რა საკითხებზე ისაუბრა ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში

ჯანდაცვა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას მიხეილ სარჯველაძემ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მნიშვნელობასა და მის 11-წლიან შედეგებზე ისაუბრა.

ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებამ მოსახლეობას ხარისხიან და სიცოცხლისთვის აუცილებელ სამედიცინო სერვისებზე წვდომა გაუმარტივა და მოქალაქეთა ჯიბიდან დანახარჯები მკვეთრად შემცირდა.

„სამწუხაროდ, როგორც ჩანს, საქართველოს ბევრი დრო აქვს დაკარგული წინა წლებში ჯანდაცვის სექტორის სწორად მართვის თვალსაზრისით. ვიღაც ამას კარგად ნიღბავდა, ვიღაცას აქა-იქ წამოსცდებოდა კიდევაც, მაგრამ საბოლოო ჯამში, 2012 წლის მიწურულამდე საქართველოს ჯანდაცვის სისტემა იმართებოდა იმ პრინციპით, რომ პაციენტის კეთილდღეობაზე თანხის ხარჯვას თვლიდნენ შავ ხვრელში ფულის გადაყრად.

ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით, მისი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში, 2013 წლიდან დაიწყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელმაც ჯანდაცვის სისტემა საქართველოში დააყენა სწორი და შეუქცევადი განვითარების რელსებზე. შეიძლება ითქვას, რომ ჯანდაცვის კონსტიტუციური უფლების რეალიზების საქმისადმი სერიოზული მიდგომა საქართველოში სწორედ ამ დროიდან იწყება და ეს პროგრამაც არის ჯანდაცვის სისტემის განვითარების მთავარი ხერხემალი“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა, საკუთარი განცხადების დასტურად, ჯანდაცვაზე გაწეული სახელმწიფო დანახარჯები მოიყვანა, რომელიც 2012 წელს 450 მილიონს შეადგენდა, 2024 წელს კი 1,62 მილიარდ ლარზე მეტს შეადგენს.

„სხვაობა, მოგეხსნებათ, რომ არამც უბრალოდ შთამბეჭდავია, არამედ ვსაუბრობთ სრულიად სხვადასხვა მიდგომაზე. წლებია მზარდი დინამიკა ნარჩუნდება ამ მიმართულებით“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მინისტრის თქმით, როგორც სხვა პროგრამების, ისე ონკოლოგიის დაფინანსება, ყოველწლიურად, მკვეთრად იზრდება და უფრო მეტ სერვისებსა და ბენეფიციარს მოიცავს.

„ონკოლოგიის დაფინანსებაზე, 2012 წლის განმავლობაში, დანახარჯი შეადგენდა სულ 13 მილიონს ლარს. ახლა გეტყვით დინამიკას, მაგალითად უკანასკნელი სამი წლის მანძილზე, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ქიმიო, ჰორმონო და სხივურ თერაპიაზე, მედიკამენტების ჩათვლით:
• 2019 წელს - 36 მლნ ლარი
• 2020 წელს - 39 მლნ ლარი
• 2021 წელს - 123 მლნ ლარი
• 2022 წელს - 143 მლნ ლარი
• 2023 წელს - 174 მლნ ლარი

წელს დაგეგმილი ხარჯის ოდენობა შეადგენს 229 მლნ ლარს. გარდა ამისა, ონკოლოგიური პაციენტების საჭიროებების დაფარვა ხდება რეფერალური დახმარების პროგრამის ფარგლებშიც“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მისივე თქმით, სახელმწიფო არ აპირებს მიღწეულით დაკმაყოფილებას და პროგრამა კვლავაც გააგრძელებს ზრდასა და განვითარებას.

