რა სიკეთეს მოუტანს ხალხს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე „ვერსიასთან“ ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა საუბრობს. 

- ქალბატონო ლელა, მინდა, საუბარი უმნიშვნელოვანესი საკითხით - ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებით დავიწყოთ. რა სიკეთეს მოუტანს სტატუსი ჩვენს ქვეყანას და რა მხრივ არის უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი?

- რასაკვირველია, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი საქართველოსთვის იყო აუცილებლობა, რომლის გარეშეც შეუძლებელია, ევროინტეგრაციის გზა გაგვევლო. ამიტომ, ეს არის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობა. რა სიკეთის მოტანა შეუძლია ამ გადაწგვეტილებას? - პირველ რიგში, ევროკავშირი გაცილებით უფრო ყურადღებით იქნება საქართველოში დემოკრატიული პროცესების ხარისხთან დაკავშირებით და იმაზეც, რამდენად იქნება ეს ხელისუფლება მზად, შეასრულოს ის აუცილებელი ცხრა პირობა, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ ჩვენთან მოლაპარაკებები გაიხსნას და ყველაზე მთავარი - ეს იქნება არჩევნები, რადგან ხელისუფლებისთვის ყველაზე სერიოზული ტესტი იქნება, თუ როგორ ჩაატარებს ამ არჩევნებს.

გარდა ამისა, ჩვენი კანონმდებლობა უნდა დავუახლოვოთ ევროკავშირის კანონმდებლობას და ეს იძლევა შესაძლებლობას, რომ ჩვენი ცხოვრების სტანდარტები მიუახლოვდეს ევროკავშირის სტანდარტებს. რასაკვირველია, ყველაფერი ეს უცებ არ მოხდება, ეს გზა გასავლელია, მაგრამ ეს გზა აუცილებლად მიგვიყვანს უსაფრთხოებამდე და კეთილდღეობამდე, რაც არის ჩვენი სახელმწიფოსთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი ანუ სხვაგვარად ამ მიზანს, რასაც ჰქვია სუვერენიტეტის შენარჩუნება, უსაფრთხოება და კეთილდღეობა, ვერ მივაღწევთ.

ამასთან, იცით, რომ ევროკავშირში გაცილებით მაღალია ხელფასები, დაბალია საბანკო სესხებზე პროცენტები, მაღალია სოციალური უსაფრთხოება - ეს არის ყველაფერი, საითაც უნდა წავიდეთ და თუ ჩვენ ვივლით სწორად და ხელისუფლება მზად იქნება, შეასრულოს მოთხოვნები, რაც გვაახლოვებს ევროკავშირთან, რასაკვირველია, ამას ჩვენი მოსახლეობა აუცილებლად იგრძნობს საკუთარი ცხოვრების ხარისხსა და კეთილდღეობაზე.

- მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია ოპონირებას არ წყვეტს, ეს გახდა ქართული საზოგადოების გამაერთიანებელი საკითხი. სტატუსს ზეიმობს ყველა ჩვენს ქვეყანაში, რაც რუსეთისთვის, ალბათ, არ იქნება სასურველი და რა საფრთხეებს უნდა ველოდეთ, ამ კუთხით? სხვათა შორის, რუსეთმა დაიწყო მუქარა ფინეთის მიმართულებით და იმაზე პედალირებაც, რომ დასავლეთს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე „მეორე ფრონტის“ გახსნა უნდა...

- სანამ ჩვენ ამ გზაზე ვდგავართ, რუსეთისგან რისკები, მუქარა ყოველთვის იქნება. ბუნებრივია, რუსეთისთვის ძალიან ძნელია, შეეგუოს, რომ გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, მისი გავლენის ქვეშ მყოფი ქვეყნები ცდილობენ, თავი დააღწიონ მას, მაგრამ რაც უფრო სწრაფი ტემპით ვივლით ამ გზაზე, მით ნაკლები შესაძლებლობა ექნება რუსეთს თავისი მუქარის განხორციელებისა, რადგან ჩვენ რეალურად მარტო აღარ ვრჩებით რუსეთთან ისე, როგორც ვიყავით 2008 წელს და მანამდე, 90-იან წლებში.    

ასე რომ, შეიცვალა ვითარება მსოფლიოში, იცვლება საერთაშორისო დღის წესრიგი, იცვლება ევროპის ინტერესები. უკვე ზუსტად ვიცით, როგორია ახალი ევროპის არქიტექტურის მთავარი ალგორითმი, ეს არის ევროპა - ლისაბონიდან თბილისამდე და ბუნებრივია, ევროპა მაქსიმალურად შეეცდება თავისი ინტერესების დაცვას. რასაკვირველია, ეს მხოლოდ საქართველოს დაცვა არ იქნება და არ იქნება მოწყალება, არამედ, მათ მოუწევთ საკუთარი სტრატეგიული ინტერესების დაცვა. ეს ძალიან კარგად იცის რუსეთმა და ამიტომ, მე დიდ მნიშვნელობას არ მივანიჭებდი რუსეთის ამ მუქარას, თუმცა როგორც მათ პრეზიდენტს უყვარს თქმა, „ზაგატოვკები“ ექნებათ, მაგრამ დაუძველდათ მეთოდები. თუნდაც დღევანდელი პოლიტიკური ისტებლიშმენტი იმდენად რთულ მდგომარეობაშია, იგივე, ინტელექტუალური რესურსის თვალსაზრისით, რომ ვეღარც ახერხებენ ახალი რეალობისთვის შესაფერისი „ზაგატოვკები“ დაამზადონ და ისევ ძველი, ყველასთვის კარგად ნაცნობი და ადვილად პროგნოზირებადი თემებით მანიპულირებენ.

- რუსეთის პიარის კარგად ნაცნობი თემაა „მეორე ფრონტის“ გახსნის მცდელობა დასავლეთისგან. რუსეთის საგარეო დაზვერვა და ინალ არძინბა ამ თემაზე ერთდროულად საუბრობენ, თუმცა საინტერესოა, როგორ მუშაობს ეს საკითხი ოკუპირებული ტერიტორიების მაცხოვრებლებზე?

- უნდა გავითვალისწინოთ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები ზუსტად ისევე აღიქვამენ რეალობას და მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციული თვალსაზრისით ძალიან არიან მიბმულნი რუსეთზე, დღეს ინფორმაციის ნაკლებობა აღარ არის ინტერნეტის ეპოქაში. ამიტომ, მათაც გადასარევად იციან, რომ რუსეთის, როგორც იმპერიის, პერსპექტივები უკვე ძალიან საეჭვოა. ის, რომ მათ დე ფაქტო ხელისუფლებას აქვს გარკვეული ვალდებულებები რუსეთთან და მიბმულია, არ ნიშნავს, რომ იქაური საზოგადოება და დე ფაქტო ხელისუფლება ერთიანია და ეს არაერთხელ დამტკიცდა კიდეც. მით უმეტეს, მათ მძიმე ტვირთად დააწვათ, სრულიად გაურკვეველი მიზეზების გამო, უკრაინის ომში დაღუპულთა დიდი ტრაგედია. ამიტომ, ბუნებრივია, ყველა თვლის იმაზე, რომ შექმნას მოცემულობა, რომელიც იქნება მისთვის მისაღები. რაც დრო გავა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებლები აღმოაჩენენ, რომ რუსეთი ვეღარ უზრუნველყოფს მათ უსაფრთხოებას, კეთილდღეობას რომ ვერ უზრუნველყოფს, ეს უკვე გადასარევად ჩანს და ყველასთვის ცნობილია, რა ვითარებაა სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით ამ რეგიონებში. ამიტომ, ბუნებრივია, ისინი დაიწყებენ ფიქრს, რომ უნდა შექმნან, რაღაც ალტერნატიული რეალობა. ყველაფერი დამოკიდებული იქნება ჩვენზე - რანდენად სწორად გავივლით იმ გზას, რომელიც საბოლოოდ მიგვიყვანს ევროკავშირში ინტეგრაციამდე.

ძალიან დიდი სიფხიზლეა ქართული საზოგადოებისგან საჭირო, რომ ჩვენს ხელისუფლებას არ მივცეთ ისეთი შეცდომების ჩადენის უფლება, რაც შეგვიქმნის ბარიერს იმ გზაზე, რომელიც ჩვენს საბოლოო უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. აქედან გამომდინარე, თუ ხელისუფლება აღმოჩნდება ბარიერი ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე, გვექნება შესაძლებლობა, არჩევნებზე შევცვალოთ ხელისუფლება.

