„კვლევის მიხედვით, ადამიანი IQ-ს კარგავს, 20 წლით ბერდება, რეპროდუქციული ჯანმრთელობა ქვეითდება...“ - გიორგი ფხაკაძე „ომიკრონის“ ახალ შტამზე

ჯანდაცვა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტორი: ემილი ფეიქრიშვილი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ახლახან აღმოჩენილი „ომიკრონის“ ქვეშტამი მსოფლიოს 57 ქვეყანაში დაფიქსირდა და ზოგიერთ ქვეყანაში ეს ქვეშტამი უკვე დომინანტიც კია.

ამჟამად ომიკრონის ყველაზე გადამდები შტამი მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაშია დაფიქსირებული. „ომიკრონი“ შტამების საერთო ტერმინია, ის Sars-Cov-2-თან მჭიდროდ არის დაკავშირებული. სხვა შტამებს შორის ყველაზე ფართოდ BA1 ვარიანტია გავრცელებული.

ახლა უკვე ბევრ ქვეყანაში, განსაკუთრებით აზიასა და ევროპაში, ადასტურებენ, რომ მათთან ომიკრონის BA 2 ვარიანტი გამოვლინდა. მიუხედავად იმისა, რომ BA 2, წინასწარი კვლევით, უფრო გადამდებია, ჯერჯერობით არ არსებობს მონაცემები, რომ ის უფრო სერიოზული და ძლიერი ვარიანტია.

პანდემიის მიმდინარე თემებთან დაკავშირებით „ვერსია“ ჯანდაცვის მსოფლიო ექსპერტს, გიორგი ფხაკაძეს ესაუბრა:

_ბატონო გიორგი, რა ინფორმაცია გაქვთ „ომიკრონის“ ახალი ქვეშტამის შესახებ, რომელიც უკვე რამდენიმე ქვეყანაში დაფიქსირდა?

_ამ ეტაპზე SARS-CoV-2 „ომიკრონ“ ვარიანტის 5 ქვეშტამია გამოვლენილი. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ოდნავ განსხვავებული ვარიანტებია, მაგალითად სამხრეთ აფრიკაში, ჩინეთში, ჰონკონგსა და კორეაში სხვადასხვა ვარიანტებია, ბრიტანეთში და ევროპაში ასევე განსხვავდება დანარჩენებისგან. თუმცა კონცეფცია ყველგან ერთია.

BA2 „ომიკრონი“ ძალიან სწრაფად ვრცელდება და კონტროლს არ ექვემდებარება. ადამიანები, რომლებმაც უკვე გადაიტანეს კოვიდის ყველა ვარიანტი, დაცულები მაინც არ არიან.

ისინი, ვინც ინფიცირებულები იყვნენ მარტის დასაწყისამდე, თებერვლის ჩათვლით, ყველა ადამიანი დაუცველია, ვინაიდან მათ გადაიტანეს „დელტა“ ან „ომიკრონის“ პირველი ვარიანტი. ის ადამიანები, რომლებმაც „ომიკრონის“ მე-2 ვარიანტი გადაიტანეს, რეინფიცირებისგან რამდენიმე თვე დაცულები იქნებიან, მაგრამ თუ ადამიანმა გადაიტანა „დელტა“ ან „ომიკრონ“ B1, შეიძლება მეორე დღესვე დაინფიცირდეს, ახალი ვარიანტებით.

კარგი ამბავია ის, რომ თუ ადამიანი 3-4-ჯერ არის აცრილი „ფაიზერით“ ან „მოდერნას“ ვაქცინით, დაცულია როგორც სიკვდილიანობისგან, ასევე ჰოსპიტალიზაციისგან და თუ მაინც დაინფიცირდა, შეიძლება ისე გადაიტანოს, როგორც სურდო. ვაქცინები მუშაობს, ჩემ მიერ ნახსენები ორი ვაქცინა ეფექტურად ებრძვის ხუთივე შტამს.

_იმ ფონზე, რომ ახალი შტამები ჩნდება და ვირუსი მუტაციას განიცდის, რეგულაციების შემსუბუქება სწორად მიგაჩნიათ?

_საქართველოში ჯანდაცვის სისტემა არ არსებობს, ეს არის რაღაც ფანტომი. იმის მაგივრად, რომ ვირუსის შემოსვლის შემდეგ მისი მართვა ისწავლონ და მოიმარაგონ რესურსები, ქვეყანას ხსნიან-კეტავენ.

საქართველოში ახლა სამხრეთ აფრიკული სურათით ვითარდება მოვლენები, სადაც მოსახლეობის 36% ვაქცინირებულია, საქართველოში ეს მაჩვენებელი 10%-ზე უფრო დაბალია, პროტოკოლის მიხედვით, ვაქცინირებული ნიშნავს 3-4 დოზით აცრილ ადამიანს, 2-ჯერ აცრა საკმარისი არ არის.

სამხრეთ აფრიკაში ზუსტად ორი კვირაა, რაც მეხუთე ტალღა დაიწყო „ომიკრონის“ B4, B5 ვარიანტის, საქართველოშიც იგივე სიტუაციაა, რადგან მოსახლეობა აბსოლუტურად დაუცველია, სრულად აცრილი არავინ არ არის.

_რას უნდა ველოდეთ „ომიკრონის“ ახალი ქვეშტამებისგან და ისეთი სიმპტომით ხომ არ ხასიათდება, რაც სხვა შტამებში არ დაფიქსირებულა?

_ახლა საფრანგეთში ვარ, სადაც 5 წლიდან მოსახლეობის 80% აცრილია და ამ ქვეყანაშიც კი საზოგადოებრივ ტრანსპორტში, საავადმყოფოებში, აფთიაქებში, მოხუცებულთა სამედიცინო დაწესებულებებში აუცილებელია, რეგულაციების მკაცრად დაცვა.

როდესაც საქართველოში ვაქცინაციის კამპანია დაიწყეს, ჩემი რეკომენდაცია იყო, რომ ჯერ რისკჯგუფში მყოფი ადამიანები აეცრათ, ანუ 50 წელს ზემოთ. შემდეგ უნდა ჩამოსულიყვნენ დაბალ ასაკის ადამიანებზე. საქართველოს სტატისტიკის მიხედვით, ბოლო ორ წელში 17 000 ადამიანია გარდაცვლილი, რეალურად ეს რიცხვი 50 000-მდეა. კოვიდით გარდაცვლილთა 80% არის 60 წელს გადაცილებული ადამიანი. ანუ როდესაც ჯანდაცვის სისტემას მართავ, ხომ უნდა დაფიქრდე, ვისზე იმუშავო და ვის უნდა მიხედო?!

ამათ უკვე ბავშვების ვაქცინაცია დაიწყეს, რა თქმა უნდა, პრობლემა არ მაქვს, მაგრამ ჯერ მოხუცები არ აცრილან და ბავშვებთან რა უნდათ?!

_შეიძლება, ვივარაუდოთ თუ არა, რომ ვირუსი უკან იხევს და ქვეშტამები ისეთი ძლიერი აღარ არის, როგორც კორონაპანდემიის საწყის ეტაპზე იყო?

_როდესაც ჩემი კოლეგები საუბრობდნენ იმაზე, რომ „ომიკრონი“ დასასრულის დასაწყისი იყო, ეს მე უარვყავი, რის შემდეგაც მლანძღეს, მაბულინგებდნენ. ეს ვირუსი ვერ დამთავრდება, თუ მთელი მსოფლიო აცრილი არ იქნება „ფაიზერის“ ან „მოდერნას“ საშუალებით, რადგან დანარჩენმა ვაქცინებმა თავისი არაეფექტურობა აჩვენა.

ვარიანტები იცვლებიან, მაგრამ მაინც კოვიდი კოვიდია და არ დაგვავიწყდე, რომ ყველაზე დიდი ვერაგობა პოსტკოვიდის პერიოდია, ეს მდგომარეობა ისეთი მძიმეა, რომ ადამიანების 50%-ს, რომლებმაც კოვიდი გადაიტანეს, სხვადასხვა ტიპის პოსტკოვიდური მდგომარეობა ემართება, დაწყებული ღვიძლის პრობლემებით, დიაბეტით, მენტალური პრობლემებით, გულის დაავადებებით. კვლევა დაიდო, რომ ადამიანი IQ-ს კარგავს, 20 წლით ბერდება, რეპროდუქციული ჯანმრთელობა ქვეითდება, როგორც საკვერცხე უჯრედებზე მოქმედებს, ასევე ერექციულ ფუნქციაზე.

ამის შემდეგ როდესაც გაქვს წამალი, რომ ეს ყველაფერი შედარებით მსუბუქად გადაიტანო და კიდევ არ ენდობი, ეს არის სრული აბსურდი.

„ომიკრონის“ ქვეშტამები სხვა შტამებისგან არ განსხვავდება, პოსტკოვიდი და მიმდინარეობა იგივეა, რა თქმა უნდა, კოვიდი არის ვირუსი, რომელიც ცდილობს ადამიანის ორგანიზმთან ადაპტირებას, ანუ თვითგადარჩენის მექანიზმი აქვს. ისეთი მომაკვდინებელი აღარ არის, როგორიც ადრე, მაგრამ ექიმებმა უკვე მეტი ვიცით მის შესახებ და შესაბამისად, მართვაც გაცილებით გამარტივდა. ანუ ადაპტირება მოხდა ორივე მხრიდან. ჩვენ გვაქვს იარაღი, რითაც შეგვიძლია ვებრძოლოთ ვირუსს - ეს არის ვაქცინაცია, მაგრამ სათანადოდ არ ვიყენებთ.