“მივდივარ სალოცავად და არა იმისთვის, რომ ვინმეს რამე დავუშავო” - მამა შალვა (კეკელია) “ბასიანზე”

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის დეკანოზი შალვა კეკელია კლუბ ბასიანთან პარაკლისის ჩატარებას აპირებს. ამის შესახებ, მან ქადაგებისას განაცხადა.

"მინდა, რომ მივიდე იმ კლუბთან, იმ ბასიანთან... მინდა, რომ იქ პარაკლისი გადავიხადო, არასაკამათოდ. ახალგაზრდები ღამის 12 საათზე აპირებენ მისვლას, როგორც დავადგინე, ჩვენ ღამის 11 საათზე მივიდეთ უბრალოდ, პარაკლისი გადავიხადოთ მშვიდად და ღმერთს ვთხოვოთ, რომ ჩვენი ახალგაზრდობა გადაარჩინოს..." - ამბობს დეკანოზი.

19 წლის გოგოს გარდაცვალებას "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე" კლუბი ბასიანი ცოტა ხნის წინ გამოეხმაურა. მათი განცხადებით, აკეთებენ მაქსიმუმს, რაც მათ ხელთ არსებული საერთაშორისო და ადგილობრივი ცოდნისა და რესურსების პირობებშია შესაძლებელი. ისინი აღნიშნავენ, რომ კლუბი ვერ იქნება პასუხისმგებელი იმაზე, რაც სცდება მათი მოქმედების არეალს.

რატომ გადაწყვიტა შალვა კეკელიამ კლუბთან პარაკლისის გადახდა, რა მიზანი აქვს და რას ფიქრობს ნარკოდამოკიდებულ პირებთან ურთიერთობაზე, ამასთან დაკავშირებით „ვერსია“ დეკანოზს ესაუბრა. მისი თქმით, ბოლო დროს, ეკლესიას ძალიან ბევრი ნარკომომხმარებელი და მათი ოჯახის წევრი მიმართავს დასახმარებლად, რაც სპეციფიკურ მიდგომას საჭიროებს.

_ხვალ პარაკლისის გადახდას ვაპირებ, მივდივარ სალოცავად და არა იმისთვის, რომ ვინმეს რამე დავუშავო. პირველ რიგში, იმიტომ გადავწყვიტე, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ პრობლემაზე ყველა დავფიქრდეთ და ხმა ამოვიღოთ. რა ხდება ქვეყანაში, რა მდგომარეობაა, თვალი გავახილოთ და ვისაუბროთ ამაზე, რადგან თუ პრობლემაზე თვალს დავხუჭავთ ის თავისით არ მოგავრდება.

ჩემი მიზანია, დედა ღვთისმშობელს ვთხოვო შეწევნა/დამხარება, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება ნარკოტიკით და ნადგურდება ოჯახები. ცხოვრებას ინგრევენ, მინდა, რომ ყველა დაფიქრდეს ამაზე, თავად ის ადამიანებიც რა მდგომარეობაში იგდებენ თავს და სხვასაც როგორ გულს სტკენენ. პარაკლისის გადახდის კიდევ ერთ-ერთი მიზანია, ტელევიზიებში დაიწყოს საუბარი, იმაზე თუ რა მოაქვს ნარკოტიკს ადამიანებისთვის. შესთავაზონ მათ ალტერნატივა, პოპულარიზაცია გაუწიონ ჯანსაღ ცხოვრებას, განათლებას, ვარჯიშს, ეროვნულ აზროვნებას. დღეს ქვეყანაში რაც ხდება, გენოციდია. ისეთი მარტივი გახდა ნარკოტიკის შოვნა და იმდენი ადამიანი ჩაერთო ამ ყველაფერში, ვერც კი წარმოიდგენთ. სახელმწიფომ რა ნაროპოლიტიკაც გაატარა რამდენიმე წლის წინ, ამ კანონმა ძალიან ცუდი შედეგი მოიტანა, სტატისტიკაც შეგიძლიათ ნახოთ, რამდენად მეტი ადამიანი მოიხმარს ნარკოტიკს, ეს ყველაფერი კანონმდებლობით ან რაიმე რეგულაციით უნდა დაიხვეწოს. ნამდვილად არ მინდა, ნარკოტიკის მომხმარებლები ციხეში ჩაყარონ წლები, დაამცირონ და ცუდად მოექცნენ, ეს მიდგომა საშინელებაა, მაგრამ ესე თავის ნებაზე მიშვებაც არ შეიძლება. შესაბამისი პროფესიონალები ხომ  არსებობენ, ვინც იცის როგორ შეიძლება სწორად დარეგულირდეს საკითხი, მათ იმუშაონ ამ თემაზე, ნუ დატოვებენ უყურადღებოდ. ამდენი ადამიანი ზიანდება ფსიქიკურად. გუშინ ჩემთან ერთი ადამიანი იყო მოსული, მისი ძმა დააწვინეს საგიჟეთში ნარკოტიკის მიღების შემდეგ, ფსიქოლოგიურად შეიშალა.

