ზვიად გამსახურდიას ცურვა დინების საწინააღმდეგოდ - „წითელი ხუნტას აღსასრული ახლოვდება“ - გასწირა თუ არა დასავლეთმა საქართველოს პირველი პრეზიდენტი

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

30-წლიანი საიდუმლო

 ავტორი: ვანო პავლიაშვილი

 ამბობენ, რომ ისტორიაში რაღაცები მეორდება. ეს სენტენცია ვინმეს, შესაძლოა, ალოგიკური ჰგონია, მაგრამ ამბები, რაც ახლა ყაზახეთში ხდება, რაღაცნაირად, საქართველოში, ლამის 30 წლის წინ მომხდარ მოვლენებს ჰგავს ანუ 1991-92 წლების ქართულ და ახლანდელ ყაზახურ ქრონიკებს შორის პირდაპირი პარალელის გავლება არ შეიძლება, მაგრამ კარგად თუ დავუკვირდებით, მივალთ დასკვნამდე, რომ შორეულ 90-იან წლებში, რუსეთისა და დასავლეთის დაპირისპირების პოლოგონი საქართველო გახდა, ახლა კი ამ, ასე ვთქვათ, მისიას ყაზახეთი ასრულებს. ისე, მაშინ საქართველო, უფრო კონკრეტულად, საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია დასავლეთისთვის მაინცდამაინც მისაღები პერსონა არ იყო. აკი, გავლენიანმა ამერიკელმა პოლიტიკოსმა თქვა კიდეც, გამსახურდია დინების საწინააღმდეგოდ მიცურავსო. ჩვენში დარჩეს და, აწ განსვენებული პრეზიდენტი დინების მიმართულებით არასოდეს მიცურავდა. ზოგადად, დინების მიმართულებით ცურვა მკვდარ თევზებს სჩვევიათ. დინების საწინააღმდეგოდ კი მხოლოდ ისინი მიდიან, რომელთაც იდეა და მიზანი აქვთ ანუ დინების საწინააღმდეგო ცურვა თავისუფლების მოყვარულთ ახასიათებთ. ზვიად გამსახურდია კი, ვინმეს მოსწონს თუ არა, ქართული თავისუფლების სიმბოლო იყო და არის!

 

დიახ, მას სწორედ თავისუფლების ეს სიყვარული არ აპატიეს და მოხდა ის, რაც მოხდა - ეროვნული ხელისუფლება ჩვენივე ხელით დავამხეთ, თუმცა ამ თემაზე საუბარი დღეს მოდური არაა. უფრო მეტიც, 6 იანვარს, ყასიდადაც არავის უთქვამს, რომ ზუსტად 30 წლის წინ, ესე იგი, 1992 წლის 6 იანვარს, ზვიად გამსახურდია იძულებული გახდა და მცირერიცხოვან გარემოცვასთან ერთად, სამშობლო დატოვა... თავდაპირველად, დევნილი პრეზიდენტი აზერბაიჯანის საზღვარს მიადგა, თუმცა ოფიციალურმა ბაქომ გამსახურდიას მიღებაზე ცივი უარი განაცხადა.

ერთ-ერთი მოსაზრებით, აზერბაიჯანს დევნილი პრეზიდენტის მიღებაზე უარი რომ არ ეთქვა, ზვიად გამსახურდიას ბედისწერა, შესაძლოა, სხვანაირი ყოფილიყო, თუმცა ამ ვერსიას გამსახურდიას თანამებრძოლი, უზენაესი საბჭოს წევრი, აწ განსვენებული, თემურ ქორიძე არ ეთანხმებოდა და ამბობდა:

,,გამსახურდიას მისია გაცილებით დიდი იყო, ვიდრე რაღაც პოლიტკონიუნქტურის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება. ზვიადი, ისევე, როგორც მერაბი, იმთავითვე გაჩენილი იყო იმისთვის, რომ შესწირვოდა ამ მისიას, რაც რჩეულთა ხვედრია. გამსახურდიას ეს ჰეროიკული დასასრული მას შემდეგ უნდა დამდგარიყო, როცა იგი უმთავრეს სასიცოცხლო მიზანს მიაღწევდა -გამოაცხადებდა საქართველოს დამოუკიდებლობას. ზვიადს თავის ნაწარმოებებში გაშიფრული აქვს საკუთარი ბედისწერა, გმირული აღსასრული, რომლისკენაც მიიწევდა. საქართველოს ბედისწერა კი არც მუთალიბოვისა და არც პეტროსიანის კეთილ განწყობაზე არ ყოფილა დამოკიდებული“.

