კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატის ბომბარდირთა სიას სათავეში მოექცა

ფეხბურთი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ნეაპოლში, დიეგო მარადონას სახელობის სტადიონზე, ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი შედგა. „კვარადონას“ ადგილობრივი პუბლიკა თბილად შეხვდა და მისგან სასწაულს ელოდა. ქართველმა ლეგიონერმა კი ისეთი სასწაული მოახდინა, რომ მატჩის შემდგომ, იტალიური პრესა საქებარ სიტყვებს არ იშურებდა.

„ლა გაზეტა დელო სპორტ“-ი: „კვარაცხელიას შოუ! ქართველი ლეგიონერი სეზონის საწყის ორივე ტურში ძალიან შთამბეჭდავი იყო, ხოლო მისი გუნდი თამაშობდა ძალიან ლამაზ ფეხბურთს. კვარაცხელიას სტარტი წარმოუდგენელია, ის სრულყოფილი ფეხბურთელია. ორ ტურში მან სამი გოლი გაიტანა და აქედან ერთი - თავით, მეორე - მარცხენა ფეხით, მესამე - მარჯვენათი. ნეაპოლელებმა ჯადოქარი იყიდეს“.

„კორიერე დელო სპორტ“-ი: „კვარაცხელიამ „მონცასთან“ მატჩში, პირველი გოლისას, ნამდვილი შედევრი შექმნა, მეორე გოლის დროს კი საოცარი დრიბლინგი გვიჩვენა. ორი ტურის შემდეგ, ყველა მიხვდა და ყველამ გაიაზრა, რომ „ნაპოლიში“ ფენომენი გადაბარგდა. მას ყველა თვისება აქვს, უმაღლესი კლასის ფეხბურთელი გახდეს!“

ჩვენი აზრით, ყველაზე საინტერესო, ნამატჩევს, ნეაპოლელთა თავკაცმა, ლუჩანო სპალეტიმ თქვა:

„ჩვენ ჯერ არ გვინახავს მისი რეალური ძალა. დამიჯერეთ, რომ ის ჯერ მხოლოდ იწყებს, ასე ვთქვათ, ხურდება და მერე ნახავთ, რა შეუძლია. ნელ-ნელა, მეტად თავდაჯერებული გახდება, ნაკლებს ინერვიულებს და ყველაფერი ეს, მის თამაშზე დადებითად აისახება“, - განაცხადა მან.

აბა, როგორ არ შეგახსენოთ, რომ კვარაცხელია „ნაპოლიში“ ბათუმის „დინამოდან“ 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა და უკვე აღარავინ მალავს, რომ ეს ბიჭი დღეს, ყველაზე ცოტა, სამჯერ ძვირი ღირს. თუ ასე გაგრძელდება, სეზონის ბოლოს, გრანდების მთავარი სამიზნე, სწორედ კვარაცხელია იქნება და არც ის გაგვიკვირდება, თუ მის სანაცვლოდ, ცხრანიშნა თანხას ჩამოვლენ. ჰო, კვარაცხელიას თამაშს საკუთარ გვერდზე მარადონას შვილიც გამოეხმაურა და ჩვენებურის ფოტო აღფრთოვანებული კომენტარით გააზიარა, თუმცა ყველაზე ორიგინალური მაინც ერთ-ერთი ნეაპოლელი გულშემატკივარი იყო, რომელმაც კლუბის ოფიციალურ გვერდზე შემდეგი დაწერა: „როგორ ავუხსნა ჩემს მეგობარ გოგოს, რომ კვარაცხელია შემიყვარდა?!“

ავტორი: ბათო ჯაფარიძე