ბასილაშვილმა კარგად დაიწყო, მაგრამ...

კალათბურთი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ისტორია ვერ გადაწერა. სამწუხაროდ, ნიკა „ინდიან უელსის“ მასტერსის ფინალში, ბრიტანელ კამერონ ნორისთან დამარცხდა. არადა, გამარჯვების ძალიან, ძალიან კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა...

პირველი სეტი ნიკამ მძიმედ დაიწყო. მოთამაშეებმა ჩაწოდებები გაცვალეს, მაგრამ მესამე გეიმში, ნორიმ ბრეიკი შეასრულა და წინ გავიდა. ბრიტანელმა თავისი ჩაწოდებაც მოიგო და 3:1 დააფიქსირა. ამის შემდეგ, ბასილაშვილმა უშეცდომოდ ითამაშა, ზედიზედ ორი ბრეიკი შეასრულა და სეტი 6:3 მოიგო.

მეორე სეტი ბევრად დაძაბული გამოდგა. ჩვენებურმა მესამე გეიმში ბრეიკი შეასრულა, წინ გავიდა, თუმცა ანერვიულდა, კამერონმა უკუბრეიკი შეასრულა და თამაშში დაბრუნდა. ეს იყო გარდამტეხი მომენტი, რომ არა ეს ხუთწუთიანი მონაკვეთი, ბასილაშვილი მეორე სეტს და, შესაბამისად, ფინალსაც მოიგებდა. ამის შემდეგ, ორივე ჩოგბურთელი საკუთარ ჩაწოდებაზე დამაჯერებლად ასპარეზობდა. სამწუხაროდ, იმ დროს, როდესაც ანგარიში ნორის სასარგებლოდ 5:4 იყო, ბრიტანელმა კვლავ ბრეიკი შეასრულა და სეტებს შორის ანგარიში გაათანაბრა.

მესამე სეტი კი მთლიანად მეტოქის იყო. ნორიმ ჯერ საკუთარი მოწოდება მოიგო, მერე ბრეიკი შეასრულა, შემდეგ კვლავ მოიგო მოწოდება და წინ 3:0 გავიდა. ამასთან, ბრიტანელი შეცდომას პრაქტიკულად აღარ უშვებდა, ბასილაშვილმა კი თავისი ჩაწოდება ისევ დათმო და 1:5 დაფიქსირდა. რაღა თქმა უნდა, კამერონმა ასეთი შანსი ხელიდან აღარ გაუშვა, მატჩზე ჩააწოდა და „ინდიან უელსის“ მასტერსი მოიგო.

აღნიშნული ტურნირის ფინალში გასვლით, ბასილაშვილმა მაინც დიდ წარმატებას მიაღწია. ფინალში თამაშით, ბასილაშვილმა 640 ათასი დოლარი და 600 სარეიტინგო ქულა გაინაღდა, თუმცა რომ მოეგო, 1 209 730 დოლარსა და 1000 სარეიტინგო ქულას გამოიმუშავებდა. ახალ მსოფლიო რეიტინგში, ბასილაშვილი მისთვის სარეკორდო, მე-15 ჩოგანი იქნება.