აფხაზეთში საკონსტიტუციო რეფორმას იწყებენ - უქმდება პრემიერის თანამდებობა

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

9 ივნისს აფხაზეთის პარლამენტმა კონსტიტუციაში ცვლილებების განხილვა დაიწყო, რომელთა მიხედვითაც, მინისტრთა კაბინეტი და შესაბამისად პრემიერ-მინისტრის პოსტი უქმდება, მინისტრები კი უშუალოდ პრეზიდენტს დაერქვემდებარებიან.

ამასთან, დეპუტატებისთვის განსახილველად წარდგენილი საკონსტიტუციო კანონპროექტი ადგენს მინისტრების პარლამენტთან შეთანხმებით დანიშვნის პროცედურას, რაც მოქმედი კანონით არ არის გათვალისწინებული.

გარდა ამისა:

● პრეზიდენტს შეეძლება დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს ახალი არჩევნები, თუკი დეპუტატები პრეზიდენტის მიერ წარდგენილ მინისტრობის კანდიდატურებს სამჯერ ჩააგდებენ და მინისტრთა თანამდებობების მესამედზე მეტი ვაკანტური დარჩება.

● ცვლილებებით, პრეზიდენტს ენიჭება უფლებამოსილება დამტკიცოს რესპუბლიკის ცენტრალური აღმასრულებელი ორგანოების სტრუქტურა.

● შემოთავაზებულია ვიცე-პრეზიდენტის უფლებამოსილების განსაზღვრა ცალკე კანონით. მოქმედი კონსტიტუციით, მეორე პირს ძალიან ბუნდოვანი ფუნქციები აქვს – პრეზიდენტის ინდივიდუალურ მითითებებს ასრულებს.

საკონსტიტუციო რეფორმის საპრეზიდენტო კომისიამ ჯერ კიდევ 2022 წლის ბოლოს შეიმუშავა აღნიშნული წინადადებების დიდი ნაწილი.

ახლა ამ ცვლილებების პაკეტს დაემატა პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინადადება პარლამენტის დათხოვნის შესაძლებლობასთან დაკავშირებით.

ექსპერტებისა და თავად დეპუტატების აზრით, სწორედ პარლამენტის დათხოვნის საკითხია ყველაზე საკამათო.

საკონსტიტუციო კომისიის წევრებმა ერთ დროს უარყვეს პარლამენტის დაშლის შესაძლებლობა, რათა არ დაირღვეს ბალანსი აღმასრულებელ და საკანონმდებლო შტოებს შორის.

სახალხო კრების თავმჯდომარის, ლაშა აშუბას განცხადებით, დეპუტატებს კითხვები გაუჩნდათ პარლამენტის დაშლის წესებთან და მათ მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. დეპუტატები არ გამორიცხავენ პრეზიდენტის მიერ ამ ნორმების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას.

 

წყარო:jam-news