთავრობაზე „ვერსიასთან“ საუბრისას, შევარდნაძის მმართველობას იხსენებს: 

„მაშინ კოალიცია იურიდიულად არ იყო საჭირო და უმრავლესობა მოქალაქეთა კავშირს ჰქონდა, მაგრამ შევარდნაძის გადაწყვეტილებით, სხვადასხვა აქტიური პარტიიის წევრი აღმასრულებელ ხელისუფლებაში შეიყვანეს. ამ პრინციპმა გაამართლა და კარგად იმუშავა, ოღონდ გავითვალისწინოთ, რომ მაშინ შევარდნაძის ფიგურის გარშემო მუშაობდნენ და ყველამ საკუთარი პარტიულობაც გვერდზე გადადო. შემდეგ პერიოდში, კოალიციაში მყოფი პარტიები თავისი პრინციპების გატარებას ბოლომდე ცდილობდნენ და ამან ბზარები გამოიწვია. ასე რომ, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ ესმით პარტიებს ქვეყნის სამსახური. თუ პარტიის სამსახური ქვეყნის სამსახურზე წინაა, კოალიცია დამანგრეველია“. 

რამაზ საყვარელიძე ოპოზიციას აკრიტიკებს: 

„ამ ადამიანებმა მოიფიქრეს და თავიდანვე შეთანხმდნენ, რომ კოალიციაში არ შევიდნენ მმართველ პარტიასთან, ე.ი. ან არ იციან, რას ნიშნავს კოალიციური მთავრობა, ან არ უნდათ. შესაბამისად, არც დემოკრატია უნდათ. ესაა მაგალითი, რომ ჩვენს პოლიტიკურ პარტიებს აკლიათ კულტურა, რათა პარტიულზე წინ, ქვეყნის ინტერესი დააყენონ. ამიტომ მათ მუშაობას კოალიციურ მთავრობაში ქვეყნისთვის მძიმე შედეგები ექნება“. 

საყვარელიძის თქმითვე, ოპოზიციას ჰყავს ერთი, გამოკვეთილი ლიდერი, თუმცა ახლა ის უკრაინაშია: 

„ხშირად აქ ნაბიჯების გადადგმა მისი რეცეპტით ხდება, თან მიხეილ სააკაშვილის ქარიზმისა და მის მიმართ სიყვარულის გამო აქვს ნაციონალურ მოძრაობას 15%, ზუსტად იგივე პოლიტიკური მრწამსის სხვა პარტიებს კი _ 3%. ასე რომ, ლიდერის ფაქტორი ჩანს, თუმცა რამდენად წაადგება გამთლიანებასა და არა _ დაშლას, ეს სხვა საკითხია“.

თათია გოჩაძე