შსს-ს თანამშრომლებისთვის განკუთვნილი „პოლიციის ქალაქის“ მშენებლობასთან დაკავშირებით, კაფსულის ჩადების ცერემონია გაიმართა

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

რამდენიმე დღის წინ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის განკუთვნილ „პოლიციის ქალაქის“ მშენებლობასთან დაკავშირებით, კაფსულის ჩადების ცერემონია გაიმართა.

კერძოდ, ერთ-ერთი შენობის საძირკველში, სიმბოლური კაფსულა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა და კომპანია „ანაგის“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გოგოლიშვილმა ჩადეს.

 

ცნობისთვის: საცხოვრებელი კომპლექსი „პოლიციის ქალაქი“ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შენდება.

მშენებლობის დასრულების შემდეგ, პირველ ეტაპზე, 1000-ზე მეტი მოქმედი პოლიციელი და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი მიიღებს ბინას.

პროექტი „პოლიციის ქალაქი“ საბურთალოს რაიონში, ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე ხორციელდება. 6 ჰექტარ ტერიტორიაზე, 12 და 13-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსები აშენდება. საცხოვრებელ კომპლექსთან ერთად მოეწყობა გასართობი და სპორტული სივრცეები.

პოლიციელებს ბინები შეღავათიან ფასად გადაეცემათ - 1კვ.მ. ფართობზე 300 ლარს გადაიხდიან, დანარჩენ ღირებულებას კი სახელმწიფო დაფარავს.

„დღეს მიხარია, რომ ბატონ ვახტანგთან ერთად, მონაწილეობა მივიღე ამ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებაში. მოგეხსენებათ, ჩვენი გადაწყვეტილებით, დავიწყეთ „პოლიციის ქალაქის“ მშენებლობა, რომელიც გათვლილი იქნება 1000-ზე მეტ პოლიციელზე, ხედავთ, რომ სამუშაოები აქ უკვე დაწყებულია, მშენებელი კომპანია გვპირდება, რომ ძალიან მალე, დაახლოებით, ალბათ, ორ წელიწადში დასრულდება და ჩვენ 1000-ზე მეტ პოლიციელს გადავცემთ ბინებს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „პოლიციის ქალაქის“ მშენებლობაზე სიმბოლური კაფსულის ჩადების ცერემონიის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 125 მილიონი ლარია, საიდანაც პოლიციელები გადაიხდიან სიმბოლურ ფასს, ხოლო დანარჩენს დაფარავს სახელმწიფო.

„ამ პროექტის ღირებულება შეადგენს, დაახლოებით, 125 მილიონ ლარს. პოლიციელები გადაიხდიან სიმბოლურ ფასს, მე ასე ვიტყოდი, კვ.მ.-ში 300 ლარს, დაახლოებით, ასე გამოვა, დანარჩენ ხარჯებს მთლიანად დაფარავს სახელმწიფო, სამინისტრო და რაც მთავარია, მინდა ვაცნობო ჩვენს საამაყო, გმირ პოლიციელებს, რომ ეს პროექტი არ იქნება ერთჯერადი. „პოლიციის ქალაქების“ მშენებლობა გაგრძელდება მომავალშიც და ჩვენი, ჩემი სურვილიცაა, რომ ეს საკანონმდებლო დონეზეც იქნას გარანტირებული. მე მინდა, კიდევ ერთხელ, ჩვენს გმირ და საამაყო პოლიციელებს მადლობა ვუთხრა ყველაფრისთვის, იმისთვის, რომ იცავენ ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენი ხელისუფლების ვალდებულებაა, რომ ყველაფერი საუკეთესო გავუკეთოთ ჩვენს გმირ პოლიციელებს. კიდევ ერთხელ მადლობა ბატონ ვახტანგს და თითოეულ პოლიციელს“, - განაცხადა კაფსულის ჩადების ცერემონიალზე პრემიერმა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ინიციატივისთვის საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მადლობა გადაუხადა.

„დიდი მადლობა, ბატონ პრემიერს. მისი ინიციატივა იყო პროექტი. ჩვენ მადლობა ვუთხარით და გაგვიხარდა ძალიან. როგორც უკვე გააჟღერა ბატონმა პრემიერმა,1000 ბინა გადაეცემათ ჩვენს პოლიციელებს. დაახლოებით, ორ წელიწადში დასრულდება პროექტი. ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ჩვენგანისთვის და რაც მთავარია, თქვენც მოისმინეთ, რომ ეს არ არის ერთჯერადი, კიდევ გაგრძელდება და მომავალში სხვა პროექტიდან გადაეცემათ ჩვენს პოლიციელებს ბინები. დიდი მადლობა მთავრობას, პრემიერს მხარდაჭერისთვის, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.