_მამაო, ანუ ბოლო პერიოდში ბევრი ნარკოდამოკიდებული ადამიანი მოდის ეკლესიაში

_დიახ, ძალიან ბევრი, ვერც კი წარმოიდგენთ იმდენი.  ჩვენ ხომ მღვდლები ვართ და ყოველდღიურად გვაქვს შეხება ამ ყველაფერთან, ვხედავთ რაც ხდება ქვეყანაში. ამიტომ დავფიქრდი და მიხვდვი, რომ ყველამ ერთად რაღაც უნდა გავაკეთოთ. ესენი ხომ ჩვენი შვილები არიან, როგორმე უნდა დავეხმაროთ და ხმა ამოვიღოთ.

_რა მეთოდით ებრძვის ეკლესია ნარკომანიას და როგორი მიდგომები გაქვთ ნარკომომხმარებლებთან?

_ყველანაირად ვცდილობთ გვერდში დავუდგეთ, ვუშვებთ ექიმთან, ფსიქოლოგთან, ფსიქიატრთან, ვლოცულობთ, პარაკლისებს ვიხდით.  პირველ რიგში, ადმიანს გონება უნდა გაუნათდეს და მიხვდეს, რომ რაღაც პრობლემა აქვს, ამიტომ არის ეკლესიაში მისვლა და სულიერი ამაღლება აუცილებელი. 

_თუმცა, ალბათ დამეთანხმებით, რომ პროფესიონალის ჩარევის გარეშე ამ პრობლემის დაძლევა შეუძლებელია...

_რა თქმა უნდა, მარტო ეკლესია ვერ დაეხმარება, პროფესიონალებთან მისვლის რეკომენდაციას ვაძლევთ ჩვეულებრივ და ყველანი ერთად, გუნდურად ვცდილობთ დავეხმაროთ ხოლმე.  ბევრს დავხმარებივართ კიდეც, მაგრამ ბოლო წლებში ძალიან გახშირდა შემთხვევები. თანაც ის ადამიანები ვინც დამოკიდებულნი არიან, ძალიან უჭირთ თავის დანებება, რადგან ნარკოტიკი ყველგან მარტივად ხელმისწვდომია.

აზარტულ თამაშებზე კანონის შეცვლას რომ ვითხოვდით, ხომ შეიცვალა, იცით ამან ძალიან კარგი შედეგი გამოიღო, მრევლშიც შეინიშნება. ადრე სულ რეკლამები უვარდებოდათ ყველგან და ყველაფერი  უბიძგებდა ხალხს, რომ ეს ნაბიჯი გადაედგათ. არ ვამბობ, რომ აღარავინ თამაშობს, მაგრამ ვისაც უნდოდა თავის დანებება უფრო გაუმარტივდა. ასევე, მოზარდებიც ისე ხშირად აღარ ებმევიან ამ მახეში. ზოგადად თუ ადამიანს ცდოვაში ყოფნა უნდა და მოსწონს ის რასაც აკეთებს, ვერ დაუშლი, მაგრამ ეს გარკვეული რეგულაციები მაინც შედეგიანია, რომ უფრო ნაკლებ მასას მიწვდეს.

_მამა შალვა, რას ურჩევდით მათ ვისაც სანაცნობოში ან ოჯახში ნარკოდამოკიდებული ადამიანი ჰყავს, როგორ უნდა ვიურთიერთოთ სწორად მათთან?

_ძალიან კარგი კითხვაა, რადგან ამაზე იშვიათად ფიქრობენ, არ ეკითხებიან საკუთარ თავს როგორ უნდა მოიქცნენ, რომ უარეს მდგომარეობაში არ ჩააგდონ ასეთი პიროვნება.  ეს ყველაზე მთავარია, ამის სწავლაა საჭირო, თანადამოკიდებული არ უნდა ვიყოთ. ოჯახის წევრები განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში არიან ხოლმე, ზედმეტი არაფერი ვარგა, არც ჩხუბი და არც მოფერება. სპეციალურად უნდა შეირჩეს მიდგომა, ზოგჯერ ზედმეტი მოსდით და მუდმივად კამათობენ ოჯახში, ზოგჯერ თვალს ხუჭავენ და არაფერს ამბობენ. სწორად მიდგომა რომ ისწავლოთ, თუ ოჯახში ნარკოდამოკიდებული ადამიანი გყავთ, ყველანაირ ხერხს უნდა მიმართოთ და მოუსმინოთ როგორც პროფესიონალებს, ისე სასულიერო პირებს. დაუჯერეთ მათ, ვინც სასიკეთო რჩევებს მოგცემთ და დაგეხმარებათ პრობლემა დაძლიოთ, რადგან ერთად უნდა გაიაროთ ეს ყველაფერი.

 

ავტორი: ია გრიგალაშვილი