რა მოთხოვნები აქვთ თსუ -ს სტუდენტებს რექტორის გადადგომის შემდეგ - ექსკლუზიური ინტერვიუ

განათლება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტორი: ანი სარდლიშვილი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საპროტესტო აქციები კვლავ მიმდინარეობს. სტუდენტები სხვადასხვა პრობლემების წინაშე დგანან. მოთხოვნები იცვლება, მაგრამ უნივერსიტეტის მხრიდან რეაგირება არ ჩანს. მაისის სტუდენტური მოძრაობაუკვე ნახევარი წელიწადია ითხოვს, საერთო სტუდენტური საცხოვრებლის აშენებას, რომელსაც 2018 წლიდან ჰპირდებიან. მათი თქმით სისტემა წლებია უკვე, რაც ასე მუშაობს და ყველა სტუდენტი ყოველდღე ეჩეხება უთანასწორო რეალობას უნივერსიტეტში. 7 ოქტომბერს თსუ-ს რექტორის თანამდებობა გიორგი შარვაშიძემ ვადის ამოწურვამდე 2 წლით ადრე დატოვა. აღსანიშნავია ახალი რექტორი არჩევის წესი, რომელიც მათი აზრით აუცილებლად უნდა შეიცვალოს. „ვერსია“ დაინტერესდა თსუ-ს სტუდენტების პრობლემებით და „სტუდენტური მოძრაობის“ ერთ-ერთ წევრს, საბა ქერქაძეს ესაუბრა...

 

_საბა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დიდიხანია პროტესტი მიმდინარეობს, ამ ეტაპზე რა არის თქვენი პირველი და ყველაზე მთავარი მოთხოვნა?

_დიახ, საკმაოდ დიდიხანია ვაპროტესტებთ სხვადასხვა პრობლემებს, მაგრამ რა საკითხებზეც ვსაუბრობთ ეს არ არის მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრობლემა, ეს არის ყველა სტუდენტის, რომლებიც სწავლობენ, სახელმწიფო უნივერსიტეტებში. ძირითადი მოთხვნა საერთო სტუდენტური საცხოვრებლის მშენებლობაა, არამარტო ჩვენი, არამედ ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის. ასევე,რექტორის არჩევის წესის ფუნდამეტური ცვლილება, სისტემური დემოკრატიზაციის პროცესის დაწყება. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფოსთან მიმართებაში არის სოციალური პოლიტიკის შემუშავება სტუდენტებთან, რაც უნდა გამოიხატოს საბინაო სუბსიდიით, რომ საერთო საცხოვრებლის აშენებამდე, საბინაო კრიზისი, რომელიც სახელმწიფოში არის შექნილი გარკვეულწილად სახელმწიფოს მხრიდან იქნას დარეგულირებული. საბინაო სუბსიდია კი ფუნდამენტურად შეცვლის რეალობას და სტუდენტებს შედარებით დაბალ ფასად მოუწევთ ბინის ქირაობა, სანამ საერთო საცხოვრებელი აშენდება.

_როგორია ამ ეტაპზე რექტორის არჩევის წესი და როგორ უნდა შეიცვალოს იგი, თქვენი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ხომ სწორედ ეს არის...

_ არჩევის წესთან დაკავშირებით, კანონშიც არის აღნიშნული, რომ უნივერსიტეტის რექტორებს ირჩევს აკადემიური საბჭო. აკადემიური საბჭოს შემადგენლობა სხვადასხვა უნივერსიტეტებში არის განსხვავებული, ყველაზე მოცულობითი კი არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელშიც შედის 38 კაცი. უნივერსიტეტში არის სულ 7 ფაკულტეტი, ფაკულტეტებიდან სამ-სამი პროფესორი და კვლევითი ცენტრებიდან თითო პროფესორი არის გამოგზავნილი, ამას ემატება შემდგომში თვითმართველობის რამდენიმე წევრი და საბოლოოდ ვიღებთ 38 კაციან საბჭოს, რომლებსაც აქვთ საკმაოდ დიდი ძალაუფლება უნივერსიტეტში. ერთ-ერთი მთავარი არის ის, რომ მათ შეუძლიათ აირჩიონ რექტორი. აღნიშნული მოდელი უნივერისტეტში დემოკრატიულობის პრინციპს არღვევს, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს გვაქვს ამ თვალსაზრისით წარმომადგენლობითი სისტემა, რაც გულისხმობს იმას, რომ თვითმარველობის წერვები, მთლიანად უნდა ასახავდნენ საუნივერსიტეტო-სამეცნიერო საზოგადოების განწყობებს. ჩვენ დღეს ვცხოვრობთ ისეთ სახელმწიფოებრივ პირობებში, სადაც რეჟიმი ფუნდამენტურად ცდილობს, რომ თავისუფალი გამოვლინება შეზღუდოს. უნივერსიტეტებში ეს ხდება ძალიან ხშირად, სახელმწიფო ცდილობს აკონტროლოს უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების აზრი, თუნდაც რექტორის თანამდებობაზე, ცდილობენ ისეთი კადრები დანიშნონ, რომლებიც თავის ინტერესებს გაატარებს. შესაბამისად ჩვენ მიგვაჩნია, რომ უნდა შეიცვალოს არჩევის წესი, რაც გულისხმობს რომ, რექტორს უნდა ირჩევდეს უშუალოდ პროფესორების სრული კორპუსი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ჰყავს 1500 პროფესორი, ესენი არიან სრული პროფესორები, ასოცირებული და ა.შ. ასევე აკადემიური პერსონალი, რომლებმაც ყველაზე კარგად იციან რა ხდება სამეცნიერო საზოგადოებაში და კარგად ესმით სტუდენტების საჭიროებები. შესაბამისად , ამ ადამაინებს ყველაზე მეტი განცდა და ხედვა აქვთ, თუ როგორი უნდა იყოს რექტორი და ვინ უნდა აირჩეს. როცა ჩვენ გვაქვს საუბარი 38 კაციანსგან დაკომპლექტებულ საბჭოზე და არსებობს სრული კორპუსი პროფესორების, აქ ვხედავთ, რომ საუბარია წარმომადგენლობით დემოკრატიაზე და არა პირდაპირ დემოკატიაზე. 1500 პროფესორის აზრის კონტროლი ხელისუფლებისგან მეტად რთულია, ვიდრე 38 კაცისგან შემდგარი საბჭოს. ყველაზე მთავარი არის ის, რომ სხვადასხვა ფაკულტეტებზე არსებობენ სხვადასხვა პოლიტიკური ინტერესების მქონე ჯგუფები, რომლების წლების განმავლობაში ცდილობენ ისეთი პროფესორები გააგზავნონ საბჭოში, რომლებიც საკუთარ პოლიტიკას გაატარებს. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ აკადემიური საბჭო დაიშალოს, როგორც არალეგიტიმური და უფუნქციო ორგანო. ჩვენ ვხედავთ სხვადასხვა ინტერების მქონე ჯგუფებს და საბოლოოდ, წლებია ვიღებთ ისეთ რექტორებს, რომლებიც  არ გამოხატავენ სამეცნიერო საზოგადოებისა და სტუდენტების საჭიროებებს.