ძალიან გთხოვთ ყველას, მეტი პასუხისმგებლობით ვიყოთ, როდესაც საქმე ეხება ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, მწვავე დაავადებებთან ბრძოლას და ა.შ. ნუ დავთესავთ ყალბ პანიკას, იმიტომ რომ სახელმწიფო თვითონ უზრუნველყოფს უკლებლივ ყველა ონკოლოგიური პაციენტი ბავშვის ხარჯების ანაზღაურებას, რომელიც უკავშირდება მკურნალობას, საზღვარგარეთაც და საქართველოშიც. აქედან გამომდინარე, არავის მივცემ შესაძლებლობას, რომ ყალბი ინფორმაციის გავრცელებით იყოს დაკავებული, ვისაც შეცდომა მოუვიდა და არასწორად გაავრცელა ინფორმაცია, ვურჩევდი სწორად გაეცნონ ინფორმაციას, - ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე გავრცელებულ დეზინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს, გამჭვირვალობის შესახებ კანონი, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობას აფერხებს.

„ვინც ეხმარება ხალხს და ქველმოქმედებას ეწევა, არავისთვის არ შექმნილა რაიმე მიზეზი, რომ ხელი აიღოს ქველმოქმედებაზე. ვისაც ქველმოქმედების სურვილი აქვს, განახორციელებს უპრობლემოდ. რაც შეეხება საკითხს იმასთან დაკავშირებით, რომ ვინმე მკურნალობის გარეშე შეიძლება დარჩეს, ნუ უხეთქავთ ადამიანებს გულებს, არავინ მკურნალობის გარეშე არ დარჩება“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ჯანდაცის სამინისტროს ინფორმაციით, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის უპრეცედენტო პროგრამა, 2023 წლის აგვისტოდან მოქმედებს. პროგრამა მოიცავს ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებისა და მოზარდების დიაგნოსტიკასა და მკურნალობის კურსს. პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო, ბენეფიციარებს, ყველა საჭირო სერვისს როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ უფინანსებს. პროგრამაში, ჩართულია 3 ქვეყნის: თურქეთის, ისრაელის, ესპანეთის 6 წამყვანი, მაღალტექნოლოგიური კლინიკა. პროგრამით უკვე 89 ბავშვმა ისარგებლა.

მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ მსგავსი დეზინფორმაციის გამავრცელებელი პირები საკუთარ, ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს უფრო წინ აყენებენ, ვიდრე რეალობასა და პატარა პაციენტების ინტერესებს.

„ყველა ვინც ეუბნება, თითოეული ონკოლოგიური პაციენტი ბავშვის მშობელს ამას, არის დღეს პოლიტიკური მაროდიორი. ის არის ადამიანი, რომელიც ყველაფერს კადრულობს, ადამიანების შეცდომაში შესაყვანად და პოლიტიკური დივიდენდების დასაწერად. ეს არ არის, სხვა სფერო სადაც შეიძლება მოკრძალებული პასუხი გასცე. ეს არის სფერო, სადაც აბსოლუტურად გადაჭრით უნდა თქვა, რომ არცერთ ონკოლოგიურ პაციენტ ბავშვს ასეთი პრობლემა არ შეექმნება. ამის სადარაჯოზე, სახელმწიფო, გამართული იდგება რა თქმა უნდა“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.


ბავშვთა და შშმ პირთა უფლებებზე განსაკუთრებული ზრუნვა სახელმწიფოს უმთავრესი პრიორიტეტია, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„შშმ პირთა უფლებებზე მუშაობა გაგრძელდება იმ საუკეთესო სტანდარტების გამოყენებით,რაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ საქართველოს ახალმა კანონმა დაადგინა.

მთავარ სამომავლო გეგმად უნდა გამოვყოთ მუშაობის აქტიურად გაგრძელება ე.წ. ბიო-ფსიქო-სოციალურ მოდელზე გადასვლასთან დაკავშირებით მოსამზადებლად. ამ მიმართულებით ასევე პრიორიტეტი იქნება სერვისების ხარისხი და იმ დეფიციტების აღმოფხვრა, რაც დაკავშირებულია შშმ პირთა დასაქმებასთან“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.