რა გავლენა ექნება საქართველოსთვის მოკავშირე ქვეყნებში გამართულ არჩევნებს, რატომ დაბრუნდა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში და ვინ იქნება „ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი - პაატა ზაქარეიშვილის პროგნოზი

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

2024 წელი პოლიტიკურად მნიშვნელოვანი იქნება, რადგან მსოფლიოს ნახევარი მოსახლეობა არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. 2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით და 5%-იანი ბარიერის პირობებში ჩატარდება.
ახალი პარლამენტის პირველი სხდომიდან 45 დღის განმავლობაში კი პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება. პირველად საქართველოს ისტორიაში პრეზიდენტი აირჩევა არა ხალხის პირდაპირი საარჩევნო უფლებით, არამედ საარჩევნო კოლეგიის, 300 ხმოსნის მიერ

2024
წლის 5 ნოემბერს აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება, მანამდე კი გაიმართება პრაიმერები კანდიდატების გამოსავლენად. პრეზიდენტთან ერთად აშშ-ში აირჩევენ 435-ივე კონგრესმენს წარმომადგენელთა პალატაში და 33 სენატორს. არჩევნების წინ რესპუბლიკელები ფლობენ უმრავლესობას აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში, დემოკრატები კისენატში.

2024
წლის ივნისში ევროპარლამენტის არჩევნები გაიმართება და 720 დეპუტატისგან დაკომპლექტება. ახალი პარლამენტი ირჩევს პრეზიდენტს, ასევე, ევროკომისიის პრეზიდენტსა და კომისრებს. ასევე, ევროპის ბევრ ქვეყანაშია  დაგეგმილი საპრეზიდენტო, საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები.

2024
წელს საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გამართულიყო უკრაინაშიც, თუმცა საომარი მდგომარეობის გამო უცნობია, ჩატარდება თუ არა. მიმდინარე წლის მარტში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება რუსეთში. პუტინისთვის ეს უკვე მეხუთე ვადა იქნება სახელმწიფოს ლიდერის პოსტზე. აღნიშნულ საკითხებზე "ვერსია" ანალიტიკოს პაატა ზაქარეიშვილს ესაუბრა:

- საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნები საქართველოში, მაგრამ მის          შედეგებზე, რა თქმა უნდა, ცალსახად და მკაფიოდ იქონიებს გავლენას მოკავშირე ქვეყნებში გამართული არჩევნები.

საქართველოს 2024 წლის არჩევნები იქნება უნიკალური და უპრეცედენტო, რადგან პირველად ტარდება სრულად პროპორციული სისტემით და გამოჩნდება, რამდენად მყარია საქართველოში პოლიტიკური სისტემა. აშკარად ის არ არის მყარი, მაგრამ ამან შეიძლება ხელი შეუწყოს პოლიტიკური სისტემის გამყარებას. ამიტომ დიდი მნიშვნელობა ექნება, პოლიტიკოსები მიხვდნენ, რამდენად დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ და არჩევნებამდე მოახერხონ გადაჯგუფება, შესაბამისად, ახალი იდეებისა და კონფიგურაციის შეთავაზება ამომრჩევლისთვის. თუ ახალს არაფერს შესთავაზებენ, როგორც წესი, ამომრჩეველი ირჩევს იმას, რაც აქვს. შეიძლება სულაც არ მოსწონს, მაგრამ მაინც აძლევს ხმას, რადგან „შეჩვეული ჭირის“ ვარიანტი მუშაობს... ამიტომ ალბათობა იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დამაჯერებლად გაიმარჯვოს, არის საკმაოდ მაღალი. თუმცა, თუ მოხდება გადაჯგუფება და მუშაობა თემებზე - უმუშევრობა, სიღარიბე და ა.შ., საკმაოდ მაღალი შანსია, მივიღოთ ის, რაც მოხდა პოლონეთში ანუ უმცირესობის მმართველობა - ჩამოუყალიბებელი ამომრჩევლის 60%, რომელმაც არ იცის დღეს, ვის აძლევს ხმას, არჩევნების დროს გადაანაწილოს ხმები სხვადასხვა პარტიაში. შესაბამისად, შეიძლება ევროპული დონის არჩევნები მივიღოთ, მაგრამ ამას ემატება გარე ფაქტორები...

- რა გავლენას მოახდენს საქართველოზე აშშ-ში ჩატარებული  არჩევნები?

- არჩევნები აშშ-ში ჩატარდება 2024 წელს და გამორიცხული არაა, რომ ბაიდენი არ იქნას არჩეული ხელახლა. ისიც არ ვიცით, ბაიდენი გავა თუ არა პრაიმერისში და დემოკრატები აღიარებენ თუ არა მას კანდიდატად. შესაბამისად, შეიძლება აშშ-ს პოლიტიკა შეიცვალოს უკრაინის მიმართ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. თუ აშშ-ს ახალი მთავრობა (იგულისხმება ახლადარჩეული მთავრობა, რადგან შეიძლება ბაიდენი დარჩეს, მაგრამ პოლიტიკა შეიცვალოს) გადაწყვეტს, რომ უკრიანის დახმარება არაა საჭირო, რადგან ეფექტს ვერ ხედავენ ამ დახმარებაში. ამან კი შეიძლება გააძლიეროს რუსული კომპონენტი რეგიონში.

- მარტში არჩევნები გაიმართება რუსეთშიც...

- რუსეთში არჩევნებს, რა თქმა უნდა, შეიძლება დავარქვათ არჩევნები, მაგრამ სინამდვილეში იქ არავითარი არჩევნები არ ჩატარდება და იქნება მორიგი ფორმალური დაფიქსირება პუტინის წარმატებისა. თუმცა სოციოლოგებისთვის საინტერესო იქნება, რამდენი ადამიანი მივა და მისცემს ხმას, თუმცა არსებითად ამას არანაირი მნიშვნელობა არ ექნება, რადგან პუტინი ცალსახად და მკაფიოდ გავა. გამარჯვებასაც კი ვერ დავარქმევ ამას. შესაბამისად, პუტინის ხელმძღვამელობით რუსეთი კიდევ უფრო მოწყვლადი და აგრესიული ხდება. მსოფლიო ასეთი რუსეთის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, განაგრძნობს ეკონომიკურ სანქციებს.

 

რუსეთის მიმართ პოლიტიკა არ შეიცვლება და იგი შევა უფრო ღრმა ეკონომიკურ კრიზისში. ვიღაცას კი უნდა, რომ ვერ დაინახოს რუსეთში არსებული კრიზისი, მაგრამ ეს რეალობაა. შესაბამისად, რუსეთი უფრო დასუსტდება და დაიწყება შიდარღვევის პროცესი, რაც აუცილებლად აისახება ჩრდილოკავკასიაზე. ეს ბუნებრივია, ჩვენც გვეხება. თუ სადმე რუსეთი არის სუსტი, ყველაზე მეტად ეს არის ჩრდილოეთ კავკასიაში. შესაბამისად, თუ სადმე გაირღვა რუსეთში, პირველი ეს ნაპრალი იქნება ჩრდილოკავკასიაში და საქართველო უნდა იყოს მზად ამისთვის. ამიტომ საქართველომ უნდა გააღრმავოს მოკავშირეებთან ურთიერთობები, მათ შორის თურქეთთან, სადაც წელს ასევე ტარდება არჩევნები, რაც საინტერესოა. ეს არ იქნება პრეზიდენტის არჩევნები, მაგრამ ადგილობრივი არჩევნები თურქეთში მნიშვნელოვანია. მსხვილ ქალაქებში, როგორიც, მაგალითად, არის სტამბული, იმარჯვებს ოპოზიცია. ამიტომ  ახლა გამოჩნდება, თურქეთში ოპოზიცია ისევ ძლიერია, თუ ერდოღანმა მოახერხა გარდატეხა და გაიმყარა პოზიციები ადგილებზე. თურქეთი ჩვენი მოკავშირეა და უნდა გვქონდეს მუდმივი კონტაქტი მასთან...

- ბატონო პაატა, არჩევნები გაიმართება ევროკავშირშიც, რამდენად მნიშვნელოვანია იგი საქართველოსთვის, რომელიც კანდიდატის სტატუსზე მოლაპარაკების გახსნას ელოდება?

- ევროკავშირის არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან იგივე უკრაინის თემიდან გამომდინარე, დაიწყო გარკვეული ევროსკეპტიციზმი და ბევრი ევროპული პარტია ხდება უფრო რადიკალური და კონსერვატიული. ასე რომ, არაა გამორიცხული, ევროკავშირის პარლამენტმა დაკარგოს თავისი ლიბერალური ღერძი და გახდეს უფრო კონსერვატიული და რადიკალური, რაც აწყობს რუსეთს. ვხედავთ, რომ რაღაც აჩრდილი კონსერვატიზმისა აშკარად გამოჩნდა. ეს ძალა თუ მნიშვნელოვნად გაძლიერდა ევროკავშირში ახალი არჩევნების შემდეგ, მაშინ საქართველოს, ბულგარეთის, უკრაინისა და ა.შ  მიმართ დამოკიდებულება შეიძლება მსუბუქად შეიცვალოს და ამუშავდეს მუხრუჭები -  „გვჭირდება ახალი გაფართოვება?“  - ამიტომ თუ დღეს თვალები დახუჭა ევროკავშირმა იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ შეასრულა რაღაც პირობები, შეიძლება მსგავსი რამ აღარ გვაპატიონ და გაუვიდეს „ქართულ ოცნებას“ ის, რაც არ გაუვიდა. აშკარაა, რომ „ქართულ ოცნებას“ არ უნდოდა ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი, რომელიც მივიღეთ საქართველოსა და რეგიონული ინტერესებიდან, ასევე უკრაინის კონტექსტიდან გამომდინარე. შეიძლება ეს ფაქტორები აღარ გაითვალისწინონ.