შესაძლოა, ასეც იყო და ზვიად გამსახურდიას, მართლაც, ის მისია ჰქონდა, რომელიც შეასრულა - საქართველოს დამოუკიდებლობა აღადგინა, მაგრამ მიუხედავად ამისა, 30 წლის შემდეგაც კი ისევ ბურუსითაა მოცული, თუ რა მოხდა 1991-92 წლებში, საქართველოში და ასევე, გაურკვეველია, რატომ არ გაუწოდა დახმარების ხელი მეზობელმა აზერბაიჯანმა საქართველოს პირველ პრეზიდენტს?

 

***

„პრეზიდენტი, ოჯახის წევრებსა და თანმხლებ პირებთან ერთად, განჯამდე ჩავიდა, თუმცა თავშესაფარზე უარი უთხრეს და გზა ბაქოსკენ აღარ გაუგრძელებია. მიუხედავად იმისა, საქმე უკანონოდ დამხობილ და ქვეყნიდან გაძევებულ პრეზიდენტს ეხებოდა, მათ უარის მიზეზი არ განმარტეს, თუმცა... აიაზ მუთალიბოვმა რუსეთის ფაქტორის გამო ვერ გაბედა, ზვიად გამსახურდიასთვის, თუნდაც დროებით თავშესაფარზე თანხმობა ეთქვა... სხვათა შორის, ძალიან სანდო წყაროსგან მაქვს ინფორმაცია, რომ რუსული სპეცსამსახურები ჯერ კიდევ მაშინ ცდილობდნენ მიახლოებოდნენ სანატორიუმს და მოეკლათ ზვიადი, მაგრამ ვერ აეწყო ოპერაცია. ჩაშლილი სპეცოპერაციიდან, დაახლოებით 8-9 დღეში, გამსახურდიამ სომხეთი მას შემდეგ დატოვა, რაც ჯოხარ დუდაევის დაცვის უფროსი, აბუ არსანუკაევი საკუთარი თვითმფრინავით ერევანში დაჯდა და სომხეთის პრეზიდენტს ესაუბრა. სხვათა შორის, ტერ-პეტროსიანს დაუკავშირდა ჯოხარ დუდაევიც. ისე, პრეზიდენტს არასოდეს უნახავს სანატორიუმში გამსახურდია, რადგან სომხეთს, პრაქტიკულად, დამოუკიდებლობაზე მეტად, მთიანი ყარაბაღის დაპყრობა უღირდა და რუსეთთან კარგი ურთიერთობები სჭირდებოდა.

როცა ზვიადი იჯევანში იყო, ქალაქის საკრებულოს დელეგაციას სთხოვა, გაეჩხრიკათ მისი ბარგი. მიზეზი ის იყო, რომ თბილისში, გადამტრიალებლები აქტიურად მუსირებდნენ, თითქოს გამსახურდიამ გაიტაცა რამდენიმე მილიარდი. ოქმი შეადგინეს, რა თქმა უნდა, ვერაფერი აღმოაჩინეს. როგორც ვიცი, მაშინ ტერ-პეტროსიანთან მოლაპარაკებას აწარმოებდა ზვიადის ერევნელი მეგობარი, ფილოსოფიის დოქტორი და პროფესორი, კარენ სვასიანი. მას შვეიცარიაში შევხვდი, გვიან 90-იანებში“, - იხსენებდა რამდენიმე წლის წინ, გაზეთ „ვერსიისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ზვიად გამსახურდიას უფროსი ვაჟი, კონსტანტინე გამსახურდია.

