“ევერტონის” შესყიდვა “რომას” მფლობელ დენ ფრიდკინს სურს

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ინგლისის ერთ-ერთი ისტორიული საფეხბურთო კლუბის, ლივერპულის “ევერტონის” შესყიდვის რბოლაში ამერიკელი ბიზნესმენი, დენ ფრიდკინი დაწინაურდა. როგორც “ევერტონის” ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, მას შემდეგ, რაც ამერიკულ 777 Partners-თან მოლაპარაკებები ჩაიშალა, კლუბი მაქსიმალურად მოწადინებულია, რომ დენ ფრიდკინის ჰოლდინგთან მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდეს.

ამერიკელი დენ ფრიდკინი The Friedkin Group-ის გენერალური დირექტორია, ხოლო თავად ეს ჰოლდინგი იტალიის ერთ-ერთ საკულტო საფეხბურთო კლუბ “რომას” და ფრანგულ “კანს” ფლობს, რომელიც საფრანგეთის მეორე ნაციონალურ ლიგაში, ანუ რიგით მეოთხე ყველაზე ძლიერ დივიზიონში ასპარეზობს. თუმცა, The Friedkin Group-ის ქონების უდიდესი ნაწილი მოდის არა საფეხბურთო კლუბებზე, არამედ იაპონური Toyota-ს მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდესი დამოუკიდებელ სადილერო ქსელზე და რამდენიმე ტურისტულ ატრაქციაზე. დენ ფრიდკინის ქონებას ამერიკული Bloomberg-ი $9.2 მილიარდად აფასებს, ანუ ის 271-ე ყველაზე მდიდარი ადამიანია პლანეტაზე.

ლივერპულის “ევერტონის” ამჟამინდელი მფლობელი, ბრიტანელ-ირანელი ბიზნესმენი ფარჰად მოშირი კლუბის გაყიდვას დიდი ხანია ცდილობს, რაც, ძირითადად, კლუბის წარუმატებლობას უკავშირდება, როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა. ფარჰად მოშირიმ “ევერტონი” 2016 წელს შეიძინა, მაგრამ რამდენიმე წელიწადში მსოფლიოს პანდემია დაატყდა თავს - პერიოდი, რომელმაც განსაკუთრებით მძლავრად სპორტულ ინდუსტრიას დაარტყა.