არჩილ გამზარდია: „პატარა პარტიების გაერთიანების პერსპექტივა, პრაქტიკულად, არ არსებობს“

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ლელოს ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ, ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში დაწერა: „შუა უნდა შეიკრიბოს“... ეს პოლიტიკურ ენაზე ე.წ. შუაშისტური პარტიების გაერთიანებას გულისხმობს. რამდენად აქვს პერსპექტივა ხაზარაძის ინიციატივას - „ვერსია“ ანალიტიკოს არჩილ გამზარდიას ესაუბრა:

 

- „შუა უნდა შეიკრიბოს“ - ეს კონცეფცია გულისხმობს დომინანტი პარტიების ალტერნატიული პლატფორმის შექმნას. ეს დომინანტური პარტიები ნაციონალური მოძრაობა და „ქართული ოცნებაა“, ხოლო ალტერნატიული პლატფორმა ნიშნავს არადომინანტური პარტიების ერთიანი პლატფორმით გამოსვლას იმისთვის, რომ კონკურენტუნარიანობა გაზარდონ და ამომრჩევლისთვის გახდეს უფრო სასურველი, მისაღები. არის ასეთი მოსაზრება, რომელიც მაინცდამაინც კვლევებზე არ არის დაფუძნებული, უბრალოდ, მოსაზრებაა, რომ ადამიანები არ აძლევენ ხმას წაგებისთვის განწირულ პარტიას. ეს პოსტკომუნისტური მიდგომაა, მაგრამ რადგან არსებობს ეს თეზა, შესაბამისად, იგულისხმება, რომ საჭიროა უფრო მძლავრი პლატფორმის შექმნა, როდესაც ადამიანები არ ჩათვლიან საკუთარ ხმას გადაგდებულად და ამიტომაც მისცემენ ხმას.

ეს თეორიული ასპექტია „შუას შეკრების“... კი, კარგი სხარტულაა (ამას სხარტულა დავარქვი) და ეს მიმართულია იმისკენ, თავის დროზე ბიძინა ივანიშვილმა რომ თქვა, „შუა უნდა გაიკრიფოსო“, ერთგვარი „ხელთათმანის სროლაა“ ბიძინა ივანიშვილის მისამართით მამუკა ხაზარაძის მხრიდან, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ იდეაც შეიძლება თეორიულ დონეზე კარგია, სხარტულაც კარგია... განსხვავება ისაა, რომ ცოცხალი ადამიანები, რომლებიც არიან პარტიების წარმომადგენლები და ლიდერები მათემატიკური ცვლადებისგან განსხვავდებიან იმით, რომ შეიძლება ცვლადების დონეზე რაღაცები შეაჯამო და ფორმულა გამოიყვანო, მაგრამ ცოცხალი ადამიანების დონეზე, ყველაფერი ეს, ძალიან რთულია. მეტიც, ეს უნდა ყოფილიყო არა ანონსი, როგორც ზოგადად, პოლიტიკოსებს სჩვევიათ ხოლმე, არამედ, შედეგი. თუკი იქნებოდა ამის მცდელობა არაოფიციალური არხებით, პირველ რიგში, უნდა ეზრუნა ამ პარტიას და სხვა პარტიებსაც სურვილის შემთხვევაში, შეექმნათ ყველაფერი ეს და ეს ფრაზა უნდა ეთქვათ, როგორც შექმნილი რეალობა.

- ანუ, Facebook-სტატუსით არ უნდა გაეჟღერებინა ეს იდეა?

- არა, რა თქმა უნდა. ეს ისაა, ჩვენ რაც გვჭირს, „ფეისბუქზე“ ვიღაცის ნათქვამი მოგვეწონება ან ჩვენივე მოფიქრებული ფრაზა და ამის გაზიარების რეჟიმში ვართ, ხოლმე (იცინის). ამიტომ, მსგავს რამეს ნაკლები პერსპექტივა აქვს.

ამას გარდა, იდეურადაც გაუგებარია, მაგალითად, ლეიბორისტების და გირჩის ერთობა. გასაგებია, რომ ლეიბორისტები ყოველთვის ავტონომიურობას „აწვებიან“ და არ შედიან გაერთიანებებში, მაგრამ... ასევე გაუგებარია, ვთქვათ, ანა დოლიძისა და გირჩის ერთობა და ა.შ. მსგავს რამეს ჩვენთან პერსპექტივა არ აქვს და მე თუ მკითხავთ, კარგია, პერსპექტივა რომ არ აქვს, რადგან პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც ჩვენთან ძალიან გაზარმაცებულები არიან და ინტელექტუალურად, შემოქმედებითად ბევრად დასუსტებულები, მაინც აიძულებს, რომ თვითქმნადობაზე, თვითიდენტობაზე იმუშავონ. სხვა გამოსავალი არ არის, რადგან მაშინ უნდა დადგნენ და ერთი საერთო პარტია შექმნან, რასაც, რა თქმა უნდა, არავინ იზამს.

