რას ითხოვენ და რას აპირებენ აქციის მონაწილეები - ინტერვიუ მოშიმშილე მასწავლებელთან

განათლება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

უკვე რამდენიმე დღეა განათლების სამინისტროს წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, აქცის ერთ-ერთმა მონაწილემ პროტესტის უკიდურეს ფორმას შიმშილობასაც კი მიმართა,თუმცა სამი დღის შემდეგ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეწყვიტა.

განათლების სამინისტროს წინ კარავია გაშლილი და მასწავლებლები ღამეს გარეთ ათევენ.

აქციის მონაწილე მასწავლებლები დირექტორების შესარჩევ ხელახალი კონკურსის ჩატარებას მოითხოვენ. ისინი მიიჩნევენ, რომ შერჩევა უსამართლოდ და პოლიტიკური ნიშნით ხდება, როგორც აქცის მონაწილე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, სანამ მათი პირობები არ შესრულდება საპროტესტო აქცა არ დასრულდება.

პედაგოგი, მაია ეკალაძე, რომელიც განათლების სამინისტროსთან 3 დღის განმავლობაში შიმშილობდა, გუშინ ღამით კლინიკაში გადაიყვანეს, დღეს ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშო არ არის. მისი მეგობრების თხოვნით მან შიმშილობა შეწყვიტა,თუმცა სამინისტროს წინ ღამის გათენებას და პროტესტს კვლავ გააგრძელებს.

პედაგოგი მაია ეკალაძე : „2014 წლიდან ვცდილობთ, მივაწვდინოთ ჩვენი ხმა, ჩვენ ამ პრობლემებზე მუდმივად ვსაუბროთ, არსებობს ფეისბუქ მასწავლებლების გვერდები, სადაც განვიხილავთ და ვცდილობთ საზოგადოებას მივაწვდინოთ ჩვენი ხმა. ჩვენ ვსაუბრობთ სკოლებში ბავშვების კვებაზე,მასწავლებლების სერთიფიცირებაზე,ვსაუბრობთ სახელმძღვანელოს მდგომარეობაზე და ძალიან ბევრ პრობლემას განვიხილავთ დიდიხანია, თუმცა ,სამწუხაროდ არავის არაფერი არ ესმის. ჩვენი პირველი ცხადი პროტესტი გამოიწვია დირექტორების კონკურსმა, დირექტორები შეარჩიეს გასაუბრებიდანვე ნეპოტისტურად, ძალიან ცოტა მასწავლებელი ვიყავით ვინც გადავლახეთ ტესტის ეტაპი, ეს ეტაპი მარტივი არ არის,საკმაოდ დიდი ქულაა საჭირო ამ ტესტის გადალასახად, რეალურად კი ვერ გადალახეს იმ ადამიანებმა ვინც წლებია დირექტორად მუშაობს. გასაუბრებამ გაუგებრად ჩაიარა, არ არსებობდა არანაირი კრიტერიუმი, კომისიაც ძალიან ოდიოზური იყო და ვიფიქრეთ, რომ ფორმალობისთვის სჭირდებოდათ, თუმცა ეს ფორმალობა ჩვენ გავაპროტესტეთ მაშინვე შიდა სასკოლო წრეებში, მაგრამ მაშინ ამას ვერ მივცემდით შიმშილობის ფორმას.“

როგორც ჩვენთან საუბრისას ქალბატონმა მაიამ განაცხადა, ამ აქციამდე მათ სასამართლოს მიმართეს და გააპროტესტეს, თუმცა დღემდე პროცესი არ დანიშნულა.

მაია ეკალაძე: „ეს ამბავი გრძელდება მეექვსე თვეა, ჩვენ პირველ რიგში მივმართეთ მინისტრს და ვთხოვეთ მოეკვლიათ ჩვენი საქმე, თუმცა რეაგირება ნული. იმდენად გულგრილია მთლიანად სამინისტრო აზრი არ აქვს. მოვითხოვთ ჩვენი საქმების მოკვლევას, შემდეგ დასხდომას და ღია ფორმატში დიალოგს, თუმცა მინისტრის მოადგილის პასუხი იყო, რომ ამ ორ ადამიანს (აქცის მონაწილეს, მაიას და დათოს) უნდათ დირექტორობაო) თვითმიზანი ჩვენი არ არის დირექტორობა, თუმცა, რომც მინდოდეს ამაში სამარცხვინო რა არის?!

