სანიოლმა შემადგენლობა დაასახელა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სამ კვირაზე ნაკლები დარჩა... 18 ივნისს, საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო შეხვედრას გამართავს. ქართული ფეხბურთის ისტორიის ახალი ფურცელი სწორედ ამ დღეს დაიწერება. რა თქმა უნდა, ქართველი გულშემატკივარი მოუთმენლად ელოდა ვილი სანიოლის გადაწყვეტილებას და აინტერესებდა, თუ ვის შეიყვანდა ევროპის ჩემპიონაის განაცახადში ფრანგი სპეციალისტი. ჰოდა, ნაკრების თავკაცმაც სია ჩამოწერა და მოდით, თავიდანვე გეტყვით, რომ ცვლილების განხორციელება მოუხდა. მან სიაში ჯაბა კანკავა შეიყვანა, თუმცა, ნაკრების ვეტერანმა თავად თქვა უარი ევროპის ჩემპიონატზე თამაშზე და აღნიშნა, რომ გერმანიაში მხოლოდ გულშემატკივრის რანგში წავა. მის ნაცვლად ფრანგმა სპეციალისტმა გაბრიელ სიგუა გამოიძახა, თუმცა... გულშემატკივარი ელოდა, რომ ის ირაკლი აზაროვს დაუძახებდა და თუ რატომ, ამაზე ოდნავ ქვემოთ, მანამდე კი, ჩვენი ნაკრების განაცხადს გავეცნოთ:

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), გიორგი ლორია („დინამო“ თბილისი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბახი“, აზერბაიჯანი);

მცველები: სოლომონ კვირკველია („ალ ახდუდი“, საუდის არაბეთი), გურამ კაშია („სლოვანი“, სლოვაკეთი), გიორგი გველესიანი („პერსეპოლისი“, ირანი), ლაშა დვალი („აპოელი“, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, იტალია), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, პოლონეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი“, უკრაინა), ჯიმი ტაბიძე („პანეტოლიკოსი“, საბერძნეთი);

ნახევარმცველები: ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, ავსტრია), ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე („უოტფორდი“, ინგლისი), გიორგი წიტაიშვილი („დინამო“ ბათუმი), ლევან შენგელია („პანეტოლიკოსი“, საბერძნეთი),  სანდრო ალთუნაშვილი („ვოლფსბერგერი“, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი („ლევანტე“, ესპანეთი), გაბრიელ სიგუა („ბაზელი“, შვეიცარია), ანზორ მექვაბიშვილი („კრაიოვა“, რუმინეთი);

თავდამსხმელები: გიორგი მიქაუტაძე („მეცი“, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია), გიორგი ქვილითაია („აპოეელი“, კვიპროსი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), საბა ლობჯანიძე („ატლანტა იუნაიტდი“, აშშ), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, იტალია).

რაც შეეხება შემადგენლობას. ვაღიაროთ, რომ მოულოდნელი არაფერი ყოფილა, გარდა ერთისა - ყველა ელოდა, რომ სანიოლი ირაკლი აზაროვს აუცილებლად გამოიძახებდა. „შახტარის“ ქართველი ლეგიონერი ნაკრების ლამის უცვლელი წევრი იყო და რაც მთავარია, გუნდისთვის სარგებელიც მოჰქონდა, თუმცა ბოლო დროს უთამაშებელი იყო და სანიოლმაც მიზეზად სწორედ ეს დაასახელა, მაგრამ გულშემატკივართა აბსოლუტურ უმრავლესობას მიააჩნია, რომ აზაროვი შემადგენლობაში უნდა იყოს. კიდევ ერთი, რაც გულშემატკივარს არ მოსწონს, ის გახლავთ, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასული უკლებლივ ყველა ნაკრები, ყველაზე ცოტა, ორ ამხანაგურ შეხვედრას მართავს, ჩვენ კი, მხოლოდ ერთს და ისიც ვთქვათ, რომ საქართველო ევროპაზე ერთადერთი დებიუტანტია და რეიტინგში, გერმანიაში მყოფი ნაკრებებიდან, ყველაზე დაბალ საფეხურზე დგას.

შეგახსენებთ, რომ 18 ივნისს ჩვენი ნაკრები დორტმუნდში თურქეთს შეხვდება, 22 ივნისს, ჰამბურგში - ჩეხეთს, ხოლო, 26 ივნისს, გელზენკირხენში - პორტუგალიას. ევროპის ჩემპიონატამდე საქართველო ამხანაგურ მატჩს მონტენეგროსთან 9 ივნისს ჩაატარებს.