ეროვნული გამოცდების ახალი სისტემის დანერგვა 2027 წლის ზაფხულიდან იგეგმება

განათლება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ეროვნული გამოცდების ახალი სისტემის დანერგვა 2027 წლის ზაფხულიდან იგეგმება, - ამის შესახებ აღნიშნულია განათლების და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვრის ანგარიშში, რომელსაც ის ხვალ პარლამენტს „მინისტრის საათის“ ფორმატში წარუდგენს.

ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალ მოდელზე სამინისტრო დიდი ხანია მუშაობს, თუმცა კონკრეტული მოდელი ცნობილი არ არის.

„შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით დაიწყო მუშაობა ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალ მოდელზე, რომელიც ითვალისწინებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის არსებული სისტემის რეფორმას. ამ რეფორმის ერთ-ერთი წინაპირობაა გადაწყვეტილების მიღების პროცესში სკოლებისა და უნივერსიტეტების როლის გაზრდა. ახალი სისტემის დანერგვა იგეგმება 2027 წლის ზაფხულში“, - წერია მინისტრის ანგარიშში.

რაც შეეხება მიმდინარე წლის სტატისტიკას, ანგარიშის თანახმად, 2024 წელს საგამოცდო ცენტრები 80 000 - მდე გამოსაცდელს მოემსახურება. მათ შორისაა 47 000-ზე მეტი რეგისტრირებული აბიტურიენტი, 3 000-ზე მეტი სტუდენტი, 10 000-ზე მეტი მაგისტრობის კანდიდატი, ასევე, 18 900-ზე მეტი მსურველი, რომელიც წელს მასწავლებლის გამოცდაზე გასვლას გეგმავს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს 80 000-მდე გამოსაცდელის განაწილების პროცესი საგამოცდო ცენტრების მიხედვით.

მთელი საქართველოს მასშტაბით – თბილისში, რუსთავში, თელავში, გორში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ოზურგეთში, ბათუმში, ახალციხეში, ხულოსა და ამბროლაურში – საგამოცდო ცენტრები გაიხსნება.