„კატ-კატეკოშ, დაკვალუშ“ - როგორ ქრება უნიკალური წოვათუშური

კულტურა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

წოვათუშური, რომელზეც საქართველოში მხოლოდ რამდენიმე ასეული ადამიანი თუ ლაპარაკობს, ნელ-ნელა იკარგება. იუნესკომ მას სერიოზულ საფრთხეში მყოფი ენის სტატუსი მიანიჭა. ზემო ალვანში ცდილობენ, ენა როგორმე გადაარჩინონ.

ირაკლი ვეშაგურიძე 37 წლისაა, მისი მშობლები ჯერ კიდევ ლაპარაკობდნენ წოვათუშურად. მას ესმოდა, მაგრამ არ ლაპარაკობდა. მის შვილებს უკვე აღარც ესმით. ირაკლიმ წოვათუშური მოგვიანებით, ისტორიის ფაკულტეტზე სწავლისას შეიყვარა, მიხვდა, მის დიდ კულტურულ მნიშვნელობას.

„ჩემმა ტოლებმა იციან წოვათუშური, ესმით მაინც, მაგრამ უმცროსებს, სადღაც ოცდაათ წლამდე ვინც არის - აღარ. ორი ბავშვი მყავს, უფროსი 3-4 წლის რომ იყო, ვასწავლე ოცდაათიოდე სიტყვა, მაგრამ მერე თავი დავანებე“, - ჰყვება ირაკლი.

ის ახლა თბილისში ცხოვრობს, მეუღლე წოვათუში არ არის, ამიტომ სახლში ქართულად საუბრობენ. როდესაც წყვილიდან ერთ-ერთი ენის მატარებელი არაა, ბავშვებს უკვე აღარ აქვთ გარემო, სადაც ენას ბუნებრივად შეისწავლიან.

„ზემო ალვანშიც ბევრს არ ჰყავს რძლად წოვათუში. ასე სიტყვების სწავლებით ენის ათვისება კი არაეფექტურია. თან ბევრი პრაქტიკული კუთხით უყურებს ამ საკითხს, მაინც ქრება, რაში გამოადგებაო... მე არ მახსოვს, თბილისში ქუჩაში როდისმე წოვათუშურისთვის მომეკრას ყური“.

კერიის ენა

„დოლათ, მახკარ, იხოთ ვა,

დახნა ვაშბარ ლახვოთ ვაჲ,

ქონე ღაჭბი ეცოთ ვაჲ,

ლომრეჩ ნაყმაქ ოთაუთ ვაჲ...“

ეს გოგოების, მთაში მიმავალი ქალების ლექსია წოვათუშურ ენაზე დაწერილი. სიტყვა-სიტყვით ასე ითარგმნება: „მოდით გოგონებო, ვიაროთ, საქონელი ერთად გავრეკოთ. ხელში ჯოხები ავიღოთ, მთების გზას გავუდგეთ!“.

წოვათუშური ანუ ბაცბური ენა ნახური ენების კატეგორიაში შედის, ენათესავება ინგუშურს და ჩეჩნურს. თუმცა, ვერც ინგუში და მით უფრო ჩეჩენი წოვათუშურს ვერ გაიგებს. მისი გაგება არც ქართულის მცოდნეს შეუძლია, მიუხედავად იმისა, რომ წოვათუშურად მხოლოდ ქართველები საუბრობენ, სწორედ ის ხალხი, რომლებიც წლების წინ თუშეთში, წოვათის ხეობაში ცხოვრობდა და შემდეგ ზემო ალვანში ჩამოსახლდა.

„საიდან მოხვდა წოვათუშური საქართველოში ამაზე რამდენიმე მეცნიერული აზრი არსებობს. გაბატონებული თეორიაა, რომ ჩრდილოეთ კავკასიის რიგ სოფლებში ამ ენაზე ლაპარაკობდნენ, შემდეგ კი ეს ხალხი საქართველოში გადმოსახლდა. თუ ვსაუბრობთ იმაზე თუ როდის გაემიჯნა წოვათუშური სხვა ნახურ ენებს, ეს ერთი და ორი საუკუნის ამბავი არ არის. დღეს ამ ენაზე მხოლოდ ქართველები ლაპარაკობენ. ახლა ზემო ალვანში 3 300 წოვათუში ცხოვრობს, მაგრამ ენა ნახევარს თუ ესმის“, - ამბობს ენის სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომელი, ენათმეცნიერი მაკა თეთრაძე.

