როცა გეუბნებიან, რომ წაგება კარგია...

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ნორვეგია-საქართველოს შეხვედრაზე ბევრი დაიწერა, უფრო ბევრი ითქვა და... სანაკრებო ბატალიები ჩვენ 15 ოქტომბრამდე დაგვემშვიდობა, 15-ში კი, საქართველო თემურ ქეცბაიას კვიპროსს მასპინძლობს. ძალიან, ძალიან დიდია იმის შანსი, რომ კვიპროსს საკუთარ კედლებში დავამარცხებთ (გასვლაზე დავამარცხეთ) და სამწვრთნელო შტაბი იტყვის, ბოლო ორი წაგებიდან სერიოზული დასკვნები გამოვიტანეთ, ყველაფერი უკან დარჩაო. რეალურად კი, სწორედ ესპანეთთან და ნორვეგიასთან შეხვედრებში გამოჩნდა, რომ ვილი სანიოლი რიგითზე რიგითი მწვრთნელია, ტაქტიკა-სტრატეგიაში რამე ახლის მოფიქრება და რაც მთავარია, მატჩის მსვლელობისას რამეს შეცვლა, უბრალოდ, არ შეუძლია და ერთი ჩვენი კოლეგის თქმის არ იყოს, ასეთი უცხოელის მოწვევა რად გვინდოდა, რეკორდულ მარცხს ადგილობრივი კადრებითაც გადასარევად მოვახერხებდით.

არაფერს ვამბობთ ესპანეთთან კატასტროფულ და ყველა დროის რეკორდულ შერცხვენაზე. მართლა გვეგონა, რომ ნორვეგიასთან მატჩში, სანიოლი რამე ახალს მოიფიქრებდა, ბიჭებს ფსიქოლოგიურად მოამზადებდა, მით უმეტეს, ამისთვის ინგლისელი სპეციალისტი დავამატეთ სანაკრებო შტაბს და... ის, რაც ნორვეგიაში ვიხილეთ, იყო უსუსური ნაკრების უსუსური ასპარეზობა. მეტიც, მაშინ, როცა მეტოქე 2:0-ს იგებდა და ბურთი საკუთარ მოედანზე ჰქონდა, ჩვენები არ ცდილობდნენ ასვლას, წართმევას, ქტიურობას. ისინი მყარად იდგნენ დაცვაში და ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ რაც შეიძლება, ნაკლები გოლი გაეშვათ, თორემ წაგებას შეგუებულები იყვნენ. ნორვეგიელთა თავკაცმა ნამატჩევს თქვა, საქართველოსგან ბევრად მეტ შეტევას ველოდით და გაგვიკვირდა, ქართველები რომ არ გვიტევდნენ, ბურთის წართმევას რომ არ ცდილობდნენო. ჰო, მეტოქის მწვრთნელმა თქვა, გამიკვირდაო და რიგითი გულშემატკივარი რა დღეში იქნებოდა, ხომ წარმოგიდგენიათ. სამაგიეროდ, ნამატჩევს ფრანგი სპეციალისტი ამაყად ამბობდა, შოკიდან გამოვედით და რომ გაგვმართლებოდა, არ წავაგებდითო.

ვინმე აგვიხსნის, რატომ უნდა გაგვმართლებოდა? იერიშები მივიტანეთ და იმათმა მეკარემ თავი გაიგიჟა, თუ კარისკენ იმდენი ვურტყით, სათვალავი აგვერია? სანიოლი ვერ იტყვის, ფეხბურთელები არ მყავსო, რადგან ზედიზედ ორი მატჩი, სერია A-ს მცველი თადარიგში რომ გიზის, გამოდის, ფართო არჩევანი გაქვს. მატჩამდე ყველა ამბობდა, თუ ფრანგი დაცვაში ისევ კვირკველიასა და კაშიას დააყენებს, ერლინგ ჰალანდი გოლს აუცილებლად გაიტანს, რადგან ასაკში მყოფ მცველებს გასული სეზონის პრემიერლიგისა და ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელთან და ბომბარდირთან გამკლავება გაუჭირდებათო. ამას ამბობდა ყველა, მაგრამ სანიოლმა მაინც ეს დუეტი აირჩია და ჰალანდმაც გაგვიტანა...

ახლა, ერთადერთი საფიქრალი ერთა ლიგის პლეი-ოფებია, საიდანაც ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი გვაქვს. ფეხბურთის ფედერაცია ვალდებულია, სანიოლს პასუხისმგებლობა დააკისროს, რამე შეცვალოს, ცოტა მკაცრად დაელაპარაკოს, თორემ ისე გამოდის, რომ ფრანგი სპეციალისტი 1:2 წაგებით კმაყოფილია და უნდა, რომ ჩვენც კმაყოფილები ვიყოთ.

P.S. საქართველო-ესპანეთის მატჩში, ალვარო მორატამ გიორგი მამარდაშვილს 3 გოლი გაუტანა. შაბათს, მამარდაშვილის „ვალენსია“ მორატას „ატლეტიკოს“ ესპანეთის პრიმერადივიზიონის მეხუთე ტურში შეხვდა. წუთის განმავლობაში უტევდა მორატა, კარშიც დაურტყა რამდენჯერმე, მაგრამ „ვალენსიამ“ შეხვედრა 3:0 მოიგო. როგორ გგონიათ, მამარდაშვილმა თბილისში ვერ ითამაშა და ესპანეთში გაიგიჟა თავი? არა, უბრალოდ, ესპანეთის პრიმერაში ერთ-ერთ ყველაზე ცუდ დაცვად აღიარებულ „ვალენსიასაც“ კი, საქართველოს ნაკრების მცველებზე უკეთესი შემადგენლობა ჰყავს.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე