როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ჩვენი ამანათი დაიკარგა, ან დაზიანებული მივიღეთ

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ვირტუალური ვიტრინების მიმზიდველობის მიღმა იმაზე მეტი გამოწვევა იმალება ვიდრე წარმოგიდენიათ. ნივთების ონლაინ ყიდვისას ნებისმიერ დროს შეიძლება წარმოიშვას ისეთი პრობლემა, როგორიცაა მისი დაზიანება ან სულაც დაკარგვა. თანამედროვე სამყაროში, ციფრული მაღაზიები ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო მეტ მომხმარებელს იძენენ, შესაბამისად ბოლო დროს,  სოციალურ ქსელში გახშირდა კრიტიკა ამანათების გადამზიდი კომპანიების მიმართ. ერთ-ერთი დაზარალებული, რომელსაც შეძენილი ნივთი არ ჩაბარდა, „ვერსიასთან“ საუბრისას ყვება, რომ ტანსაცმლის მაღაზიამ და გადამზიდმა კომპანიამ პასუხისმგებლობა აირიდეს და ერთმანეთს ადანაშაულებდნენ.

ერთ-ერთი ამანათების საკურიერო/გადამზიდი კომპანიის დახმარებით, თურქული ვებ-გვერდიდან, ტრენდიოლიდან, ტანსაცმელი გამოვიწერე, ნაწილი ჩამოვიდა, თუმცა, 4 შორტი არა. თავდაპირველად ვიფიქრე, რომ ტანსაცმლის მაღაზიას არ მიუწოდებია ჩემი შორტები ამანთების გადამზიდი კომპანიისთვის. მივწერე საიტზე შეტყობინება და როგორც ამიხსნეს, მათი მხრიდან ყველაფერი წესრიგში იყო და ამანათები გაგზავნეს საწყობში. ამის შემდეგ მივმართე ფოსტას, მთხოვეს ყველანაირი მონაცემის წარდგენა ტანსაცმლის და მიწოდების თარიღის შესახებ, ასევე, ის შეტყობინებები, რომელიც თავად ტრენდიოლისგან მივიღე. ყველაფრის წარდგენა საკმარისი არ აღმოჩნდა, სპეციალური განცხადება შემავსებინეს, რათა მოკვლევა დაწყებულიყო ამ საკითხზე. დაახლოებით 2 კვირის შემდეგ ფოსტისგან მივიღე შეტყობინება, რომ თურქეთში, მათ საწყობში არ შესულა ჩემი ამანათები, ანუ მაღაზიას მათთვის არ მიუწოდებია შორტები და მირჩევდნენ, რომ კვლავ მათ დავკავშირებოდი. საბოლოოდ ისე გაიწელა ეს პროცესი, იმდენად დამღლელი აღმოჩნდა, ყურადღება აღარც მივაქციე და შევეშვი. არც დრო მქონდა და არც ნერვები. გამოდის, პასუხისმგებლობა ყველამ აირიდა და ერთმანეთს აბრალებდნენ. კარგი იქნება თუ ვინმეს მსგავსი რაღაც შეემთხვევა, ჩემსავით არ მოიქცეს და არ შეარჩინოს მათ ეს ქმედება.“

აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი უფლებები, როგორ მოვიქცეთ მსგავს სიტუაციაში და რა მოვალეობები აკისრია ამანათების გადამზიდ კომპანიას მომხმარებლების წინაშე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“   კანონის მიხედვით,  მომხმარებელს უნდა აუნაზღაურდეს ის ზიანი, რომელიც მან მიიღო ტვირთის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვითა თუ დაზიანებით, ასევე ტვირთის მიტანის ვადის გადაცილებით. ზიანის ანაზღაურებაზე, პირველ რიგში, გადამზიდავია პასუხისმგებელი და ტვირთის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემისას მომხმარებელმა მას უნდა მიმართოს.

ნივთის დაზიანების შემთხვევაში, თუ ნივთის დაზიანებამ გამოიწვია მისი მხოლოდ ნაწილის გაუფასურება, მაშინ ანაზღაურება მოიცავს მხოლოდ გაუფასურებული ნაწილის ფარგლებს.

ხოლო თუ ნივთის ნაწილის დაზიანებამ მისი მთლიანად გაუფასურება გამოიწვია, ანაზღაურება იგივე უნდა იყოს, რაც ნივთის განადგურების შემთხვევაში იქნებოდა.

თუ ნივთის მიწოდების ვადა წინასწარ არ ყოფილა დათქმული, მაშინ გადასაზიდად „ჩვეული ვადის“ გადაცილება ჩაითვლება პირობის დარღვევად, რაც იმაზეა დამოკიდებული, თუ საიდან ხდება ნივთის ტრანსპორტიდება. შესაბამისად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, „ჩვეული ვადა“ განსხვავებული იქნება, თუმცა მისი გაანგარიშება ბაზარზე არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით უნდა მოხდეს.

პრეტენზიების წარდგენა

თუ მომხმარებელი ტვირთის მიღებისას მას გადამზიდავის წარმომადგენლის თანდასწრებით არ შეამოწმებს, ხელს მოაწერს მიღება-ჩაბარების აქტს და გადამზიდავს მაშინვე არ წაუყენებს პრეტენზიას გარეგნულად შესამჩნევი დანაკარგებისა და დაზიანების შესახებ, ჩაითვლება, რომ გადამზიდავმა ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად შეასრულა. გარეგნულად შესამჩნევი დანაკარგებისა და დაზიანების დროს პრეტენზიის მოგვიანებით წარდგენის შემთხვევაში, მომხმარებელს მოუწევს იმის დამტკიცება, რომ ნაკლის მქონე ნივთი ჩაიბარა.

თუმცა, ამასთან, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონის თანახმად (გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა) მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე თქვას უარი დისტანციურად დადებულ ხელშეკრულებაზე  14 კალენდარული დღის განმავლობაში.

რაც შეეხება პრეტენზიებს გარეგნულად შეუმჩნეველი დანაკარგებისა და დაზიანების თაობაზე, ისინი წარდგენილი უნდა იქნეს გადამზიდავთან ტვირთის ჩაბარებიდან არაუგვიანეს 7 დღისა; რადგან ფარული დანაკარგებისა და დაზიანებების აღმოჩენა გარკვეულ დროს მოითხოვს.

გადამზიდავი შეიძლება გათავისუფლდეს პასუხისმგებლობისაგან თუ იგი დაამტკიცებს, რომ:

ტვირთის ნაკლი ან მიწოდების დაგვიანება ფორსმაჟორული გარემოებებითაა გამოწვეული, მაგალითად, როგორებიცაა ომი, სტიქიური უბედურება, კარანტინი და სხვა; ანუ ისეთი გარემოებები, რომელთა თავიდან აცილებაც გადამზიდავს არ შეეძლო.

გამყიდველმა გადამზიდავს არ მიაწოდა სრულყოფილი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გადაზიდვის დროს, ნივთი შესაძლოა დაზიანდეს და მას დამატებითი შეფუთვა სჭირდება. მაგალითად, მსხვრევადი ნივთების გადაზიდვის დროს.

ნივთი გადაზიდვის დროს არ დაზიანებულა და მას უკვე გააჩნდა ესა თუ ის ნაკლი, როდესაც იგი გამყიდველმა მიაწოდა.

უკანასკნელ ორ შემთხვევაში მომხმარებელს ზიანი გამყიდველმა უნდა აუნაზღაუროს.

თუკი ნივთს გადაზიდვამდე გააჩნდა ნაკლი, მაშინ მომხმარებელს უფლება აქვს გამყიდველს პრეტენზია წაუყენოს, თუ საქონლის ნაკლი საქონლის მისთვის გადაცემიდან 2 წლის განმავლობაში აღმოჩნდა (ცხადია, თუ საქონლის ვარგისიანობის ვადა არ არის გასული).

 

ავტორი: ია გრიგალაშვილი