ქეცბაიას მაცდური წინადადება აქვს

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ერთი წელიც არ გასულა მას შემდეგ, რაც თემურ ქეცბაია კვიპროსის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს. კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი, მას 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ბოლომდე აქვს გაფორმებული, ანუ შესაძლებლობა და დრო ექნება, საკუთარ თარგზე მოჭრას. სხვათა შორის, ევროპის შესარჩევში, კვიპროსი ჩვენი მეტოქეა...

კონტრაქტის ვადის გათვალისწინებით, ქეცბაიას მიმართ ინტერესი არ უნდა ყოფილიყო, თუმცა კვიპროსული მედია ჯიუტად წერს, ძალიან დიდია იმის შანსი, ქეცბაიამ სანაკრებო სამუშაოს თავი დაანებოს და კვლავ კლუბს დაუბრუნდესო. მისი გადაბირება კვიპროსულ „პაფოსს“ სურს, რომელიც ამბიციური რუსი ბიზნესმენების ხელშია და მათ არა მარტო ის უნდათ, რომ გუნდი ქვეყნის ჩემპიონი, ან თასის მფლობელი გახდეს, არამედ, გარკვეულ წარმატებას ევროსარბიელზეც მიაღწიოს.

„ჩვენი ინფორმაციით, „პაფოსის“ წარმომადგენლები ქეცბაიას უკვე ესაუბრნენ და მას წლიურ ჯამაგირად 300 ათასი ევრო და ბონუსები შესთავაზეს. თუ კლუბი კვიპროსის ჩემპიონი გახდება, ან თასს მოიგებს, ხელფასზე ქართველ სპეციალისტს სოლიდური დანამატი გამოუვა. გარდა ამისა, თუ ქეცბაია ფედერაციასთან კონტრაქტს ცალმხრივად, ვადაზე ადრე გაწყვეტს, მაშინ ჯარიმის თანხის გადახდაც „პაფოსის“ შეფებს მოუწევთ“, - წერს კვიპროსული მედია.

ვერ გეტყვით, რას გადაწყვეტს ქართველი სპეციალისტი, თუმცა კვიპროსული გამოცემების უმრავლესობის მტკიცებით, კლუბის მფლობელები არაერთი ათეული მილიონი დოლარის დახარჯვას აპირებენ და მათი გეგმების განხორციელებაში, ქეცბაიას ერთ-ერთ მთავარ „კოზირად“ მოიაზრებენო.