უკრაინაში მყოფი, ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების ორგანიზებითა და დაფინანსებით, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობა მზადდებოდა

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

რამდენიმე დღის წინ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საზოგადოებას აცნობა, რომ მიმდინარეობს გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე. ამასთან, სუს-მა ღიად თქვა, რომ იგეგმებოდა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შესაძლო ლიკვიდაცია.

 

მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 18-323-ე მუხლის პირველი ნაწილით და 315-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს. ხსენებული დანაშაულებრივი ქმედებების მიზანია, ქვეყანაში არეულობის მოწყობის და ხელისუფლების დასუსტების ფონზე, დესტრუქციული ძალების მიერ, სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა.

სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, რომლის ფარგლებში ხდება კონკრეტულ პირთა საგამოძიებო ორგანოში დაბარება, მათი მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით“, - ნათქვამია რამდენიმე დღის წინ, სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფაქტის გახმაურების შემდეგ, პოლიტიკურ სპექტრში კომენტარები გაკეთდა.

ასე, მაგალითად, უმრავლესობისა და პარტია ხალხის ძალის დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოსა და აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპზე თავდასხმები გაიხსენა  და თქვა:

„ბუნებრივად ხდება დამაჯერებელი, რაც უსაფრთხოების სამსახურმა „ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მომზადებასთან დაკავშირებით გაავრცელა.

არაერთხელ გვინახავს უსაფრთხოების სამსახურის პრევენციული ხასიათის განცხადება, მათ შორის, მათი ქმედებები, რომლითაც, პრაქტიკულად, ქვეყანამ თავიდან აირიდა არაერთი რადიკალური პროცესი, რევოლუციური სცენარი და ტერორისტული აქტი. თან ეს, სხვათა შორის, პირდაპირ ეთერში ბევრჯერ დაუდასტურებიათ სემინარის ხელმძღვანელებს, რომლებიც ამ სემინარებს საქართველოში ახალგაზრდებისთვის და რევოლუციური სცენარების განვითარებისთვის ატარებდნენ.

ამიტომ, ამ შემთხვევაშიც, ბუნებრივად ხდება დამაჯერებელი, რაც უსაფრთხოების სამსახურმა „ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მომზადებასთან დაკავშირებით გაავრცელა. თუ მსოფლიოს თვალს გადავავლებთ, ბოლო ორ თვეში, სლოვაკეთის პრემიერი, შტატების ყოფილი პრეზიდენტი და კანდიდატი, ბიძინა ივანიშვილი. ეს სამი პოლიტიკური ფიგურა იბრძვის მშვიდობისთვის და ტრადიციული ცხოვრებისთვის, შესაბამისად, ბუნებრივად დამაჯერებელია ის, რაც სუს-მა თქვა“.

 

***

ჩვენ ვნახეთ ტერორისტული აქტი, მკვლელობის მცდელობა სლოვაკეთში, ვნახეთ ტერორისტული აქტი, მკვლელობის მცდელობა აშშ-ში, ერთი და იგივე ხელწერა, ეს არის საერთაშორისო კონტექსტი და ეს ძალები მოქმედებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, - ეს განცხადება კი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში,  ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმესთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

კითხვაზე, თუ რატომ შეიძლებოდა გამხდარიყო ბიძინა ივანიშვილი ამ დანაშაულებრივი განზრახვის სამიზნე, ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ იგი ქვეყნის მშვიდობისა და სტაბილური განვითარების გარანტია.

„ერთი მარტივი მიზეზის გამო - ის არის მთავარი გარანტი იმისა, რომ ამ ქვეყანაში არის მშვიდობა და ქვეყანა სტაბილურად ვითარდება. ის არის მთავარი გარანტი. აქედან გამომდინარე, ის რომ ამ გეგმების მთავარი ადრესატი იყო, აბსოლუტურად ლოგიკურია, აქ გასაკვირი არაფერია. რაც შეეხება კონტექსტს, აქ კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო სატელეფონო ზარი, რომელიც განხორციელდა რამდენიმე თვის წინ. ეს იყო ერთ-ერთი ევროკომისრის სატელეფონო ზარი, რომლის მეშვეობითაც მოგვაწოდეს კონკრეტული მესიჯი, რაც ამ ევროკომისარმა მოგვიანებით აღიარა თავად და განაცხადა, რომ ის საუბრობდა მკვლელობის რისკებზე, უბრალოდ, მან დააზუსტა, რომ პოლარიზაცია იქნებოდა ის, ვინც გვესროდა ტყვიას, - განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, ვინაიდან ზარი უშუალოდ პრემიერ-მინისტრთან განხორციელდა, ალბათ, ამ მიზეზით დარჩა საზოგადოებას განცდა, რომ პირდაპირ პრემიერის მისამართით იყო გაფრთხილება.

„რეალურად, მრავლობითში იყო საუბარი და სიტყვები იყო ასე ნათქვამი - თქვენ უნდა იყოთ ფრთხილად, ნახეთ, რა დაემართა ფიცოს სლოვაკეთში. სიტყვა-სიტყვით ასე იყო ნათქვამი ეს ყველაფერი. მხოლობითი იყო, თუ მრავლობითი, ამას ვერ გაარჩევ ვერც ქართულში და ვერც ინგლისურში, ენის სპეციფიკიდან გამომდინარე, თუმცა ასე იყო ნათქვამი რეალურად - ფრთხილად იყავით, ნახეთ, რა დაემართა ფიცოს სლოვაკეთში, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

აღსანიშნავია, რომ სუს-ში, ზემოაღნიშნულ თემაზე გამოკითხვები, რამდენიმე დღეა, მიმდინარეობს.

 

 

 

ავტორი-ნინო დოლიძე