„ადამიანები აღმოაჩენენ, რომ ბინძური ცხოვრების „გამპრავებელი“ სჭირდებათ და მიაკითხავენ ნაძირალა მღვდლებს“ - ვლადი ნარსია

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

უნდა ჰქონდეს თუ არა დიდი ქონება სასულიერო პირს

ავტორი: თათია გოჩაძე

 

რამდენიმე დღის წინ, სასულიერო პირი, მამა თეიმურაზი გაძარცვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მოპარულია რამდენიმე ათასი დოლარი და დიდძალი ოქრო. მედიასთან საუბრისას, მამა თეიმურაზმა აღნიშნა, რომ ეს ქონება მრევლმა შესწირა და ტაძრისთვის გამოყენებას გეგმავდა... „ვერსია“ ამ კონკრეტული ამბის განხილვას კი არა, იმის გარკვევას ეცდება, ქრისტიანული კანონიკის მიხედვით, აქვს თუ არა უფლება სასულიერო პირს, ქონება და სიმდიდრე დააგროვოს. აღნიშნულ საკითხზე თეოლოგ ვლადი ნარსიას ვესაუბრეთ:

 

- სასულიერო პირს არ უნდა ჰქონდეს დიდძალი ქონება, მისი საქმიანობა და მისია ვერაფრით იქნება დაკავშირებული ფულის ან ქონების მოპოვებასთან. რომ გამდიდრდე, ამისთვის საჭიროა, აწარმოო ისეთი საქმიანობა, რომელოც მოითხოვს ადამიანის ძალების მობილიზებას გარკვეული მიზნის მსახურებისთვის, რომელიც შეიძლება, მორალურიც არ იყოს.

სასულიერო პირის, როგორც ქრისტეს მღვდლისა და მსახურის ამქვეყნიური მისია ეწინააღმდეგება (როგორც სახარებაში წერია) ამა ქვეყნის სიამოვნების დაწაფებას. საქართველოს ეკლესიის მრევლის უმრავლესობა გაჭირვებულია და სასულიერი პირებს ვერ მისცემს ფულს. დანარჩენი მცირე ნაწილი, რომელიც სასულიერო პირების გამდიდრების წყარო შეიძლება იყოს, ამ ქონებას არაკანონიერად ან ამორალურად, ქრისტიანული პრინციპებისთვის შეუფერებელი ხერხებით მოიპოვებს. საეკლესიო კანონიკა კი პირდაპირ ამბობს, რომ დაუშვებელია, ეკლესიის შემწირველი იყოს ამორალური, დისკრედიტირებული, ქრისტიანული მოძღვრებისა და მსახურებისთვის მიუღებელი წესებით მცხოვრები ადამიანი.

როცა ეკლესიამ, პირველი საუკუნის შემდეგ, კატაკომბურ ეპოქაში დაიწყო გამდიდრება, მაშინ დაისვა ეს საკითხი, რადგან გამდიდრება ეკლესიისთვის კატეგორიულად შეუფერებელი და მიუღებელი იყო. ეკლესია ამქვეყნიური წესებისა და კანონების წინააღმდეგ მავალი, სრულიად განსხვავებული იდეალების მსახური უნდა იყოს. მაშინაც დადგა საკითხი - თუ რა უნდა ექნათ დაგროვებული ქონებისთვის. ადამიანი, რომელიც გადაწყვეტდა სასულიერო ცხოვრებას, მთელი ქონება უნდა შეეწირა მონასტრებისთვის და აქედან დაგროვდა ეკლესიაში ფული. ეს დიდძალი ქონება კი უფრო მეტი თავის ტკივილი გახდა ეკლესიისთვის, ვიდრე უქონლობა. მაშინ თქვეს, რომ ეკლესია აღარ დაეთანხმებოდა იმ ადამიანების შემოწირულობებს, რომლებიც არ ცხოვრობდნენ ეკლესიურად. სამწუხაროდ, ეს პრინციპი დაიკარგა შემდგომ ეპოქებში და დღეს კარგად ვიცით, ვინ არიან ეკლესიის შემწირველები. ამ ადამიანების უმრავლესობა არაკანონიერი გზით, საზოგადოების ძარცვით მოიპოვებს ქონებას, ან არიან ადამიანები, რომელთა ცხოვრების ამორალური წესი სრულად შეუფერებელია ეკლესიური ცხოვრებისა და მოძღვრებისთვის. ეს ადამიანები აღმოაჩენენ, რომ სჭირდებათ „გამპრავებელი“ საკუთარი ბინძური ცხოვრებისა და მიაკითხავენ ნაძირალა მღვდლებს, რომლებიც მათ დეპრესიული ფსიქიკის გამოსწორებას ცდილობენ იმით, რომ თუ ფულს შესწირავენ ეკლესიას, მათი ცხოვრება გამოსწორდება. ასეთ დღეშია ეკლესიაში სასულიერო პირების უმრავლესობა.

თეიმურაზ ბერიშვილი შევარდნაძის მმართველობის დროსაც, როგორც ჩანს, მოყვარული იყო იარაღის და ასეთი ტიპის ცხოვრებისა. მაშინაც, როცა მღვდელი იყო, მისი სახლის ჩხრეკისას, აღმოაჩინეს დიდძალი იარაღი, მაგრამ მაშინ ილია მეორემ დაიცვა და გაათავისუფლებინა სახელმწიფო ბრალისა და მსჯავრისგან. აი, ეს არის სისტემა, რომლის სათავეში დგას კორუმპირებული იერარქი, რომელიც რყვნის სისტემას არაერთი მიმართულებით.

გამოთქმა რომაა, თევზი თავიდან ყროლდებაო, ზედგამოჭრილია იმისთვის, რა მდგომარეობაშიც დღეს ქართული ეკლესიაა, რომელსაც თავისი არსით, არაფერი აქვს საერთო ეკლესიასთან.