ასეა თუ ისე, ფაქტების ერთობლიობა იმის თქმის საშუალებას იძლევა, რომ ზვიად გამსახურდია მხოლოდ ქვეყნის შიგნით კი არა, ქვეყნის გარეთაც გასწირეს.

თუ კიდევ უფრო სიღრმეში წავალთ, მაშინ იმის თქმაც შეიძლება, რომ ამ დიდი შეთქმულების დეტალები ჩრდილოეთში შეთანხმდა, თუმცა მთელ ამ პოლიტ-კრიმინალურ აგორაში, ყველაზე უცნაური ისაა, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტისა და ეროვნული ხელისფლების დამხობის, ასევე, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმე, 1992 წლის შემდეგ ხელისუფლებაში მოსულ ერთ პოლიტიკურ ჯგუფსაც კი არ გამოუძიებია.

ყველაფერი ეს კი, ცხადია, აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ საქართველოს უახლეს ისტორიაში სამოქალაქო ომის სახელით შესული ქრონიკების საიდუმლოს ამოხსნა არავის აწყობს.

რატომ? - თუ კულუარულ ვერსიებს გავყვებით, დღესაც არიან პოლიტიკურ ელიტაში ისეთები, რომლებიც ზვიად გამსახურდიას სისხლიან დამხობაში ლომის წილს ასრულებდნენ. თუ ასეა, მაშინ გამოდის, რომ ჩვენ მოჯადოებულ წრეზე ვტრიალებთ და ეს წრე არასოდეს გაიხსნება...

მოკლედ, 1992 წლის 6 იანვარს, ზვიად გამსახურდიამ სამშობლო დატოვა და მისი მოწამეობრივი ცხოვრების ახალი ფურცელი გადაიშალა... 6 იანვრამდე კი იყო 1991 წლის 22 დეკემბერი, საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე - ქართველმა ქართველს, კიდევ ერთხელ, სწორედ ამ დღეს ესროლა!

ისე, ვიღაცები დღემდე ცდილობენ, გაარკვიონ, სასხლეტს პირველად თითი ოპოზიციამ გამოჰკრა თუ პრეზიდენტის გარემოცვამ, მაგრამ ქართული „ვიკიპედიის“ თანახმად, სამოქალაქო ომი იმდროინდელი ოპოზიციის კისერზეა. 

„1991 წლის დეკემბერს, ოპოზიციამ რამდენიმე შენობაზე, მათ შორის, საქართველოს პარლამენტზე, სადაც გამსახურდია იმყოფებოდა, იერიში მიიტანა. მოგვიანებით, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდლის ყოფილი მოადგილე, გენერალი სუფიან ბეპაევი მიუთითებდა, რომ 1991 წლის 24 და 28 დეკემბერს, როდესაც შეიარაღებული ოპოზიცია კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, აღნიშნული სამხედრო ოლქი ცოცხალი ძალითა და ტექნიკით დაეხმარა სამხედრო გადატრიალების ორგანიზატორებს.

მძიმე ბრძოლები თბილისში, 1992 წლის 6 იანვრამდე გრძელდებოდა, რის გამოც, სულ მცირე, 113 ადამიანი დაიღუპა.

6 იანვარს, ზვიად გამსახურდიამ და მისი მთავრობის წევრებმა ალყაშემორტყმული შენობიდან გააღწიეს და აზერბაიჯანში გაიქცნენ, თუმცა იქ მათ თავშესაფარი ვერ მიიღეს. სომხეთმა გამსახურდია მცირე ხნით მიიღო და საქართველოში მის ექსტრადიციაზე უარი განაცხადა. საქართველოსთან დაძაბული ურთიერთობის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით, სომხეთის მთავრობამ გამსახურდიას საშუალება მისცა, ჩეჩნეთში გაქცეულიყო, სადაც მას ჯოხარ დუდაევის მთავრობამ თავშესაფარი მისცა“, - ნათქვამია ქართულ „ვიკიპედიაში“.

მოგვიანებით, გაჩნდება მტკიცებულებები, რომ ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ მოწყობილ ამბოხებას ხელს საბჭოთა ჯარები უწყობდნენ.

