დღეს ლეგენდარული მსახიობის, მედეა ჩახავას დაბადებიდან 100 წელი გავიდა

კულტურა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დღეს მედეა ჩახავას დაბადების დღეა, ლეგენდარული მსახიობის დაბადებიდან 100 წელი გავიდა 

ქართველი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი მედეა ჩახავა 1921 წლის 15 მაისს მარტვილის რაიონის სოფელ სერგიეთში დაიბადა. გოგონამ პატარაობიდან ცეკვის სიყვარული გამოავლინა. 14 წლის იყო, როცა მამამისი კვალიფიკაციის ასამაღლებლად ლენინგრადში, ოჯახთან ერთად, გაგზავნეს. პატარა მედიკო ნევისპირა ქალაქის ერთ-ერთ ქორეოგრაფიულ სასწავლებელში სწავლობდა.
1936 წელს, როცა ჩახავების ოჯახი ლენინგრადიდან თბილისში გადმოსახლდა, მომავალმა მსახიობმა ცეკვა ჯერ ჯანო ბაგრატიონთან, შემდეგ კი ილიკო სუხიშვილის ახლად გახსნილ საცეკვაო დასში გააგრძელა.
იმ დროს უმაღლესი თეატრალური სასწავლებელი არ არსებობდა, ამიტომ მსახიობობაზე მეოცნებე გოგონამ სკოლის დამთავრების შემდეგ საბუთები სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე შეიტანა,
1943 წელს კი სასწავლებლად ახლად გახსნილ თეატრალურ ინსტიტუტში გადავიდა, სადაც მალე მომავალი მეუღლე, ნოდარ ჩხეიძე გაიცნო.
სახალხო პოეტის გიორგი ქუჩიშვილის ვაჟი თეატრალურ ინსტიტუტში სამედიცინო ინსტიტუტიდან მოხვდა. ნოდარ ჩხეიძე კარგად კითხულობდა ლექსებს, ბობოქარი და ბოჰემური პიროვნება იყო და მედეას მოხიბვლაც მოახერხა.
ახალგაზრდებს ერთმანეთი შეუყვარდათ და მალევე დაქორწინდნენ.
1943 წელს მომავალ მსახიობს თემურ ჩხეიძე შეეძინა, თუმცა წყვილი ერთმანეთს მალე დაშორდა.
1944 წელს მედეა ჩახავამ შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი დაამთავრა და რუსთაველის თეატრის მსახიობი გახდა. მალე კოტე მახარაძის სახით ახალი სიყვარული ეწვია. მსახიობი ყოველთვის აპროტესტებდა კოტესთვის მიკერებული „დონ ჟუანის“ იარლიყს: „დონ ჟუანი ქალებზე ნადირობდა. კოტეს კი არასოდეს უაქტიურია, პირიქით, ქალები აქტიურობდნენ. კოტეც, თავის მხრივ, უარს არ ამბობდა ლამაზ ქალებზე, მაგრამ ჩვენ ამაზე კონფლიქტი არ მოგვდიოდა“ .
მედეა ჩახავას არც მერე ჩაუდია წყენა გულში, როცა კოტე ოჯახიდან წავიდა და არც მაშინ, როცა სოფიკო ჭიაურელთან ოჯახი შექმნა: „ჩემი და კოტეს დაშორებაში სოფიკოს არანაირი წვლილი არ მიუძღოდა. ჩვენ რომ დავშორდით, მათ შემდეგ შეუყვარდათ ერთმანეთი და რატომ არ უნდა მქონოდა კარგი ურთიერთობა სოფიკოსთან? კოტე რომ უყვარდა?“
როგორც ბევრ სხვა მსახიობს, მასაც თეატრი უფრო უყვარდა, თუმცა კინომ უზარმაზარი სიხარული და პოპულარობა მოუტანა: ჟუჟუნა („ბედნიერი შეხვედრა“ - 1949), ცქრიალა („ჭრიჭინა“ - 1954), მელანო („ბაში-აჩუკი“ - 1956), მეეზოვე ქალი („მანანა“ - 1958), მეფოლადის ცოლი („დღე უკანასკნელი, დღე პირველი“ - 1959), ნინო („ნინო“ - 1959), თამრო („გლახის ნაამბობი“ - 1961), სოფიო („მხიარული რომანი“ - 1972) და სხვა.
თავის ერთ-ერთ ინტერვიუში მედეა ჩახავა ასეთ ამბავს ჰყვებოდა: „1996 წელი იყო. არ ვიცი, რაღა მაშინ გადავწყვიტე კბილების გაკეთება, მაგრამ მაწუხებდა და რა მექნა?! კბილები ამოვიღე და მაკასთან წავედი მოსასვენებლად. უცებ გაიღო კარი და შემოცვივდნენ ნიღბიანი ბიჭები. მაკა სამზარეულოდან გამოიყვანეს, იატაკზე დასვეს, ჩვენს ნათესავ კაცს კი რევოლვერი მიაბჯინეს საფეთქელზე. მივხვდი, სალვადორ დალის ნახატს ეძებდნენ, რომელიც ჩემს სიძეს აჩუქეს საფრანგეთში. მას კი ეს ნახატი ერთ ახლობელთან მოსკოვში ჰქონდა დატოვებული. მე და ბავშვები სააბაზანოში შეგვყარეს და ძებნა განაგრძეს. გულმა არ მომითმინა, გამოვედი და მძარცველებს ვეუბნები: მართალია, ჩემი ცნობა ძნელია, კბილები ამოღებული მაქვს და სახე შეშუპებული, მაგრამ მედეა ვარ, ჩახავა. ნუ იკადრებთ უკადრებელს, ბავშვებს ნუ შემიშინებთ-მეთქი. დამაკვირდნენ და ერთმანეთს რაღაც გადაუჩურჩულეს. როგორც კი ამომიცნეს, ეგრევე დაყარეს ყველაფერი და მხოლოდ ერთი ჩარჩო (რომელშიც სხვა ნახატი იდო) წაიღეს. იმ დღეს დავრწმუნდი, რომ მიუხედავად გაჭირვებისა და გაუსაძლისი ცხოვრებისა, ხალხს კიდევ შერჩენოდა პატივისცემა და დიდსულოვნება ცნობილი ადამიანის მიმართ. გამიხარდა და გული ამიჩუყდა“.
ახლობლები ამბობენ, რომ სიცოცხლის მოყვარულ მსახიობს სიკვდილის შიში არ ჰქონდა, მაგრამ სიკვდილის შემდეგ მიწის ქვეშ ყოფნა აშინებდა - უეცრად, მიწის ქვეშ რომ გამეღვიძოს, რა უნდა ვქნაო? ამიტომ შვილებს სთხოვდა, როცა გარდავიცვლები, დამწვით და ჩემი ფერფლი ჩემი მოამაგე მშობლების საფლავზე მოაყარეთო, მაგრამ ამისთვის ვერ გაიმეტეს...
მედეა ჩახავა 2009 წლის 7 სექტემბერს გარდაიცვალა და დიდუბის პანთეონის მიწას მიაბარეს.