გიორგი სარდალაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შვიდი წლის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც 13 წლის ბავშვი ამბობდა, მე ძიუდოსთვის მაქვს თავი გადადებული და ყველაფერს გავაკეთებ, მსოფლიოს ჩემპიონი რომ გავხდეო. სამი-ოთხი წლის შემდეგ, ამ ბავშვმა მსოფლიოს ჩემპიონატი მართლა მოიგო, ოღონდ, ახალგაზრდებში და  ნელ-ნელა, ეროვნულ ნაკრებსაც გაუშინაურდა. მერე იყო აბუ-დაბის გრანდ სლემი, უკვე დიდებში მოგებული და აგერ, ისევ აბუ-დაბი, იგივე დარბაზი, იგივე გარემო და გიორგი სარდალაშვილი ბავშვობის ოცნების ასახდენად მიდის.

მოდით, ვაღიაროთ, ეს შემდეგ ყველამ თქვა, გიორგისგან ოქროს არავინ ელოდა. ბრინჯაოს მედალიც რომ აეღო, ყველა ტაშს დაუკრავდა, მაგრამ თავად სარდალაშვილი, საბედნიეროდ, სულ სხვაგვარად ფიქრობდა. მან ერთი-მეორეს მიყოლებით დამარცხა მეტოქეები, განსაკუთრებით,ნახევარფინალში გაუჭირდა, სადაც იაპონელ მოწინააღმდეგეს აჯობა, ფინალში კი... ფინალი ცალკე სათქმელი თემაა, ფილმის გადაღებაც კი შეიძლება. დამატებით დროში, მეტოქემსარდალაშვილი შებოჭა და შებოჭა ისე, რომ იმ სიტუაციიდან თავის დაღწევა წარმოუდგენლად ჩანდა, თუმცა გიორგიმ საკუთარ თავს აჯობა და შებოჭვის მეცხრე წამზე, სიტუაციიდან გამოძვრა. კიდევ წამიც და... ჰო, ერთი წამი და ჩემპიონი სხვა იქნებოდა. როგორც ჩანს, სწორედ ეს მომენტი იყო გარდამტეხი და გადამწყვეტი, რადგან ქართველს აშკარა ფსიქოლოგიური უპირატესობა ჰქონდა, გდებაც გააკეთა და 20 წლის ასაკში, მსოფლიოს ჩემპიონის ოქროს მედალიც დაიკიდა მკერდზე.

 

ავტორი: ბათო ჯაფარიძე