ხშირად საუბრობენ, რომ ოპოზიცია არის სუსტი და ბიძინა ივანიშვილი ყოვლისშემძლეა. არ არის, ბატონებო, ასე. ხელისუფლების უძლეველობაზე რომ გვეფიქრა, ახლა კანდიდატის სტატუსიც არ უნდა გვქონოდა, რადგან კარგად ვიცით ხელისუფლების დამოკიდებულება, მაგრამ იმდენად დიდი იყო ქართველი ხალხის სურვილი, ქართველი ერის ისტორიული ნება გაცხადებულიყო და ჩვენი ადგილი გვეპოვნა დასავლურ ცივილიზაციაში, რომ პირველი შედეგი უკვე დავდეთ. კარგად იცით, რამხელა დატვირთვა ჰქონდა ამ გზაზე იმ ცნობილ ქალბატონს, ნანა მალაშხიას, ევროკავშირის დროშით რომ იდგა რუსთაველზე. ამ ერთმა კადრმა რეალობა შეცვალა და სრულიად შემოატრიალა ევროკავშირის წევრი ქვეყნების განწყობა ჩვენ მიმართ. თუ ჩვენ რეალურად გვენდომება ცვლილებები, ასეთი კადრები და ადამიანები აუცილებლად გაჩნდებიან, რომლებიც იქცევიან ცვლილებების სიმბოლოდ და თუ მხოლოდ ერთ სცენარს განვიხილავთ, რომელიც ოპოზიციის სისუსტეზე იქნება აწყობილი, ბუნებრივია, ასე ცვლილებებთან ვერ მივალთ.

მთავარია, თითოეულმა ჩვენგანმა და საზოგადოების ყოველმა წევრმა იფიქროს, ილაპარაკოს და აკეთოს მხოლოდ ის, რაც ამ ცვლილებებს განაპირობებს.

- ინტერვიუს ბოლოს უნდა მეკითხა, რას ურჩევდით პოლიტიკოსებს და სამოქალაქო საზოგადოებას, რომ სწორად გავიაროთ ეს გზა ევროკავშირში ინტეგრაციამდე, თუმცა ამ კითხვას უკვე ნაწილობრივ უპასუხეთ. რამდენად მნიშვნელოვანია, პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბება პარტიებისთვის, რათა ევროკავშირში ინტეგრაციის გზის გავლა კონსტრუქციულად შეძლონ?

- ვურჩევდი, იყვნენ ადეკვატურები ახალი დროებისა და პარადიგმისა. სხვა შემთხვევაში, ისინი დარჩებიან ამ პარადიგმის მიღმა და გახდებიან ისტორიის საკუთრება, რადგან ადგილი ცარიელი არასდროს რჩება და ეს პოლიტიკური ვაკუუმიც შეივსება... გამოჩნდებიან ძალები, რომლებსაც ექნებათ ადეკვატური დამოკიდებულებები იმ რეალობასთან, რომელიც მსოფლიოში არსებობს. არ შეიძლება, კონტექსტიდან ამოგლეჯილად განვიხილოთ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, რადგან დღეს ისეთი დიდი ცვლილებები მიდის მთელ მსოფლიოში, ამ პარტიების შიგნით არსებული ურთიერთდაპირისპირება, თუნდაც ამ ტიპის პოლიტიკოსები იმდენად პატარები არიან ამ გლობალურ სურათში, რომ მაინცდამაინც დიდ ყურადღებას არც დავუთმობდი. ამიტომ, მთავარია, ქართველმა ხალხმა დაიჯეროს, რომ ცვლილებები მათ ხელშია და დარწმუნებული ვარ, თუ ვცოცხლობთ, როგორც ერი და სახელმწიფო, ცვლილებების სურვილი უნდა იყოს გარდაუვალი, რადგან ყველა ცოცხალი ორგანიზმის სიცოცხლისუნარიანობისთვის, გარკვეული ციკლის გავლის შემდეგ, აუცილებელია ცვლილება. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოხდება ისევე, როგორც დარწმუნებული ვიყავი, რომ ბევრი სურთულის მიუხედავად, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მივიღებდით. მჯერა ჩემი ქვეყნის, ხალხისა და ცვლილებებისა, რომლებიც გველის.~

 

 ავტორი-თათია გოჩაძე