1992 წლის 15 დეკემბერს, რუსული გაზეთი „მოსკოვსკიე ნოვოსტი“ აქვეყნებს წერილს, რომლის თანახმადაც, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ყოფილ ვიცე-ხელმძღვანელს, გენერალ-პოლოვნიკ სუფიან ბეპაევს სამხედრო ოპოზიციის დასახმარებლად, თბილისში ქვედანაყოფი ჰყავდა გაგზავნილი.

რუსული გამოცემის მტკიცებით, ამ დანაყოფის ჩაურევლად, გამსახურდიას მომხრეებს გამარჯვება გარანტირებული ჰქონდათ.

ამავე წერილის თანახმად, 1991 წლის 28 დეკემბერს, ოპოზიციამ სატელევიზიო ანძაც, სწორედ რუსი სამხედროების ხელშეწყობით აიღო.

ამის შემდეგ, ერთ დროს მზიან და ია-ვარდების საქართველოში, მოვლენები „არამზიანად“ ვითარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალაუფლებას ხელში სამხედრო საბჭო იღებს, რომელიც ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტის წოდებას ართმევს.

მოგვიანებით, სამხედო საბჭოს თავს „სახელმწიფო საბჭოდ“ აცხადებს და სახელმწიფოს მეთაურობას საქართველოს ცეკა-ს ყოფილ მდივანსა და საბჭოთა კავშირის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს სთავაზობს.

თვითმფრინავი, რომელსაც ედუარდ შევარდნაძე ჩრდილოეთიდან სამშობლოში ჩამოჰყავს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, 1992 წლის 7 მარტს ეშვება.

„ძალაუფლების შეცვლა განხორციელდა, როგორც Fait Accompli ანუ ფორმალური რეფერენდუმისა და არჩევნების გარეშე. შესაბამისად, 1992 წლის შემოდგომამდე, ედუარდ შევარდნაძე ქვეყნის არაფორმალური მმართველი იყო. შემოდგომაზე კი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს“, - აღნიშნულია „ვიკიპედიაში“.

სხვათა შორის, ზუსტად იმ დროს, როცა თბილისში ტყვიები ზუზუნებდა ანუ 1991 წლის 25 დეკემბრიდან 1992 წლის 6 იანვრამდე, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა დე-იურედ 20-მა სახელმწიფომ, მათ შორის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სცნო.

„სამხედრო გადატრიალების დღეებსა და მის შემდეგაც, როგორც თბილისში, ასევე, საქართველოს სხვა ქალაქებში, სისტემატურად მიმდინარეობდა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრეთა საპროტესტო, მშვიდობიანი მიტინგები და დემონსტრაციები. არსებობს გადაუმოწმებელი მტკიცებულებები მომიტინგეთა წამებასა და დახვრეტაზე.

სამხედრო გადატრიალების შემდეგ, „მხედრიონმა“ და ეროვნულმა გვარდიამ წამოიწყეს გამსახურდიას მომხრე რეგიონების დარბევა, რამაც განსაკუთრებით მწვავე სახე სამეგრელოსა და აფხაზეთში მიიღო. ამის გამო, დასავლეთ საქართველოში, წინააღმდეგობის მოძრაობა გაძლიერდა და თანდათან შეიარაღებულ წინააღმდეგობად გადაიქცა“, - იუწყება იმდროინდელი პრესა, რომელიც სახელმწიფო საბჭოს არ სწყალობდა.

ცნობისთვის: საქართველოდან განდევნის მიუხედავად, ზვიად გამსახურდია პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა. ყოველ შემთხვევაში, ცნობილია, რომ 1992 წლის ნოემბერ-დეკემბერში, ფინეთის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფმა და ადამიანთა უფლებების საერთაშორისო საზოგადოებამ ავსტრიასა და ფინეთში მიიწვიეს. ორივე ქვეყანაში გამსახურდიამ არათუ პრესკონფერენციები გამართა, არამედ, პარლამენტარებსა და სხვა ოფიციალურ პირებსაც შეხვდა.

