ფინალების სინდრომი ანუ ბოლოს რაღაც გვაკლია

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში, ძიუდოისტთა შორის, ევროპის ჩემპიონატი დასრულდა. ერთი შეხედვით, ეს ტურნირი, საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებულად უნდა ჩავთვალოთ, რადგან საერთო ჯამში, ჩვენმა გუნდმა შვიდი მედალი მოიპოვა და არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა, მაგრამ...

ჯერ ოქროს მედალოსნებზე ვთქვათ. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ევროპის ჩემპიონატი კვლავ მოიგო ვაჟა მარგველაშვილმა და ვაღიაროთ, რომ მას აღნიშნული გამარჯვება, ზედ ოლიმპიადის წინ, ძალიან, ძალიან წაადგება. მოლოდინი გაამართლა ტატო გრიგალაშვილმა, რომელმაც ოქროს მედალი ერთი ამოსუნთქვით მოიგო და თუ ოლიმპიადაზე ვინმესგან გარანტირებულ ოქროს მედალს ველით, ეს სწორედ გრიგალაშვილია. ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავა და გაიმარჯვა ეთერ ლიპარტელიანმა. ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ძიუდოისტისთვის სტაბილურობა ძალიან კარგია და ოლიმპიადაზე მისგან სამეულში შესვლას ველოდებით, ტურნირის ბოლო დღეს კი...

ველოდებოდით, რომ -90, -100 და +100 კილოში, ჩვენი ბიჭები ოქროსთვის იბრძოლებდნენ და თითქმის ასეც მოხდა: -100-სა და +100-ში, ილია სულამანიძე და გურამ თუშიშვილი ფინალში გავიდნენ, მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა კი მოულოდნელი მარცხი განიცადა და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლა. პრინციპში, რაღა იბრძოლა, დამაჯერებლად მოიგო კიდეც, აი, ფინალები კი...

სულამანიძემ მატვეი კანიკოვსკისთან წააგო, თუშიშვილმა - ინალ ტასოევთან და მაშინვე გასული ოლიმპიადა გაგვახსენდა, როცა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებიდან, ფინალამდე ოთხი მივიდა,ოქრო კი მხოლოდ ერთმა მოიპოვა. ჰოდა, ამიტომ ვეჭვობთ, გადამწყვეტ შეხვედრებში რაღაც გვჭირს და ეს ახალი სენი არაა. გავიხსენოთ ვარლამ ლიპარტელიანი, ნაკრების კაპიტანი, რომელიც დიდი სპორტიდან ერთი თვის წინ წავიდა - ორჯერ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი წააგო, ერთხელ - ოლიმპიადის და მართალია, ევროპის ჩემპიონის სამი ოქროს მედალი აქვს, მაგრამ სამი ოქროს პარლალეურად, ოთხი ფინალი აქვს წაგებული. ჰოდა, ნაკრების თავკაცებს სწორედ ამ მიმართულებით მართებთ მუშაობა. გვჯერა, ოლიმპოიადამდე, ლაშა გუჯეჯიანი ამ პრობლემას მოაგვარებს და ბიჭებს მეტ თავდაჯერებულობას შემატებს.

ტურნირის ბოლო დღეს, გუნდური შეჯიბრი გაიმართა და საქართველოს ნაკრები ფინალში გავიდა, თუმცა... საფრანგეთთან უშანსოდ - 0:4 წააგო და ვერცხლის მედალს დასჯერდა. სამაგიეროდ, ზაგრებში, 2023 წლის საუკეთესოთა დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა და გასული წლის საუკეთესო ძიუდოისტად ტატო გრიგალაშვილი დასახელდა, წლის საუკეთესო ახალგაზრდა ძიუდოისტად - შალვა გურეშიძე, წლის ნაკრებად - საქართველოს ვაჟთა და ქალთა შერეული ნაკრები, რაც ქართული ძიუდოსთვის ძალიან, ძალიან დიდი აღიარებაა.