ბუფეტში მოწამლული ბავშვები - გვექნება თუ არა სასკოლო კვების მოდელი და როგორია ის საზღვარგარეთ

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პეტიციასჯანსაღი კვება ყველა მოსწავლეს“, რომლის მოთხოვნა სკოლებში ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანი პროდუქტებით ვაჭრობის აკრძალვა და სასკოლო კვების პროგრამის დანერგვაა, 10 000 ადამიანი შეუერთდა. მოქალაქეთა ხელმოწერები პეტიციის ოფიციალურ მოთხოვნებთან ერთად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 23 ოქტომბერს გაიგზავნა.

„მშობლები განათლებისთვის“ წევრები განათლების მინისტრს 25 ოქტომბერს შეხვდნენ, სადაც გიორგი ამილახვარმა ორგანიზაციას უკვე გადასცა სასკოლო კვების ახალი ბრძანების პროექტი. ეს არის ნუსხა იმ პროდუქტების, რომელიც არ უნდა იყიდებოდეს სკოლაში.

როგორც, „მშობლები განათლებისთვის“ პროექტების კოორდინატორმა, როზა დევნოზაშვილმა ერთ-ერთ მედიასთან ისაუბრა, გიორგი ამილახვარის თქმით, ფინანსები არ არის პრობლემა, მთავარია დააზღვიონ რისკები და შეიმუშაონ მოდელი, რომელიც მაქსიმალურად იქნება მორგებული რეალობას. მინისტრი მშობლებს დაჰპირდა, რომ ორ თვეში მათი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად რეალური ნაბიჯები იქნება გადადგმული.

დაახლოებით, ორი კვირის წინ სოფელ სავანის სკოლის 9 მოსწავლე ბუფეტის ნამცხვრით მოიწამლა. ასევე, ბოლო ორ წელიწადში შემოწმებული 400-მდე ობიექტიდან 74 სკოლის „ბუფეტი“ დაჯარიმდა. სურსათის უვნებლობის სააგენტოში  აცხადებენ, რომ აკრძალული საკვების გაყიდვის, ან სხვა გადაცდომის შემთვევაში, სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები ცხელ ხაზს უნდა დაუკავშირდნენ და დააფიქსირონ პრეტენზია, რის შემდეგაც სააგენტოს წარმომადგენლები სკოლის „ბუფეტს“ შეამოწმებენ. თუმცა, ისინი განთავსებული პროდუქციის ხარისხს აკონტროლებენ და არა იმას, თუ რა შედის ბუფეტში. ამიტომაც, კონტროლის მექანიზმის შესახებ საკითხი ბუნდოვანია.

მსოფლიოს მასშტაბით არაერთ ქვეყანაში უკვე წლებია შემუშავებული აქვთ სკოლის მოსწავლეთა კვების სხვადასხვა მოდელი.  საქართველოს ხელისუფლება თვეებია ამბობს, რომ ამ საკითხზე მუშაობს. თუმცა კონკრეტული პროექტი და თარიღი, თუ როდის ექნებათ ბავშვებს ეს შესაძლებლობა, ჯერჯერობით უცნობია. თუ განათლების მინისტრის დაპირებას დავუჯერებთ 2 თვეში ამ საკითხთან დაკავშირებით სიახლეებს უნდა ველოდოთ.

როგორია სასკოლო კვება საზღვარგარეთ

საზღვარგარეთ სკოლაში შეთავაზებული საკვების  სახეობები შეიძლება განსხვავდებოდეს ქვეყნიდან ქვეყანაში და თუნდაც ერთი სკოლიდან მეორეში. ევროპის ქვეყნებში პროგრამები ითვალისწინებს ბავშვებისა და მოზარდების კვების საჭიროებებს. ეს საჭიროებები შეიძლება განისაზღვროს ასაკის, სქესის და განვითარების სტადიის მიხედვით. სურსათის უვნებლობა არის უპირველესი საზრუნავი და სკოლის კვება უნდა შეესაბამებოდეს მკაცრ სურსათის უვნებლობის წესებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს მოსწავლეთა ჯანმრთელობა და კეთილდღეობა.

ევროპის ბევრ ქვეყანაში პრიორიტეტს ანიჭებენ ჯანმრთელობის ხელშეწყობას და დაავადებათა პრევენციას სასკოლო კვებით. ეს შეიძლება მოიცავდეს დამუშავებული საკვების მოხმარების შემცირებას, დამატებული შაქრისა და მარილის შეზღუდვას და ხილის, ბოსტნეულის და მარცვლეულის მოხმარების ხელშეწყობას.

მიუხედავად იმისა, რომ სასკოლო ლანჩზე სპეციფიკური მოთხოვნები განსხვავდება ქვეყნების მიხედვით, ევროკავშირი უზრუნველყოფს ზოგად სახელმძღვანელო მითითებებს და რეკომენდაციებს კვებისა და სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით.

-საფრანგეთში, სასკოლო ლანჩები, რომლებსაც ხშირად "კანტინის" სახელით მოიხსენიებენ, ცნობილია დაბალანსებულ კვებაზე და მაღალი ხარისხის ინგრედიენტებზე აქცენტით. ტიპური ფრანგული სკოლის სადილი შეიძლება შეიცავდეს სხვადასხვა კერძებს, როგორიცაა სალათები, ბოსტნეული, ძირითადი კერძი (რომელიც შეიძლება იყოს ხორცი, თევზი ან ვეგეტარიანული ვარიანტი), რძის პროდუქტები, როგორიცაა ყველი ან იოგურტი და დესერტი. პური ასევე მთავარია ფრანგული სკოლის ლანჩებში.

-იტალიური სკოლის ლანჩები ცნობილია ხმელთაშუა ზღვის გავლენით. იტალიაში ბავშვები ხშირად მიირთმევენ მაკარონის კერძებს, რიზოტოს, ახალ ბოსტნეულს, ხილს და პურს. იტალიური სკოლები მიზნად ისახავენ უზრუნველყონ დაბალანსებული და ჯანსაღი კვება და აქცენტი გააკეთონ ადგილობრივ / სეზონურ ინგრედიენტებზე.

_შვედეთში სასკოლო ლანჩები, როგორც წესი, შედგება ძირითადი კერძისგან, რომელიც შეიძლება იყოს ხორცი, თევზი ან ვეგეტარიანული ვარიანტი, კარტოფილთან, ბრინჯთან ან მაკარონთან ერთად. სკოლებში ხშირად მიირთმევენ სალათებს, ბოსტნეულს და პურსაც. შვედური სასკოლო ლანჩები მიზნად ისახავს უზრუნველყოს საკვები ნივთიერებების ნაზავი და მრავალფეროვანი კერძები.

-ფინური სასკოლო ლანჩები პრიორიტეტს ანიჭებს ჯანმრთელობას და კვებას. ისინი  შეიცავს ცილის წყაროს, როგორიცაა ხორცი, თევზი ან პარკოსნები, ასევე ბოსტნეული, სალათი და პური. კენკრა და იოგურტი დესერტის საერთო არჩევანია, ხოლო წყალი ან რძე სასმელად არის მოწოდებული.

-ბერძნული სკოლის ლანჩები ხმელთაშუა ზღვის საკვებ ელემენტებს შეიცავს. მოსწავლეებმა შეიძლება მიირთვან ისეთი კერძები, როგორიცაა ბერძნული სალათი, ბოსტნეულის შიგთავსი, პარკოსნებით მომზადებული სუპები და იოგურტი თაფლით. ხშირად მიირთმევენ ხილსაც.

 

ავტორი: ია გრიგალაშვილი