პარალელურად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა თუ რაიონში, გამსახურდიასა და სახელმწიფო საბჭოს მომხრეებს შორის დაპირისპირება გრძელდებოდა.

ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ინციდენტი 1992 წლის 24 ივნისს, თბილისში მოხდა - ამ დღეს გამსახურდიას შეიარაღებულმა მხარდამჭერებმა სახელმწიფო ტელევიზიის ცენტრი აიღეს და რადიოგზავნილიც გააგზავნეს:

„ლეგიტიმური მთავრობა აღდგენილია. წითელი ხუნტას აღსასრული ახლოვდება!“

ამ გზავნილიდან არცთუ დიდი ხნის შემდეგ, ეროვნულმა გვარდიამ გამსახურდიას მომხრეები ტელევიზიიდან გამოდევნა.

ქვეყანაში „ზვიადიზმის“ ჩასახშობად მასობრივი ეგზეკუცია იწყება, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციები მკაცრად აკრიტიკებენ და მიანიშნებენ, საქართველოში ადამიანის უფლებები ირღვევაო, თუმცა მიუხედავად ამისა, ქვეყანამ მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე ფორმალური აღიარება მაინც მოიპოვა.

 

***

1993 წლის 24 სექტემბერი. სენაკში თვითმფნრინავი ეშვება, რომელსაც დევნილი პრეზიდენტი საქართველოში ჩამოჰყავს. სენაკიდან ზვიად გამსახურდია  ზუგდიდში მიდის, სადაც ე.წ. დევნილ მთავრობას აყალიბებს და აცხადებს, რომ  სამხედრო ხუნტის წინააღმდეგ მშვიდობიან წინააღმდეგობას არალეგალურად გააგრძელებს.

პარალელურად, ზვიად გამსახურდია ცდილობს, ანტიშევარდნაძისტული კოალიცია შექმნას, რომელიც, ძირითადად, სამეგრელოსა და აფხაზეთის მოსახლეობას ეყრდნობა.

საქართველოში დაბრუნებული ზვიად გამსახურდიას უმთავრესი მოთხოვნა ხელახალი არჩევნების ჩატარებაა, თუმცა მას შემდეგ, რაც ანტიშევარდნაძისტული კოალიციის მებრძოლები ხელთ ე.წ. სამთავრობო შენაერთების მიერ დატოვებულ, დიდი რაოდენობით სამხედრო ამუნიციას იგდებენ, ხელახალი არჩევნების მოთხოვნა დღის წესრიგიდან იხსნება...

გამსახურდიას მომხრეები უკვე რამდენიმე მნიშვნელოვან ქალაქსა და სატრანსპორტო კვანძს, მათ შორის, ფოთსაც აკონტროლებენ.

„ფოთის ხელში ჩაგდებამ რუსეთის, სომხეთისა (რომელიც სრულად საქართველოს პორტებზე იყო დამოკიდებული) და აზერბაიჯანის ინტერესები საფრთხეში ჩააგდო. ამ სიტუაციაში, სამივე ქვეყანამ ერთგვარი, „ქუიდ პრო ქუო“ სვლა გააკეთა და მხარი შევარდნაძის მთავრობას დაუჭირა, რომელიც თავის მხრივ დასთანხმდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში გაწევრიანებას. მხარდაჭერა სომხეთისა და აზერბაიჯანისგან მხოლოდ პოლიტიკური იყო. რუსეთმა კი სწრაფად მოახდინა ჯარების მობილიზება საქართველოს ცენტრალური მთავრობის დასახმარებლად. 20 ოქტომბერს, დაახლოებით, 2 000 რუსი ჯარისკაცი, რკინიგზის დაცვის საბაბით, საქართველოს საზღრებს კვეთს და ე.წ. სამთავრობო ჯარს იარაღით ეხმარება. 2013 წლის 6 ნოემბერს, „ზვიადისტები“ ზუგდიდს კარგავენ“, - აღნიშნულია ისტორიულ წყაროებში.

1993 წლის ოქტომბრის დამლევს, პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია და მისი რამდენიმე მხარდამჭერი იძულებულნი ხდებიან, თავი სამეგრელოს მთიან ნაწილს შეაფარონ.