- ამ ფონზე, როგორ აფასებთ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას?

- თავისთავად გასაკვირი არაა, მაგრამ ფაქტია, რომ ის კონკრეტულ დროს დაბრუნდა. მან საკუთარ მიმართვაში ახსენა გახარია და ზურაბიშვილი, ანუ მხოლოდ ის ხალხი, ვინც „ქართულ ოცნებას“ განუდგნენ, ეს კი ნიშნავს, „ქართული ოცნება“ შეშფოთებულია, რომ მათი პარტიის ხმები არ გავიდეს სხვაგან.  მათ ნაკლებად ადარდებთ ნაციონალური მოძრაობა, მთავარია,  მათგან გასულმა ადამიანებმა ხმები არ გაიტანონ. ამიტომ ივანიშვილის დაბრუნება საჭიროა იმისთვის, რომ შიდარღვევა არ გაგრძელდეს. შემდეგი კითხვაა -  როდის დაბრუნდა? როცა საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო ანუ აშკარად ჩანს, რომ რუსეთს არ მოეწონა ეს. „შერეკილებში“ რომაა „ხომ გეუბნებოდი, მაინც გაფრინდებოდნენ...“ საქართველომ მაინც მიიღო ეს სტატუსი და ამ ფონზე მიუწია ივანიშვილს „ცივ შხაპში“ შესვლა ანუ პოლიტიკაში დაბრუნება, რაც სულაც არ იყო მისთვის მისაღები, რადგან ახლა მოუწევს მას ხელით მართვა. ხომ არის თვითმფრინავის ავტომატური და ხელით მართვა... მას მოუწევს ახლა, ხელით მართოს „ქართული ოცნება“, რადგან აშკარად არ მიდის პროცესები ისე, როგორც უნდა წასულიყო.

 ასე რომ, უნიკალურზე უნიკალური წელიწადი გველოდება. 2024 წელს შევადარებდი დამოუკიდებლობის მიღების წელს, როცა ახალი რეალობა შეიქმნა საქართველოში. დაახლოებით ამ ტიპის წელი იქნება... თუ არჩევნები ჩატარდა ისე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეინარჩუნა მმართველობის ყველა ბერკეტი, მაშინ, რა თქმა უნდა, საქართველოში ახალი ეპოქა დაიწყება.

 2024 წელს საქართველოში ახალ პრეზიდენტსაც აირჩევენ და აშკარად ჩანს, რომ მნიშვნელოვნად შესუსტდება პრეზიდენტის ინსტიტუტი, რაშიც დიდ ტრაგედიას ვერ ვხედავ, რადგან ვესმგავსებით ევროპული ტიპის სახელმწიფოს, მაგალითად, როგორიცაა გერმანია, ისრაელი, იტალია, ავსტრია და სხვა, სადაც პრეზიდენტები არიან უფრო ცერემონიული. მთელი ძალა გადავა პარლამენტზე და საზოგადოება უნდა მიეჩვიოს, რომ ხალხისგან არჩეული ერთი ადამიანი აღარ იქნება საქართველოში და ეს დიდი ტრაგედია არაა. პარლამენტი უნდა გაძლიერდეს, როგორც დემოკრატიული ინსტიტუტი... აქ ცალსახად გაიმარჯვებს „ქართული ოცნების“ კანიდატი. მე საპრეზიდენტოდ ორი კანდიდატი მყავს წარმოდგენილი - ალბათ, უფრო მეტად თეა წულუკიანი ან ირაკლი კობახიძე. კობახიძეს არ უნდა აწყობდეს, რადგან გავლენა არ ექნება პრეზიდენტს. ან უნდა იყო ისეთი თამამი, როგორიც სალომე ზურაბიშვილია, ან უნდა იჯდე წყნარად და ივახშმო სტუმრებთან. კობახიძეს კი დიდი ამბიციები აქვს, ახალგაზრდაა, ენერგიულია, გუნდს კრავს და საკუთარი თავი წარმოუდგენია ივანიშვილის შემდეგ, ხოლო თეა წულუკიანმა თავის გარშემო გუნდი ვერ შეკრა და შესაბამისად, ყველაზე უწყინარი და ნაკლებპრობლემური შეიძლება იყოს „ქართული ოცნებისთვის“.

ავტორი თათია გოჩაძე