_საბა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საკამოდ ბევრი სტუდენტი სწავლობს, საინტერესოა რამდენად გრძნობთ ბავშვებისგან მხარდაჭერას, დროსთან ერთად ეს ყველაფერი ხომ არ შეცვლილა?

_მთავარი არის ის, რომ მხარდაჭერის განცდა უნივერსიტეტის პროფესურაში და სტუდენტებში არსებობს, მაგრამ მათ ყოველდღიურად უწევთ ისეთ სისტემასთან პირისპირ დგომა , რომელიც არ აძლევს საშუალებას უფრო მეტად დაკავდნენ სოციალური  აქტივობით. დღეს სტუდენტები იმყოფებიან ისეთ ანტისოციალურ სისტემაში, სადაც ორიენტირებულნი არიან დაფარონ ყოველდღიური ხარჯები. როდესაც ვსაუბრობთ სოციალურ აქტივიზმზე, ეს ყველაფერი მოითხოვს საკმაოდ დიდ დროს, ენერგიას და ა.შ. ამიტომაც სტუდენტები ძირითადად ზრუნავენ საკუთარ პრობლემებთან გამკლავებაზე.  პირადად მე შემიძლია განვაცხადო, რომ პროფესურაშიც და სტუდენტებშიც არსებობს მხარდაჭერა და სურვილი, რომ უნივერსიტეტში მოხდეს ცვლილებები. პროფესორებს, რაც შეეხებათ, მათ არ აქვთ უფლება სტუდენტებთან ერთად გააპროტესტონ ეს პრობლემები, რადგან შემდგომ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება მათი ხვალინდელი დღე უნივერსიტეტში. შესაბამისად დღეს არსებული სისტემური მდგომარეობა, ისეთ რეალობას ქმნის, რომ ეს ადამიანები ძირითადად არიან საკუთარ დღის წესრიგზე დამოკიდებულნი და ვერ ერთვებიან იმ სოციალურ აქტივიზმში, რომელშიც დღეს ჩვენ ვართ ჩაბმული.

_და ბოლოს, რა გეგმები გაქვთ და რა არის სტუდენტური ძალის შემდეგი ნაბიჯები, რომ უნივერსიტეტმა უზრუნველყოს ღირსეული სტუდენტური ცხოვრება?

_უნივერსიტეტში მუდმივად უნდა ისმოდეს კრიტიკული აზრი, როგორც სახელმწიფოსთან მიმართებაში, ისე უნივერსიტეტში არსებულ პრობლემებთან. ამ შემთხვევაში პროტესტის ბევრი ობიექტი გვაქვს, უპირსველესია სახელმწიფოებრივი სისტემა და შემდგომში უნივერსიტეტში არსებული რეალობა, მაგრამ ეს ორი ერთმანეთისგან არ არის დიფერენცირებული. ნებისმიერი საგანმანათლებლო სისტემის გაუმართაობა გამოძახილია სახელმწიფოში არსებული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებიდან. ხშირად ცდილობს სისტემური პროპაგანდა, რომ განათლება და ზოგადად საუნივერსიტეტო ცხოვრება გათიშონ სოციალურ-პოკლიტიკური დისკუსიისგან, რასაც თითქოს ახერხებენ კიდეც, ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია კრიტიკული აზრი ყოველთვის ისმოდეს და პროტესტი გაგრძელდეს. ჩვენი მთავარი ამოსავალი წერტილი დღეს არის, ის რომ შევიმუშავოთ გეგმა და შევთვაზოთ ისეთი ტაქტიკა, რომელიც არ მისცემს აკადემიურ საბჭოს დანიშნოს ახალი რექტორი, ასევე სახელმწიფოს აიძულებს, რომ გამოვიდეს კონტაქტზე და შეიმუშაოს შესაბამისი პოლიტიკა. ყველაზე მთავარი და უცვლელი მოთხოვნა კი არის ის, რომ აუცილებლად აშენდეს მრავალ ადგილიანი სტუდენტური საცხოვრებელი.