სად იკრიბებიან დღეს, 11 მაისს ევროპის მარშის მონაწილეები

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

11 მაისს თბილისში ევროპის მარში იმართება. მოქალაქეები საღამოს 7 საათიდან რამდენიმე ადგილას, რესპუბლიკის მოედანზე, მარჯანიშვილის მოედანზე, მეტრო 300 არაგველთან და „ექსპო ჯორჯიასთან“ შეიკრიბებიან და მსვლელობით გაემართებიან ევროპის მოედნისკენ.

„კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“ - ეს არის ევროპის მარშის მთავარი გზავნილი.

თითქმის ერთი თვეა, საქართველოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, მათ შორის, რამდენჯერმე გაიმართა მრავალათასიანი საპროტესტო აქცია-მსვლელობა.

3 აპრილს, "უცხოეთის აგენტების" შესახებ კანონპროექტის ხელახალ ინიციირებას საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, მიუხედავად ხალხმრავალი აქციებისა, პირველ მაისს მეორე მოსმენით მიიღო კანონი. მესამე მოსმენა 13 მაისის კვირას არის დაგეგმილი.

კანონპროექტის მიხედვით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირება მოუწევთ იმ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან იღებენ დაფინანსებას. გასულ წელს ინიციირებული კანონპროექტით, მათი აგენტებად რეგისტრაცია იყო გათვალისწინებული. ერთი წლის შემდეგ ხელახლა წარდგენილ კანონპროექტში საპარლამენტო უმრავლესობამ მხოლოდ ორგანიზაციების სარეგისტრაციო სიის სახელდება შეცვალა.

ამ ერთი თვის განმავლობაში, საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებმა რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს.

პარალელურად, ბოლო დღეებია, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებს, ჯერჯერობით დაუდგენელი პირები ფიზიკურად უსწორდებიან.

გარდა ძალადობის ფაქტებისა, თბილისში, ღამის საათებში, არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების კედლებზე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან, პოლიტიკური პარტიების ოფისების კარებზე და ჟურნალისტების საცხოვრებელ კორპუსებთან ჩნდება წარწერები და პოსტერები.

სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ბოლო დღეებში განხორციელებული სატელეფონო და მასთან ერთად, რეალურ სივრცეში განხორციელებული ძალადობის ინიციატორი მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“.