საფლავი, რომელიც სურვილებს შეგისრულებთ - მამა ვიტალის ცხოვრების და სასწაულების ისტორია

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მოდით ჩემს საფლავზე, მიამბეთ ყველაფერი, როგორც ცოცხალს და მე დაგეხმარებით“-  მამა ვიტალი

იცით თუ არა რომ თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე, არის საფლავი, რომელიც სურვილებს ასრულებს? რუსი ბერის, მამა ვიტალის საფლავზე, რომელსაც ძლიერ უყვარდა საქართველო და ქართველები, ყოველდღიურად მიდიან მორწმუნეები, მიაქვთ ყვავილები, ანთებენ სანთლებს და ლოცულობენ. მას სიცოცხლეშიც და გარდაცვალების შემდეგაც მრავალი სასწაული აღუსრულებია ღვთის მადლით. მის საფლავზე ღვთის რწმენით მრავალი ადამიანი განკურნებულა.

„ვერსია“ მამა ვიტალის საფლავზე იმყოფებოდა, სადაც ერთ-ერთ მომლოცველს ესაუბრა. ქალბატონმა თავისი სასწაულებრივი ისტორია დიდი ემოციით გაგვიზიარა:

რამდენიმე წლის წინ,  ძალიან რთული პერიოდი მქონდა, რაღაც პრობლემა შემექმნა. უძრავ ქონებას ვყიდდი, ვალი მქონდა გადასახდელი, თუმცა, თვეები გადიოდა და რატომღაც არ იყიდებოდა, დარდისგან აღარ ვიცოდი რა მექნა. ერთმა ახლობელმა მიამბო მამა ვიტალის სასწაულების შესახებ და მირჩია მის საფლავზე მივსულიყავი. მართლაც, მთელი გულით და რწმენით მოვედი, ქონების ამონაწერი მქონდა წაღებული. საფლავზე დავადე და მთელი გულით შევევედრე დამხმარებოდა მალე გამეყიდა სახლი და ვალი მომეშორებინა. გუშინდელივით მახსოვს, ზაფხული იყო, მეორე დღეს ქალაქგარეთ მივდიოდი 1 კვირით და გზაში უცხო ნომერმა დამირეკა. დაინტერესებული იყო ჩემი ქონებით და ნახვა სურდა. რამდენიმე დღეში დავბრუნდი თბილისში, ვანახე ამ ადამიანს სახლი, მოეწონა და შეიძინა. არადა, თვეები ვერ ვყიდდი. ეს მართლაც სასწაული იყო. მას შემდეგ ხშირად მოვდივარ მამა ვიტალის საფლავზე. მთავარია, გულით გწამდეთ და აუცილებლად აგიხდებათ სურვილი.“

მამა ვიტალი (სიდორენკო) დაიბადა 1928 წელს კარსნოდრი მხარის სოფელ ეკატერინოვკაში. მისი დედა ალექსანდრა (შემდგომში – მონაზონი ანდრონოკა), ჯერ კიდე მისი მუცლად ტარებისას, ასე ლოცულობდა: “ღმერთო, ისეთი ბავშვი მომეცი, რომელიც სასურველი იქნება შენთვისაც და ადამიანებისთვისაც”. მან სიზმარში ორი ნათელი მზე იხილა და გაუკვირდა: “საიდან ორი მზე” პასუხად ჩაესმა: “ერთი მზე შენს საშოშია” რვა დღის ჩვილი ნათლობისას იღიმებოდა, ემბაზში კი ფეხზე დადგა. ქრისტიანული წესის თანახმად ალექსანდრამ ვაჟიშვილი მეორმოცე დღეს ტაძარში მიიყვანა. მღვდელმა ჩვილი საკურთხეველში შეიყვანა და მაშინვე იგრძნო მისგან გამომავალი მადლი. შემდეგ მან ბავშვი საკურთხევლიდან გამოიყვანა, დედას გადასცა და უთხრა: “ეს ბავშვი დიდი ადამიანი იქნება”. სახლში დედას ჩვილის აკვანთან ხშირად ესმოდა ანგელოზთა საოცარი გალობა. გადმოცემის თანახმად, ყრმა ვიტალი ხორცს საერთოდ არ იღებდა, ხოლო ოთხშაბათს და პარასკებ რძესაც არ აკარებდა პირს. პატარა ვიტალის კითხვა რომ უსწავლია, მისი საყვარელი წიგნი წმიდა სახარება გამხდარა. 16 წლის ვიტალიმ საბჭოთა პასპორტი დახია.

1969 წელს მამა ვიტალი (ბერობაში ბენედიქტე) თბილისში ჩამოვიდა და წმიდა კეთილმორწმუნე მეფის, ალექსანდრე ნეველის სახელობის რუსულ მართმადედბლურ ტაძარში მივიდა სადაც მაშინ მეუფე ზინობი (მაჟუგა) მოღვაწეობდა.

აღსანიშნავია, რომ მეუფე ზინობმა ბერად აღკვეცა უწმინდესი და უნეტარესი ილია II და მას პატრიარქობა უწინასწარმეტყველა.

მამა ვიტალიმ ალექსანდრე ნეველის ტაძარში დაიწყო მსახურება. მას საბუთების უქონლობის გამო თბილისშიც დევნიდნენ. 5 წლის განმავლობაში იგი ქართულ ოჯახში საიდუმლოდ ცხოვრობდა ადამიანებისა და ხელისუფლებისგან მალულად. მხოლოდ იშვიათად ჩნდებოდა ღვთის მსახურების დროს ალექსანდრე ნეველის ტაძარში.

