"წაუკითხავი კანონის გაპროტესტება არის უდიდესი უპასუხისმგებლობა" - ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ქართული საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც პოლიტიკური უმცირესობის დღის წესრიგს მიჰყვება, მინდა შევახსენო, რომ წაუკითხავი კანონის გაპროტესტება არის უდიდესი უპასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა

 

პრემიერის თქმით, გაუმართლებელი კომპრომისების და ამ კომპრომისების შედეგად სუვერენიტეტის დაკარგვის პირობებში საქართველო მარტივად გაიზიარებს უკრაინის ბედს.

 

„ ამასთან, არანაკლებ დიდი უპასუხისმგებლობაა იმის თქმა, რომ ქართველი ხალხის მიერ არჩეულმა საქართველოს პარლამენტმა სახელმწიფო ინტერესებისთვის მნიშვნელოვანი კანონიც კი არ უნდა მიიღოს, თუ ამას გარედან აგვიკრძალავენ. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ თავს დავუხრით უარგუმენტო და სიცრუეზე დაფუძნებულ საბჭოური ტიპის გარე დირექტივებს, მომავალში ასეთივე წარმატებით მოგვთხოვენ მაგალითად ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონის არმიღებას, ერთნაირ სქესიანთა ქორწინების დაკანონებას, ნარკოტიკების ლეგალიზაციას, ქვეყანაში უკონტროლო იმიგრაციის დაშვებას და მრავალ სხვა მანკიერებას, რომელიც დღეს სხვადასხვა ქვეყანაში ძალიან სწრაფი ტემპით იკიდებს ფეხს. გარდა ამისა, არ შეიძლება, ქვეყანა მუდმივად ცხოვრობდეს გარედან თავსმოხვეული და უცხოური წყაროებიდან დაფინანსებული ე.წ. პოლარიზაციისა და რადიკალიზმის რეჟიმში. საქართველოს დამშვიდება და საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობისა და სიმშვიდის უზრუნველყოფა არის ჩვენი პასუხისმგებლობა, სახელმწიფოს და საზოგადოების წინაშე. გაუმართლებელი კომპრომისების და ამ კომპრომისების შედეგად სუვერენიტეტის დაკარგვის პირობებში საქართველო ძალიან მარტივად გაიზიარებს უკრაინის ბედს, რითაც, ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსი გასულ დღეებში პირდაპირი ფორმითაც კი დაგვემუქრა. საქართველოს გარედან ვერავინ აუკრძალავს საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ აპრილში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის თანახმად, ჩვენი მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს უჭერს არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობას, ხოლო 60%-ზე მეტი მხარს უჭერს უშუალოდ კანონს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ. შესაბამისად, ხვალ საქართველოს პარლამენტი იმოქმედებს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის რაციონალური ნების შესაბამისად და მესამე მოსმენით მიიღებს კანონს, რომელიც გარედან თავსმოხვეული ე.წ. პოლარიზაციის დასრულებაში უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს.

 

დასასრულს, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მომიტინგეებს, თავი შეიკავონ კანონის დარღვევისგან და ძალადობისგან, აგრეთვე, კიდევ ერთხელ ვთხოვ სამართალდამცველებს, მომიტინგეების მხრიდან ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას მაქსიმალური მოთმინებით უპასუხონ“, - განაცხადა პრემიერმა.