ნერგეეთში, სტიქიის ზონაში, სამძებრო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება - შსს

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ბაღდათის რაიონის სოფელ ნერგეეთში, სტიქიის ზონაში, სამძებრო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია საუბარი.

უწყებამ განცხადებაში ოფიციალურად დაადასტურა ცოტა ხნის წინ ორი ცხედრის პოვნის ფაქტი. აქვე, შსს წერს, რომ გრძელდება 1 პირის ძებნა-შველის სამუშაოები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, კიდევ ორი ცხედარი იპოვეს. ინტენსიური სამძებრო სამუშაოების შედეგად ნაპოვნია 8 ცხედარი, ხოლო ძებნა-შველის სამუშაოები გრძელდება 1 პირის მიმართ.

მეხანძრე-მაშველები, სტიქიის ეპიცენტრში, სამძებრო ღონისძიებას შესაბამისი აღჭურვილობითა და ტექნიკით, მთელი ღამის განმავლობაში განაგრძობენ.

სტიქიის ზონაში იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე.

ადგილზე რჩება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილიც, რომელიც სამაშველო სამუშაოებს ხელმძღვანელობს, - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მეწყერს 8 ადამიანი ემსხვერპლა.