"UEFA-სთან" კომუნიკაცია დაწყებულია - სად შეიძლება გაიყიდოს ევრო 2024-ის ბილეთები ქართველი გულშემატკივრისთვის?

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ახლო მომავალში გვეცოდინება და საჯაროდ განვაცხადებთ, რა ფორმით მოხდება ჩვენი გულშემატკივრისთვის ბილეთების გაცემა, - ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა "რუსთავი 2-ის" ეთერში "ევრო 2024"-ის მატჩზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, "UEFA-სთან" კომუნიკაცია დაწყებულია და დეტალები უახლოეს მომავალში გავრცელდება.

"თამაშის შემდეგ უამრავი მესიჯი, ზარი და ინფორმაცია შემოდიოდა. "UEFA-სთან" კომუნიკაცია დაწყებული გვაქვს და ახლო მომავალში გვეცოდინება და ამას, საჯაროდ განვაცხადებთ, თუ რა ფორმით მოხდება ჩვენი გულშემატკივრისთვის ბილეთების გაცემა, რა პლატფორმებზე იქნება ამის საშუალება. სავარაუდოდ, თავად UEFA აორგანიზებს და ალბათ, ბილეთებს თავიანთ პლატფორმებზე გაყიდიან. დღეს გამიჭირდება რამე კონკრეტული გითხრათ, თუმცა შემიძლია ვთქვა ის, რომ ყველა თამაშზე როგორც ერთი, ისე მეორე გუნდის გულშემატკივრებს, თანაბრად უნაწილდება ბილეთები. რაღაც ნაწილი საჯარო სივრცეში გადის, სავარაუდოდ, გაიყიდება, რაღაც ნაწილს თავად UEFA იტოვებს თავიანთი პარტნიორებისა და სპონსორებისთვის. ამ ყველაფერზე ფეხბურთის ფედერაცია უახლოეს მომავალში გააკეთებს ოფიციალურ განცხადებას და ნებისმიერ გულშემატკივარს ექნება სრული ინფორმაცია,"- აცხადებს ლევან კობიაშვილი.

ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. 26 მარტს, საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს სძლია. ანგარიშის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა და საქართველოს სასარგებლოდ - 4:2 დასრულდა. ისტორიული შეხვედრა თბილისში, "დინამო არენაზე" გაიმართა.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ თამაშს დორტმუნდში, თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ, 18 ივნისს ჩაატარებს.