რა თემებზე ისაუბრა სალომე ზურაბიშვილმა ათონელის სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ათონელის სასახლეში მიმდინარე პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს პასუხობდა. მან არაერთ თემაზე ისაუბრა.

მთავარი, რაც თქვა საქართველოს პრეზიდენტმა:

საერთაშორისო პარტნიორების მიერ დაფინანსებების შეწყვეტის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხობს, რომ ყველაფერი შეჩერებულია არჩევნებამდე. ნების გამოხატვის შემდეგ კი, ყველაფრის აღდგენა შესაძლებელი იქნება.

"ეს არის მთელი ჩვენი დღევანდელი და ჩვენი საზოგადოების ამოცანა, ეს არის სრულიად დამოკიდებული არჩევნებზე. ყველა გველოდება, ყველაფერი არის შეჩერებული და არა გაჩერებული და არა სამუდამოდ გაყინული ან გადახედილი.

ეს შეჩერება არის შეჩერება არჩევნებამდე, რომ ყველამ დაინახოს, სად არის საქართველოს მოსახლეობის ნება. ნების გამოხატვის შემდეგ ყველაფრის აღდგენა შესაძლებელი იქნება, თუკი ეს ნება გამოიხატება იმ ქარტიაში, რომელსაც ხელი მოაწერა პრაქტიკულად ყველა პოლიტიკურმა პარტიამ. და ეს პარტიები იღებენ ამ მხრივ ვალდებულებას, პარლამენტში ვინც შევა და როგორც შევა, იმ ძალით რაც შევა, რომ შეასრულონ ეს ქარტია, მიიღონ ის კანონმდებლობა, გააუქმონ ის ანტიევროპული კანონმდებლობები, რაც მიღებული იქნა ბოლო პერიოდში, სიმბოლურად ყველაზე მნიშვნელოვანი რუსული კანონი და ამით დაუდასტურონ ჩვენს ევროპულ პარტნიორებს, რომ ჩვენ გვაქვს პოლიტიკური ნება, რომ დავუბრუნდეთ ევროპულ გზას.

მე ვიძლევი პირობას, რომ ამ ქარტიის შესრულებისთანავე, როგორც კი დაიწყება ამ ქარტიის შესრულება, ვიქნები და ვივლი იმ ევროპაში, რასაც მიკრძალავდნენ. ვეღარ ამიკრძალავს ვერავინ იმას, რომ საქართველოს პოზიციები დავიცვა.

ჩვენ ვართ ღირსი, აღგვიდგინონ ყველა პირობა, რაც აქამდე არსებობდა და დავუბრუნდეთ იმ გზას ისე, რომ დიდად არ დავაგვიანოთ და არ ვიყოთ ჩამორჩენილი არც ჩვენი უკრაინელი, მოლდოველი პარტნიორების და არც სხვების მიმართ. ჩვენ ვართ ევროპული ქვეყანა. ჩვენ ძალიან დიდი გზა გვაქვს გავლილი მანამდე, რომელიც გვაძლევს იმის უფლებას, რომ გვქონდეს პრეტენზია, დავუბრუნდეთ აჩქარებული ტემპით იმ გზას, რომელიც ჩვენი არის. ეს ჩვენს ამომრჩეველზე არის დამოკიდებული“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

"ყველამ უნდა დავთმოთ პირადი პოლიტიკური ამბიციები... არცერთი არ იქნება პრემიერი, ვინც დღეს ფიქრობს, რომ იქნება პრემიერი", - ასე პასუხობს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "მთავარი არხის" ჟურნალისტის შეკითხვას "ქართულ ქარტიასა" და პრემიერობის მომავალ კანდიდატთან დაკავშირებით.

„მე ვიტყოდი, რომ ვარ პოლიტიკაში. ამაზე მეტად პოლიტიკაში რა უნდა იყოს, პოლიტიკა არ ნიშნავს პირად ამბიციებს, რომ შენ რაღაცა ადგილი გინდა შენთვის... პარტიულ პოლიტიკაშიც ვიყავი წარსულში, არ არის ჩემთვის ეს აუცილებლობა, რომ ვიყო პარტიულ პოლიტიკაში. დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიზანი ქვეყნისთვის, წყდება ამისი ბედი და აქ არამარტო პრეზიდენტმა, ყველამ უნდა დავთმოთ პირადი პოლიტიკური ამბიციები. არ არის იმის დრო, რომ დავიწყოთ იმაზე დავა, რომ...

არცერთი არ იქნება პრემიერი, ვინც დღეს ფიქრობს, რომ იქნება პრემიერი. ყველამ ვიცით, რომ მათი შეთანხმება რომელიმე პოლიტიკოსზე, იქნება შეუძლებელი. მე გამოვედი სხვა გეგმით, რომ გადავდოთ ჩვენი პირადი ინტერესები და კონცენტრაცია მოხდეს ქარტიაზე, ეს იქნება ერთადერთი პროგრამა. მაგრამ, დღეს თუ ჩვენ გვინდა, რომ დროში და დროულად მივაღწიოთ ევროკავშირში დაბრუნებას... ხალხს უნდა ნდობა გაუჩნდეს, ხალხის ნდობა დღეს, ეს ჩვენი წარსულის პრობლემა არის. ნდობა არ არსებობს და ეს არ არის მხოლოდ ქართული სენი დღევანდელ დღეს. პოლიტიკური პარტიების მიმართ მთელს მსოფლიოში არის ორმაგი განწყობილება, ამიტომ საჭირო არის, თუ გვინდა გაიმარჯოს ევროპულმა ხაზმა, საჭირო არის ნდობა ყველა ამომრჩეველის. ეს ნდობა გაჩნდება, თუ დაინახავენ მთავრობაში არაპოლიტიკურ სახეებს, ახალ სახეებს, რასაც ჰქვია ექსპერტთა მთავრობა, ტექნიკური მთავრობა...

ეს არის ის გამოსავალი, რასაც პოულობენ, რომ ცოტა ხნით ამ მთავრობამ გადალახოს ერთგვარი კრიზისი და შექმნას ის კონსენსუსი... ჩვენ ეს შეგვიძლია... ეს არის გამოხატულება იმისი, რომ ქვეყანაში არის ერთიანობის მუხტი, გაერთიანებისკენ მუხტი. ეს უნდა შევინარჩუნოთ და ერთიანობა უნდა გავაძლიეროთ... აქ არავინ არ ჩაებღაუჭება ადგილებსა და სავარძლებს. ეს ყველაფერი არის 1 წლით... ჩვენი ამოცანა იყო და დავალებაა ხალხის მიერ, რომ რა უნდა გავაკეთოთ, რომ დავუბრუნდეთ ამ მოკლე ვადაში ევროპის გზას და მე ვთხოვენ ამ პარტიას, რომელი კანონების მიღების შესაძლებლობა გვექნება.“

ასევე საქართველოს პრეზიდენტმა, „ქართული ოცნების“ საპატიო თავჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დებატებში გამოიწვია.

''...მთავარი ის არის, რომ ბატონმა ივანიშვილმა თავის საზოგადოებას არაფერზე არ უპასუხა, არაფერი არ უთხრა, არაფერი არ ახსნა, თუ რატომ უცებ გადაახვევინა იმ მთავრობას, რომელიც ვიცით, რომ არის მხოლოდ და მხოლოდ შემსრულებელი. გადაახვევინა ჩვენი კურსიდან. ასეთი ზიანი მიაყენა ქვეყანას. იზოლაციაში ჩააყენა ქვეყანა. ეს ქვეყანა დაასუსტა. გაერთიანებული ქვეყანა, სტატუსის მიღების დღეები ხომ არავის გვავიწყდება, თუ რა სიხარული იყო და რა ბედნიერება ხალხში, ყველა ყველას რომ ულოცავდა. ეს ყველაფერი გათელა იმისთვის რომ რაღაც უაზრო და არასაჭირო კანონი შემოეტანა, რატომ ვინმეს უთხრა?!

ჩვენ ვიცით მისგან მხოლოდ ორი სიტყვა, რომელიც ალბათ მისი დაწერილიც არ არის. ორი დიდი სიტყვა, რომელიც არის მტრულად განწყობილი, ჯერ ერთი ჩვენი პარტნიორების მიმართ, მეორეც საზოგადოების მიმართ. საზოგადოებას ჰპირდება რევანშს, რეპრესიებს. რა სტილი არის ადამიანისგან რომელიც ან შიგნით არის ან გარეთ არის, ან შიგნით არის, მაგრამ ვერავინ ვერ გავიგეთ რეალურად სად არის, რა უნდა რატომ უნდა და რას უკეთებს ამ ქვეყანას, მე მზად ვარ და ვიწვევ დებატში, თუ მე პირადად არ შემხვდება, დებატში მოვიდეს. რადგან თვლის თავის თავს და ითვლება,რომ ის არის სახელმწიფოს მმართველი, სახელმწიფოს პირველი პირი მე ვარ. და მაშინ დებატში გავარკვიოთ რაღაცები.

და მე ვკითხავ, არა ჩემი მხრიდან. მე არაფერი აღარ მაინტერესებს, ფაქტებს ვუყურებ და ვხედავ საით მიდის ქვეყანა, მაგრამ საზოგადოებისთვის ვალდებული არის, რომ ახსნას ზოგიერთი პოზიცია, რატომ ორჯერ გაუშვა პრემიერი, რომელიც კორუმპირებული იყო და ვიცით, რომ კორუფციის გამო, მერე აბრუნებს, მერე ახალ თანამდებობაზე სვამს. მერე იბარებს და ნიშნავს ყველაზე არაპოპულარულ ადამიანს, როგორც პრემიერს. ე.ი რას ერჩის ამ ქვეყანას. ხომ უნდა გვითხრას არჩევნებამდე მაინც?!'', - განაცხადა ზურაბიშვილმა.