კითხვაზე, ჰქონდათ  თუ არა მინისტრთან შეხვედრა, პედაგოგი გვპასუხობს:

„გვქონდა, თუმცა ჩვენ დასმულ არცერთ შეკითხვაზე პასუხი არ გაუცია. ყველაზე დამამცირებელი და სამარცხვინო იყო ის, რომ შეხვედრამდე ტელეფონები ჩამოგვართვეს და ისე შეგვახვედრეს. რა უნდა ჩამეწერა? რა უნდა გამეკეთებინა ისეთი?“

_რა იქნება შემდეგი ნაბიჯი, რას აპირებთ?

„შაბათს ვგეგმავთ აქციას,სადაც უამრავ ხალხს ველოდებით,დეტალები დაანონსდება წინასწარ. ჩვენ მკაფიო ერთი მოთხოვნა არ გვაქვს,ძალიან ბევრი დანაშაული მოხდა რასაც ვაპროტესტებთ. ჩვენ არც დირექტორობა გვინდა და არც მასწავლებლობა არ გვინდა იმ პირობებში თუ ჩვენ ღირებულებებზე ვიტყვით უარს. ჩვენ ცვლილებები გვჭირდება, ახლა მართავენ ის დირექტორები სკოლებს, რომლებიც გამოცდებსაც ვერ აბარებენ. გუშინ 19 არასამთავრობო ორგანიზაციამ გააკეთა განცხადება და სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი, რომ დირექტორის არჩევის წესი შეიცვალოს, ამ ყველაფერს უფრო მასშტაბური სახე მიეცემა. უნდა დამთავრდეს ადამიანების პარტიული ნიშნით დაყოფა, სირცხვილია,როცა ასე გვყოფენ და განათლებას ამ კუთხით ეხებიან.“

უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ 6 დეკემბერს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ თანამდებობა დატოვა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება არ უკავშირდება ცენტრის საქმიანობას და მას ეს გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ ჰქონდა მიღებული.

ჩვენ აქციის ერთ-ერთ მონაწილეს, დავით ფერაძეს დავუსვით კითვა, მისი აზრით უკავშირდებოდა თუ არა სოფო გორგაძის გადადგომა მიმდინარე მოვლენებს:

„არ მგონია მისი ეს გადაწყვეტილება ამ მოვლენებს უკავშირდებოდეს, თუმცა გვაქვს ინფორმაცია, რომ შიგნით ჭამენ ერთმანეთს და ალბათ მინისტრსაც უნდოდა ახლა სხვა ხელმძღვანელი ჰყავდეს.“

 

აქვე გთავაზობთ, როგორია დირექტორის არჩევის წესი:

დირექტორის სტანდარტის მიხედვით, რომელიც განათლების სამინისტრომ 2022 წელს განაახლა, სკოლის დირექტორი უნდა იყოს საგანმანათლებლო ლიდერი არა მხოლოდ სკოლისთვის, თემისთვისაც.

სკოლის დირექტორების არჩევის წესი ასეთია:

  • დაინტერესებული კანდიდატი, რომელსაც უნდა ჰქონდეს სამწლიანი სამუშაო გამოცდილება და აქედან ერთი წელი მაინც საგანმანათლებლო საქმიანობასთან დაკავშირებული, გადის სასერტიფიკატო გამოცდაზე.
  • ორეტაპიანი გამოცდა ტესტირებისა და სამინისტროში გასაუბრებისგან შედგება.
  • კონკურსი სერტიფიკატის აღების შემდეგ იწყება.
  • კანდიდატს გასაუბრებაზე კიდევ ერთხელ იბარებენ სამინისტროში.
  • საბოლოოდ კანდიდატებს შორის საუკეთესოს სკოლის სამეურვეო საბჭო ირჩევს - საბჭო დაკომპლექტებულია მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლებისგან.

ავტორი-სალომე ნოზაძე