კვარაცხელია საგოლე გადაცემით და... „ბარსელონათი“ დაბრუნდა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“, სამმატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა და გასვლაზე „მონცას“ 4:2 სძლია. საქართველოს ნაკრებში ტრავმით გამოწვეული პაუზის შემდეგ, ქართველი შემტევი მოედანს დაუბრუნდა, წესისამებრ, მწვრთნელმა ის ძირითადში დააყენა და 68-ე წუთამდე ათამაშა. ნამატჩევს, კალცონამ განაცხადა, კვარას ტრავმა ახალი მოშუშებული აქვს, ამიტომ გავუფრთხილდი და შევცვალეო. უშუალოდ შეხვედრას რაც შეეხება, ჩვენებური ერთ-ერთი გამორჩეული იყო, მეტიც, წაგებულ პირველ ტაიმში, მეტოქის მეკარე მხოლოდ მან შეაწუხა, მეორე ნახევარში საგოლე გადაცემაც მიითვალა და ერთ-ერთი საუკეთესო შეფასებაც მიიღო, თუმცა ქომაგი კვარაცხელიას და კლუბის ხელმძღვანელობას ეჭვის თვალით უყურებს. რატომ? ესპანური მედია ამტკიცებს, „კვარადონა“ ახალ სეზონს დიდი დიეგოს კიდევ ერთ კლუბში, კატალონიურ „ბარსელონაში“ დაიწყებს და შეთანხმება უკვე მიღწეულიაო.

„კატალონიურ კლუბს აუცილებლად სჭირდება ერთი ხმაურიანი ტრანსფერი. ხუან ლაპორტას გადაწყვეტილი აქვს, ხვიჩა კვარაცხელია შეიძინოს და მზად არის, მის სანაცვლოდ, 130 მილიონი ევრო გადაიხადოს ანუ ზუსტად იმდენი, რამდენსაც „ჩელსი“ ვიქტორ ოსიმენში უხდის ნეაპოლელებს. „ბარსას“ წარმომადგენლები აურელიო დე ლაურნეტისს უკვე შეხვდნენ და არაოფიციალურ დონეზე შეთანხმებასაც მიაღწიეს“, - წერს ესპანური მედია.

იტალიელებმა კი გამოითვალეს, რომ გუნდში, მოედანზე გატარებული წუთების დაჯამების მიხედვით, ყველაზე დაბალი ხელფასი კვარაცხელიას აქვს, რაც დიდი უსამართლობაა და დე ლაურენტისი მისთვის პირობების გაუმჯობესებას არ ჩქარობს. ამიტომ, ლოგიკურია, რომ ხვიჩამ გუნდიდან წასვლაზე იფიქროს, მაგრამ...

„არსებობს იმის ალბათობა, რომ სეზონის ბოლოს, „რეალი“ ვინიციუს ჯუნიორს შეელიოს, რადგან ფეხბურთელი მუდმივად კონფლიქტებში ეხვევა, მიღებული 7 ყვითელი ბარათიდან, 6 - მსაჯთან კამათის გამო აქვს და მუდმივად აპელირებს, რომ მას სტადიონის ყველა ტრიბუნიდან რასისტული შეძახილები ესმის. მეტიც, მან „ბილბაოსთან“ შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი თქვა, აქაოდა, რასისტულ შეძახილებს ველოდები და ვერ ავიტანო (არადა, მატჩი მადრიდში, „რეალის“ სტადიონზე ჩატარდა). ჰოდა, თუ „სამეფო გუნდი“ ვინიციუსს გაყიდის, მის პოზიციაზე უპირველესი კანდიდატი კვარაცხელია იქნება“, - ამასაც ესპანური მედია წერს.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე