რა ხდება, როდესაც ტელეფონს დასატენად მთელი ღამით ტოვებთ — მითები და სინამდვილე

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ლითიუმ-იონური ბატარეების სამყაროში, სმარტფონები ცენტრალურ ადგილს იკავებს. თუმცა, წლებია, არ ცხრება ერთი დავა: აფუჭებს თუ არა მის ბატარეას ხანგრძლივი (მთელი ღამის განმავლობაში) დატენვა?
ბატარეის სიცოცხლის ხანგრძლივობას რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს, მათ შორის, მისი გამოშვების წელი და ქიმიური ასაკი. ეს უკანასკნელი გულისხმობს ბატარეის თანდათანობით დეგრადაციას ისეთი ფაქტორების გამო, როგორიცაა ტემპერატურის რყევები, დამუხტვა-დაცლის მახასიათებლები და ზოგადი მოხმარება.

დროთა განმავლობაში, ლითიუმ-იონური ბატარეების ქიმიური დაბერება ამცირებს მუხტის ტევადობას, ბატარეის სიცოცხლის ხანგრძლივობას და წარმადობას.

Apple-ის თანახმად:

„iPhone-ის ნორმალური ბატარეა ისეა შექმნილი, რომ თავდაპირველი ტევადობის 80% შეინარჩუნოს დატენვის 500 სრული ციკლის შემდეგ, თუკი ტელეფონი ნორმალურ გარემო პირობებში მუშაობს“.

კვლევის მიხედვით, 2019 წელს გამოშვებული სმარტფონის ბატარეა საშუალოდ 850 სრული დამუხტვა/დაცლის ციკლის შემდეგ ჩამოდის ტევადობის 80 პროცენტს ქვემოთ. ეს იმას ნიშნავს, რომ 2-3-წლიანი მოხმარების შემდეგ, ბატარეას თავდაპირველი მოცულობის მხოლოდ 80 % რჩება. ამის შემდეგ, ბატარეა შესამჩნევად სწრაფად დაცლას იწყებს.

უნდა დატოვოთ თუ არა ტელეფონი სატენზე მთელი ღამით

ახალი თაობის სმარტფონთა უმეტესობას სრულად დატენვისთვის 30 წუთიდან ორ საათამდე სჭირდება.

დამუხტვის დრო დამოკიდებულია ბატარეის მოცულობაზე (დიდი მოცულობისას უფრო მეტი დრო სჭირდება) და დამტენის მიერ მიწოდებული ენერგიის რაოდენობაზე.

ტელეფონის მთელი ღამით სატენზე დატოვება არა მხოლოდ არასაჭიროა, არამედ ეს ასევე აჩქარებს ბატარეის დაბერებას. იმისათვის, რათა ბატარეის სიცოცხლის ხანგრძლივობა მაქსიმალური იყოს, თავი უნდა აარიდოთ სრული დამუხტვის ციკლებს (0%-დან 100%-მდე).

Samsung-ის თანახმად:

„ბატარეის ძალიან ხშირად დატენვა 100 პროცენტამდე, შეიძლება უარყოფით გავლენას ახდენდეს მისი სიცოცხლის ზოგად ხანგრძლოვობაზე“.

ასეა iPhone-ის შემთხვევაშიც — ხშირად დატენვა 100 პროცენტამდე შეიძლება უარყოფითად მოქმედებდეს ბატარეის ჯანმრთელობაზე.

რეკომენდებულია, რომ სრული დატენვის ნაცვლად, ბატარეა 80 პროცენტამდე დატენოთ და არ ჩამოაცილოთ 20 პროცენტს.

შესაძლებელია თუ არა, მოხდეს ტელეფონის ზედმეტად დატენვა

თეორიულად, ლითიუმ-იონური ბატარეა შეიძლება გადაიმუხტოს. ამან შეიძლება გამოიწვიოს უსაფრთხოების რისკები, მაგალითად, ბატარეის გადახურება და აალება. კარგი ის არის, რომ თანამედროვე ტელეფონთა უმეტესობას ჩაშენებული აქვს დაცვის მექანიზმი, რომელიც ავტომატურად აჩერებს ბატარეის 100 პროცენტზე მეტით დამუხტვას, რაც ზედმეტი დამუხტვით გამოწვეული რისკის პრევენციას ახდენს.

თუმცა, ყოველ ჯერზე, როდესაც ბატარეა 99 პროცენტს ჩამოსცდება (ფონურად მომუშავე აპლიკაციების გამო), ის ხელახლა დამუხტვას დაიწყებს, რათა სრულად დამუხტული მდგომარეობა შეინარჩუნოს.

ასეთმა დამუხტვამ ბატარეა შეიძლება დროთა განმავლობაში დააზიანოს. სწორედ ამიტომ აქვს ბევრ მწარმოებელს მისი რეგულირების მექანიზმი. Apple-ის iPhone-ებს აქვს ფუნქცია, რომელიც 80 პროცენტის შემდეგ დამუხტვას აჩერებს. Samsung’s Galaxy-ს სმარტფონები ამ ფუნქციას 85 პროცენტს ზემოთ გვთავაზობენ.

შეიძლება თუ არა, ტელეფონი დამუხტვისას აფეთქდეს

ნაკლებად სავარაუდოა; განსაკუთრებით იმიტომ, რომ ტელეფონების უმეტესობას ზედმეტი დამუხტვისგან დაცვის მექანიზმი აქვს.

მიუხედავად ამისა, წლებია, ვრცელდება ცნობები ტელეფონების მოულოდნელად აფეთქების შესახებ. ეს ძირითადად ხდება მწარმოებლის ხარვეზის, ცუდი ხარისხის აპარატურის ან ფიზიკური დაზიანების გამო.

ტელეფონის ლითიუმ-იონური ბატარეების გადახურება მაშინ ხდება, როდესაც არ ხდება დამუხტვისას წარმოქმნილი სითბოს გაფანტვა. ამან შეიძლება გამოიწვიოს დამწვრობა ან უკუიდურეს შემთხვევებში აალება.

ამას გარდა, ასეთი ბატარეები ეფექტიანად მუშაობს 0℃-დან 40℃-მდე ტემპერატურაზე. უფრო მაღალ ტემპერატურაზე შეიძლება მოხდეს ბატარეის გაბერვა და აალება.

გადახურება შეიძლება ასევე გამოიწვიოს ხარვეზიანი ან ცუდი ხარისხის დამტენმა ან კაბელმა.

რჩევები ბატარეის სიცოცხლის ხანგრძლივობის გასაზრდელად

მიუხედავად იმისა, რომ თქვენს ტელეფონს ალბათ ექნება უსაფრთხოების მექანიზმი ბატარეის დასაცავად, ფრთხილად მოპყრობის შემთხვევაში, ის უფრო დიდხანს გაგიძლებთ, გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, თუ როგორ დაიცვათ თქვენი ტელეფონის ბატარეა:

1. დააყენეთ პროგრამული უზრუნველყოფის უახლესი განახლებები, რათა თქვენს ტელეფონს ჰქონდეს მწარმოებლის მიერ შემოთავაზებული ბატარეის ეფექტიანობის უახლესი მექანიზმები.

2. გამოიყენეთ ორიგინალი ან სერტიფიცირებული დამტენები, რადგან ბაზარზე არსებულ სხვა, მესამე მხარის მიერ წარმოებული დამტენები შეიძლება არ აკმაყოფილებდეს უსაფრთხოების სტანდარტებს.

3. მოარიდეთ ტელეფონი მაღალ ტემპერატურას — Apple-ისა და Samsung-ის განცხადებით, მათი ტელეფონები საუკეთესოდ მუშაობს 0℃-დან 35℃ ტემპერატურაზე.

4. არ დატენოთ ტელეფონი 80 პროცენტზე მაღლა და არ ჩამოაცილოთ 20 პროცენტს.

5. ტელეფონი სატენზე დიდხანს არ დატოვოთ, მაგალითად, მთელი ღამით; გამოაძრეთ დენის წყაროდან, როგორც კი ბატარეა 100 პროცენტს მიაღწევს.

6. დატენვისას ტელეფონი კარგად ვენტილირებად გარემოში მოათავსეთ, მოერიდეთ მის ან დამტენის მოთავსებას რაიმე ზეწრის, ბალიშის ან სხეულის ქვეშ მოთავსებას, ვიდრე ის დენის წყაროზეა მიერთებული.

7. თვალყური ადევნეთ ბატარეის ჯანმრთელობას და ამის საფუძველზე გამოავლინეთ უჩვეულო ტენდენციები, მაგალითად, თუ მას დატენვისთვის დიდი დრო სჭირდება ან მალე იცლება.

8. თუ შენიშნეთ, რომ ტელეფონი ძლიერ ცხელდება ან გაიბერა, დიაგნოსტიკისა და შეკეთებისთვის აუცილებლად წაიღეთ ავტორიზებულ სერვისცენტრში.

თუკი კონკრეტული დეტალები გაინტერესებთ კონკრეტული ტელეფონის ან ბატარეის შესახებ, საუკეთესო ვარიანტია, მიჰყვეთ მწარმოებლის სახელმძღვანელოს.

მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.