წოვათუშურთან დაკავშირებით ერთი აზრი არ არსებობს, ენათმეცნიერი ბელა შავხელიშვილი თავის ნაშრომში „თანამედროვე ტენდენციები თუშების სამეტყველო კოდების შესახებ“ წერს: „დღემდე წოვათუშების კერიის მეტყველება მთის იბერიულ-კავკასიური ოჯახის ნახურ ჯგუფშია გაერთიანებული მათი ვაინახურთან ნაწილობრივი, ლექსიკურ-გრამატიკული ნათესაობის გამო. სინამდვილეში წოვათუშურში ვაინახური ფენა მხოლოდ 1/3 შეადგენს, 2/3 კი ქართულია (უფრო ძველი ქართული, არქაული ქართული). მეცნიერთა ნაწილი ქართულ ფენას თვლის ნასესხებად, უფრო ლოგიკური იქნება, სწორედ ვაინახური ნაწილი მივიჩნიოთ ნასესხებად “.

იუნესკო ენის სიცოცხლისუნარიანობის დასადგენად 9 ფაქტორს ითვალისწინებს, მათ შორის იმას, არსებობს თუ არა ამ ენაზე დამწერლობა, რამდენად იყენებენ მაგალითად მედიაში, რამდენად გადასცემენ ძველი თაობები ახალს. ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით წოვათუშური სერიოზულ საფრთხეშია. 2021 წელს ენის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაამტკიცა სახელმწიფო ენის ათწლიანი სტრატეგია, ის წოვათუშურსაც ეხება.

„გვინდა, ამ ენას კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი ჰქონდეს. ასე სახელმწიფოს მასზე ზრუნვა გაცილებით გაუადვილდება. წინადადება ინიციირებულია და რამდენიმე შეხვედრაც გვქონდა, თუმცა, ჯერჯერობით შედეგი არ ჩანს. მაგრამ სახელმწიფოს ჩარევა ისეთ შედეგს მაინც არ მოგცემს, როგორც თავად სოციუმის აქტივობა. ადრე შეეცადნენ ზემო ალვანში საკვირაო სკოლის მსგავსი რამ გაეკეთებინათ, მაგრამ ძალიან ცოტა მსმენელი ჰყავდა. რაც უფრო მეტი ადამიანი ისაუბრებს იმაზე, რომ ეს ჩვენი კულტურის ნაწილია, მით უფრო დაინტერესდება საზოგადოება“, - ამბობს მაკა თეთრაძე.

გაკვეთილები ალვანელი ბავშვებისთვის

თინათინ ცისკარიშვილი ფილოლოგია. ხუთიოდე წლის წინ გადაწყვიტა ზემო ალვანელი ბავშვებისთვის წოვათუშური ესწავლებინა. მეხუთე-მეშვიდე კლასელები სახლში დაიბარა და საათნახევარი ამეცადინებდა. ასე ერთი წელი ასე გრძელდებოდა, შემდეგ პრობლემები დაიწყო.

„თავიდან 24 ბავშვი დადიოდა. შემდეგ ბიჭები რაგბიზე შევიდნენ. ზოგი იმიტომ გამოგვაკლდა, რომ სპეციფიკური ბგერების გამოთქმას ვერ ახერხებდნენ. მჭირდებოდა თბილი ოთახი, სადაც ბავშვებს შევხვდებოდი. ამის გამო ზამთარში შეხვედრები ჩაიშალა, მერე ორიოდე თვით განახლდა და ისევ შეჩერდა. ახლა ვფიქრობთ, იქნებ იჯარით ავიღოთ ძველი შენობა და განვაახლო მეცადინეობები“, - ამბობს თინათინ ცისკარიშვილი, - ბავშვებს აინტერესებდათ, ახლაც რომ მხვდებიან წოვათუშურად მელაპარაკებიან. იმ მშობლებს შორის, რომლებიც მოთხოვნაზე ხელს აწერდნენ, ასეთი გვარებიც კი იყო, სამსონია, წოწონავა... მათაც უნდათ, შვილებმა წოვათუშური იცოდნენ. 25-30 ბავშვს თავად ვიცნობ, რომლებიც მეცადინეობების განახლების შემთხვევაში სიამოვნებით ისწავლის“.

მეცადინეობის განახლება თემის სურვილია. თუშეთის სათემო საბჭომ წელს განათლების სამინისტროში წერილი გაგზავნა, სკოლაში წოვათუშურის სწავლება დაუშვითო. ივლისში სამინისტრომ ნებართვა გასცა, ზემო ალვანის სკოლაში წოვათუშური არჩევით საგნად ისწავლებოდეს. ახლა თუშები მასწავლებელსა და მასწავლებლის ხელფასს ეძებენ.

„წოვათუშურს ძალიან სასიამოვნო ჟღერადობა აქვს. როცა ზემო ალვანში ვარ, მოხუცებს ვთხოვ ხოლმე, ილაპარაკონ. ეტყობა, ბავშვობასაც მახსენებს. ისეთი თანხმოვნები აქვს, რომელიც ძველ ქართულში იყო, მაგალითად - ჴ (დაახლოებით გამოითქმის, როგორც ხ.)“, - ამბობს ირაკლი ვეშაგურიძე, - „მე ყველაზე მეტად ეს გამოთქმა მიყვარს „კატ-კატეკოშ, დაკვალუშ“ ანუ „ნელა, დინჯად, ყურადღებით“.