მამა ვიტალის ძალიან უყვარდა საქართველო, ეს სიყვარული მეუფე ზინობისგან მიიღო მემკვიდრეობით, მან გაითავისა ამ უძველესი მართლმადიდებლური ქვეყნის ისტორია, მისი ხალხის ტკივილი და ტანჯვა. შეიყვარა ქართული ღვთისმსახურება, მისი უძველესი საეკლესიო საგალობლები, ღრმა პატივს მიაგებდა საქართველოს ეკლესიის წმინდანებს, ძალზე უხაროდა საქართველოში რწმენის აღორძინება. “რუსეთს კი სძინავსო”, ამბობდა სინანულით.

1970 წელს მამა ვიტალის რუსეთიდან, ლიპეცკის მხრიდან სოფელ ბურდინოს ამაღლების სახელობის ტაძრიდან სტუმრები ეწვივნენ და ტაძრის აღდგენაში დახმარება სთხოვეს, მეუფე ზინობის კურთხევით მამა ვიტალი რუსეთში, გაემგზავრა და ამაღლების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა. სახელმწიფო სტრუქტურებს არ მოსწონდათ ეს მაგრამ ხელის შეშლა ვერ შეძლეს.

1970-იანი წლების ბოლოს მამა ვიტალის კუჭის ავადმყოფობა გაუმწვავდა. იგი არასოდეს აგრძნობინებდა სხვებს თავის ტკივილებს, თუმცა ერთხელ აღიარა “ეს ისაა თითქოს ნემსების კონა გერჭობოდეს”. გაუსაძლისი ტკივილების მიუხედავად გარშემო მყოფებს თავს მხიარულად აჩვენებდა და ყველას დადებითი ენერგიით აღავსებდა. მისი ჯამრთელობა უარესდებოდა, მაგრამ ღვთაებრივი ძალა ეხმარებოდა, რომ დაეთმინა თავისი ტკივილი და სხვებს დახმარებოდა. განიცდიდა სხვების გასაჭირს და რომ არა დედა მარიამისა და მრავალრიცხოვანი მრევლის ძალდატანება, არც იმკურნალებდა.

1979 წელს მამა ვიტალი სამკურნალოდ რუსეთში გაემგზავრა. საავადმყოფოში ოპერაცია გაუკეთეს და კუჭის ორი მესამედი ამოკვეთეს. როდესაც საავადმყოფოში იწვა, თავისი მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, სხვებს ეხმარებოდ, მათთვის ლოცულობდა და თავის საკვებს და წამლებსაც კი სხვა ავადმყოფებს ურიგებდა. ამბობდა: “წამლებით კი არ გამოვჯანმრთელდები არამედ იმით რომ სხვებს მივცემ”.

მამა ვიტალი 1980-იან წლებში ისევ დაბრუნდა სააქართველოში. მისთვის საქართველო ყოველთვის “წმიდა ივერია” იყო. სამოქალაქო ომი 30 წლით ადრე იწინასწარმეტყველა. მონაზონთა თქმით, თბილისს ყოველ საათს ოთხივ კუთხით აკურთხებდა და უფალს მის დაცვას ევედრებოდა. აფხაზეთის ომამდე რამდენიმე წლით ადრე აფრთხილებდა გარშემო მყოფთ: “იქნება მიწაზე საშინელი სისხლისღვრა, ძმათა კვლა, შიმშილი. ნუ გადააგდებთ საჭმელს, რადგან მაშინ ნარჩენებითაც კმაყოფილნი იქნებით. შეიცანით საკუთარი თავი და გაიგეთ, რომ რაც სამყაროში ხდება, ჩვენი ბრალია, ჩვენი ცოდვებისა”. 1992 წელს ძმათამკვლელი ომის დროს მამა ვიტალიმ გაამკაცრა მარხვა და ლოცვა. მთელ დღეებს მდუმარებასა და ლოცვაში ატარებდა. საღამოობით ანთებდა უამრავ სანთელს. მუხლს მოიდრეკდა ცივ ქვაზე, რომელიც საგანგებოდ ლოცვისათვის შეიტანა სენაკში და უფალს ავედრებდა საქართველოს. იგი დიდად აფასებდა მის თანამებრძოლს სულიერ ბრძოლაში – მამა გაბრიელს, ამბობდა ხოლმე: “გაბრიელ ბერი – უდიდესი ბერია”.

მამა ვიტალი 1992 წლის 1 დეკემბერს გარდაიცვალა. მან თავისი გარდაცვალების შესახებ წინასწარ იცოდა. გარდაცვალებამდე 9 დღით ადრე ძალიან ცუდად გახდა, მეტყველების უნარი დაკარგა და სხეულის მარჯვენა ნაწილი პარალიზებული ჰქონდა. მასთან ხშირად მიდიოდა უწმიდესი და უნეტარესი ილია II. გარდაცვალების შემდეგ ცხედარი დაასვენეს წმიდა კეთილმორწმუნე მეფის, ალექსანდრე ნეველის ტაძარში. მიცვალებულს წესი უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია II-მ აუგო. როდესაც მამა ვიტალისთვის მიტევების ფურცელი უნდა ჩაედოთ ხელში, ყველამ დაინახა, როგორ გაშალა ხელი გარდაცვლილმა, ფურცლის ჩადების შემდეგ კი ისევ შეკრა.