თუ კითხვები გიჩნდება და კრიტიკის საგნად აქცევ სასულიერო პირების ქონებას, მრავალათასიან მანქანებსა და ძვირფას ნივთებს, მკრეხელობად და ღვთის გმობად გითვლიან... ბატონო ვლადი, რომელ ეპოქაში გახდა რელიგიის საკითხებზე მსჯელობა ასე დოგმატური?

- იაკობ გოგებაშილის ერთ-ერთ წერილში, ერთი საინტერესო ფრაგმენტია, როდესაც რუსი ეპისკოპოსი ამბობს, ქართველი ეპისკოპოსები ხალხის მსახურები არიანო... რუსი ეუბნება მათ, თქვენ ხალხის ბატონები უნდა იყოთო. ეს მნიშვნელოვანი შტრიხია თქვენი კითხვის პასუხად... ჩვენ როდის დაგვეწყო ასეთი აზროვნება? ბევრ რამეს ვაბრალებთ საბჭოთა ეპოქას, რომელიც მართლაც რყვნიდა საზოგადოებას, მაგრამ, ალბათ, ფესვები გაცილებით ღრმად უნდა ვეძებოთ... ჩვენ გვიჭირდა კრიტიკული აზროვნება, რადგან სახარებისეული მსჯელობის სული და ცოცხალი სიტყვის ფასი, რომლის გარეშეც არ არსებობს ქრისტეს მოძღვრება, არასდროს იყო დაფასებული საქართველოს ისტორიაში. ჩვენ არ გვიყვარს მსჯელობა, კრიტიკა... დღესაც ისეა გაგებული, რომ თუ ვინმეს აკრიტიკებ, ე.ი. ეს მიმართულია კერძო პირის ან ინსტიტუციის წინააღმდეგ. რეალურად კი, ქრისტიანულად სიმართლის თქმის არსი სულ სხვა რამეს გულისხმობს, ეს ჯერარსული პრინციპის დაცვაა. ჩვენ ვისაც ვაკრიტიკებთ, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მათზე კარგები ვართ, არამედ, ჩვენი ამოცანაა, ვიყოთ დამცველები იმ მარადიული სიმართლის პრინციპისა, რომლის გარეშეც ირყვნება საზოგადოება და მათ შორის, საეკლესიო საზოგადოებაც.

ჩვენი ამოცანაა, ეს ღვთაებრივი შუქი არ ჩაქრეს საეკლესიო საზოგადოებაში, ამისთვის ვიმაღლებთ ხმას, ესაა ჩვენი მთავარი მოტივი და არა ვინმეს გაკრიტიკება. სიმართლის თქმით ვაფრთხილებთ საზოგადოებას, რა გველის, თუ ამ პრინციპებს ფეხქვეშ გავთელავთ, საზოგადოებას ელის გაცხოველება, რაც ძალიან ცუდია! ამ პროცესის გაჩერება გვინდა, როცა ვამბობთ, რომ სიმართლე უნდა დავიცვათ.

- ვფიქრობ, აღსანიშნია, რომ საქართველოში ბევრი სასულიერო პირი მოღვაწეობს, რომლებსაც სიმდიდრე არ გააჩნიათ და გულწრფელ ღვთისმსახურებას ეწევიან. ბერები, მღვდლები, რომლებიც მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობენ და მათი ღვაწლი დასაფასებელია...

- არ შეიძლება, არ დაგეთანხმოთ, მაგრამ მეორე მხრივ, სად არიან ეს ადამიანები მაშინ, როცა მათ თვალწინ ირყვნება ეკლესია და კარგად იციან, რომ ამის მიზეზი ეკლესიის კრიმინალური და კორუფციული მართვაა, რომლის სადავეებთან დგანან უმაღლესი იერარქები? ამაზე ხმას რატომ არ იღებენ?! მათ სად უსწავლიათ, სად წერია, რომ თუ შენს წინაშე ბოროტება მეფობს, ხმა არ ამოიღოო? იგვემებიან და იციან, რომ ამ პირობებში მათი ყოფნის მიზეზი არის იერარქია, ამაზე რატომ არ იღებენ ხმას? ეს არის ჩვენი უბედურების წყარო, რადგან ყველა, ვინც კარგად იცის, რაშიც არის პრობლემა, დუმს და ხმას არ იღებს.

სასულიერო პირი, რომლის მთავარი მოწოდებაცაა დაიცვას ქრისტეს სიმართლე, ქრისტეს ეკლესია და ყველა ამ პრობლემაზე დუმს სრულიად გაუგებარი მიზეზებით, ასე მგონია, რომ ისინი არა ქრისტიანული იდეალების მსახურები არიან, არამედ, ბორიტებას უწყობენ ხელს თავის დუმილით.

- მუდმივად აკრიტიკებთ ქართულ ეკლესიას. საინტერესოა, რა მდგომარეობაა მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, ქრისტიანული სამყაროს სხვა ეკლესიებში?

- კარგად აღნიშნეთ, როცა კრიტიკისა და დაეჭვების პრობლემაზე ისაუბრეთ. აღზრდილები ვართ ისე, რომ ჩვენთვის იდეალების ბლოკები ისეა გამჯდარი, გვიჭირს ავტორიტეტებს დავუსვათ კითხვები. ეს განასხვავებს ევროპულ საზოგადოებას ჩვენი საზოგადოებისგან. მათ შეუძლიათ მსჯელობა და კითხვების დასმა ნებისმიერ საკითხზე. მაღალი იერარქიების პოლიტიკის, ხედვების კრიტიკული ანალიზი შეუძლიათ. ეს არ შეგვიძლია ჩვენ.