1993 წლის 31 დეკემბერს, საქართველოს პირველ პრეზიდენტი ხობის რაიონის სოფელ ხიბულაში იღუპება.

„გამსახურდიას ტყვია თავში აქვს მოხვედრილი“, - იუწყებოდა ბრიტანული მედია.

1994 წლის თებერვალში, პრეზიდენტის ცხედარს გროზნოში გადაასვენებენ. პრეზიდენტის გარდაცვალების მიუხედავად, მის მიმართ სისხლის სამართლის დევნა კიდევ ათი წელი გაგრძელდება და საქმე მხოლოდ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, კერძოდ, 2004 წლის იანვარში შეწყდება.

2009 წელს, პრეზიდენტის პირველი ვაჟის, კონსტანტინე გამსახურდიას ხელმძღვანელობით, პარლამენტში, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი დროებითი კომისია შეიქმნება.

ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ, კომისია ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებაში ახალ ფაქტებსა და გარემოებებს გამოავლენს.

„კომისიის მიერ მოპოვებული მასალები და მათზე დაყრდნობით გაკეთებული დასკვნები აბათილებს თვითმკვლელობის ვერსიას, რომელიც ერთადერთ მსჯელობის საგნად იქცა 1994-2004 წლებში, პროკურატურის მიერ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეში“, - იტყვის 2011 წელს, პარლამენტში გამოსვლისას კონსტანტინე გამსახურდია.

2013 წლის 26 სექტემბერს, ზვიად გამსახურდიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭება.

2015 წელს, ცნობილი ხდება, რომ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით განახლდა. გავა რამდენიმე წელი და პირველი პრეზიდენტის ვაჟები მამის მკვლელობის გამოძიების დასრულების მოთხოვნით, აქციას გამართავენ და იტყვიან, რომ მთავარი პროკურატურა პირველი პრეზიდენტის მკვლელობის გამოძიებას განზრახ აჭიანურებს.

ამის მერე კიდევ ერთი ცუდი ამბავი მოხდება - ცოტენ გამსახურდიას თავს დაესხმებიან და სასიკვდილოდ სცემენ. მართალია, პირველი პრეზიდენტის ვაჟი სიკვდილს დაამარცხებს, მაგრამ ცოტნე სრულად გამოჯანმრთელებული დღესაც არაა...

 

***

ერთი სიტყვით, პოლიტიკას თავისი უცნაური კანონები აქვს, კანონები, რომელთა მიხედვითაც, თუკი საჭიროა, ადამიანის სიკვდილიც კი გამართლებულია ანუ იგივე დასავლეთს რომ მოენდომებინა, ზვიად გამსახურდიას ბედი, შესაძლოა, სხვანაირად წასულიყო, მაგრამ ზოგს ჰგონია, რომ მაშინ ცივილურმა სამყარომ ზურგი გვაქცია. ვდგავართ თუ არა დღესაც ამ საფრთხის წინ? - ზოგი ახლაც ამბობს, რომ ეს საფრთხე რეალურია, რადგან თუ იგივე ევროპა აზერბაიჯანულ გაზს თურქეთის გავლით მიიღებს, საქართველო მსოფლიო პოლიტიკური რუკის უმნიშვნელოვანესი ნაწილი აღარ იქნება, თუმცა დამაიმედებელი ისაა, რომ ბოლო დროს, გავლენიანი ამერიკელი თუ ევროპელი პოლიტიკოსები ერთმნიშვნელოვნად ამბობენ, რომ იგივე უკრაინაში, რუსეთის სამხედრო აგრესიას არ დაუშვებენ ანუ თუ უკრაინა რუსულ ოკუპაციას გადაურჩება, მაშინ ჩვენც მშვიდად ამოსუნთქვის საშუალება მოგვეცემა, მაგრამ პოლიტიკა ზუსტი მეცნიერება არაა, რომ ყველაფერი წინასწარ დეტალურად გათვალო. ამიტომ, ისღა დაგვრჩენია, მოთმინება გამოვიჩინოთ და მოვლენების განვითარებას დაველდოთ...