- არაერთხელ გამოჩნდა, რომ ლელოს აქვს ამბიცია, მსგავსი გაერთიანების პლატფორმა გახდეს, თუმცა აქამდე, არასდროს გამოსვლია. ამის მიუხედავად, ერთსა და იმავე წრეზე რატომ მიდიან პარტიები? ამას რით ხსნით?

- აქ ორი ასპექტია - ერთია აგრესიული მარკეტინგი, როცა რაღაცას აგრესიულად მიჰყვება და ცდილობს, მანამდე მიჰყვეს, სანამ შედეგამდე არ მივა. შეიძლება, რამდენადმე ეს მცდელობა იყოს, იმდენს მოიწადინებენ, რომ ათასი მარცხის მიუხედავად, შესაძლოა, ერთ მშვენიერ დღეს გამოუვიდეთ.

მეორე ასპექტია თვითაქტუალიზაციის შესაძლებლობა, რადგან ასეთი სხარტულები მედიას იზიდავს. ახლაც ვმსჯელობთ ყველაფერ ამაზე მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, ამ წუთში ეს მსჯელობა სრულიად უსაფუძვლოა, რადგან ამის პირობა არ არსებობს, მაგრამ ეს იწვევს ისეთ აქტივაციას, რომელიც რატომღაც პოლიტიკურ ჯგუფებს უყვართ ხოლმე. რატომ უყვართ შედარებით აქტუალურ პოლიტიკურ ჯგუფებს და ვერ მოეშვნენ ამას, ეს ცოტა ძნელი გასარკვევია იმიტომ, რომ დამწყებ პარტიებს შეიძლება ჰქონდეთ ეს სურვილი, რომ რაღაც მოიფიქრონ და გამოჩნდნენ მედიაში, მაგრამ ამ პარტიებს არ აქვთ არც გასაჯაროების, არც მედიაზე წვდომის პრობლემა, მაგრამ ვერ გამოდიან იმ როლიდან, რომ მათი აქტივობები იყოს აქტუალური, მაგრამ შინაარსის მატარებელი რომ უნდა გახდეს, ამას ვერ ახერხებენ.

- ისე, თქვენს ნათქვამზე გამახსენდა, ლეიბორისტები ავტონომიურად იქცევიანო, რომ აღნიშნეთ, რატომ? ნათელაშვილის ფანჩატური აერთიანებდა ოპოზიციას, თუ გახსოვთ...

- კი, მაგრამ საარჩევნო ალიანსები ლეიბორისტებისგან გახსოვთ?

- თავად აცხადებენ, დანარჩენი ოპოზიცია არასწორად რომ არ მოქცეულიყო, ერთიან პოლიტიკურ ქმედებებში ჩაერთვებოდნენ...

- ანუ, „აწვებიან“ იმას, რომ ან ჰქონდეთ გარანტირებული, ან სხვა შემთხვევაში არ ეკარებიან ზედმეტად ასეთ მცდელობებს. ეს ვიგულისხმე, თორემ დიალოგის ხელშეწყობა და მასში თანამონაწილეობა ერთია, მაგრამ როცა გამოდიან პარტიები სხვა პარტიებთან, ხან დუეტები რომ აქვთ და ხან ტრიო... გახსოვთ, ალბათ, წლების განმავლობაში გაერთიანებული ოპოზიცია რომ ერქვათ და შემდეგ რამდენიმე პარტია დარჩა. „ძალა ერთობაშია“-ს შემთხვევაშიც იგივე მოხდა...

- გასაგებია, შესაჯამებლად გკითხავთ - ე.წ. შუაშისტური პარტიები ერთიან პლატფორმას იმიტომ ვერ შექმნიან, რომ იდეოლოგიურად განსხვავდებიან და თან საკუთარ ამბიციაზე უარს ვერ იტყვიან?

- ასეა. პატარა პარტიების გაერთიანების პერსპექტივა, პრაქტიკულად, არ არსებობს იმიტომ, რომ ერთი მხრივ, მათ აქვთ განსხვავებული მსოფლმხედველობა და ეს არის ორიენტირები, რომლითაც გამოდიან ხოლმე პოლიტიკური ჯგუფები. რადგანაც ამაში ურთიერთწინააღმდეგობრივები არიან და ყველა ჯერზე, როდესაც სცადეს ამის გადაბიჯება, წარუმატებლად დამთავრდა. გავიხსენოთ ის, რომ „გირჩები“ და ნაციონალური მოძრაობა თვითმმართველობის არჩევნებზე ერთიანი პლატფორმით გამოვიდნენ და „გირჩები“ აღმოჩნდნენ ძალიან უხერხულ მდგომარეობაში, რადგან ნაციონალური მოძრაობის პირობა - „უფასო კვება სკოლებს“ - გირჩის გადმოსახედიდან მაშინვე მიუღებელი იყო. ეს კომპრომისი მათ პოლიტიკურად საკმაოდ ძვირი დაუჯდათ.

 

 

ავტორი: თათია გოჩაძე