ისრაელი საქართველოდან შეტანილი დაავადებული ემბრიონების საქმეს იძიებს

ჯანდაცვა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ისრაელის პოლიცია ხელოვნური განაყოფიერებისთვის განკუთვნილი დაავადებული ემბრიონების საქმეს იძიებს. ემბრიონები, რომლებიც გენეტიკურ დეფექტს შეიცავდნენ, ისრაელში საქართველოდან შეიტანეს. საქართველოში მოქმედი სუროგაციისა და დონაციის სააგენტოების მომსახურებით, უმეტესად, უცხოელი წყვილები სარგებლობენ.

ისრაელის მედიაში გავრცელებული ინფორმაციით თანახმად, სისხლის სამართლის საქმის გამოძიება ისრაელის პოლიციამ ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად თვეების წინ დაიწყო.

როგორც რადიო თავისუფლებას ეუბნებიან საქართველოს პროკურატურაში, ისრაელმა საგამოძიებო უწყებას სამართლებრივი დახმარების ფარგლებში მიმართა. როდის და კონკრეტულად რა დახმარებას ითხოვდა ისრაელი და რა დახმარება გაუწია ქართულმა მხარემ, ამ დეტალებს პროკურატურა არ ასაჯაროებს.
გენეტიკური დაავადების მქონე ემბრიონების საქმეზე, რამდენიმე დღის წინ, თელ-ავივში დააკავეს ორი ექიმი - ინ ვიტრო განაყოფიერების კერძო კლინიკის მთავარი ექიმი და ერთ-ერთი კლინიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი.

18 მარტს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ექიმები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. გამოძიება მათ თაღლითობასა და მძიმე დაავადების გავრცელებას ედავება.

ისრაელის მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოდან წაღებული ემბრიონები ისრაელის მოქალაქეებს გადაუტანეს.

ერთი ახალშობილი თანდაყოლილი დაავადებით გაჩნდა. მეორე ნაყოფი მკვდარი დაიბადა.

როგორც ისრაელის მედია იტყობინება, ამ დროისათვის, მხოლოდ სამი დაზარალებული ქალის შესახებ არის ცნობილი, თუმცა, გამოძიება არ გამორიცხავს, რომ ემბრიონები გენეტიკური დაავადებით, შესაძლოა, მეტ ქალს გადაუტანეს.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოდან გაგზავნილი ემბრიონები შეიცავდნენ ჰემოფილია B-ის გენს.

ჰემოფილია არის იშვიათი გენეტიკური დაავადება, რომლის დროსაც ვერ ხერხდება სისხლის ნორმალური შედედება არასაკმარისი შემადედებელი ცილების (შედედების ფაქტორების) არსებობის გამო.
ბრალდებულების ადვოკატები აცხადებენ, რომ ექიმებმა ყველა ის გამოკვლევა ჩაატარეს, რაც ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლითაა გათვალისწინებული ინ ვიტრო განაყოფიერების პროცედურის შესრულებისას.

ამავეს ამბობს ლიკა ჭყონია, ადამიანის რეპროდუქციისა და ემბრიოლოგიის საქართველოს ასოციაციის თავმჯდომარე და ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკის „რეპროარტის“ დამფუძნებელი.

მისი თქმით, ქართულმა კლინიკამ, რომელსაც კვერცხუჯრედის დონაციისთვის მიმართეს პაციენტებმა ისრაელიდან, ისრაელის მთავრობის პროტოკოლით განსაზღვრული ყველა კვლევა ჩაატარა.

ეს პროტოკოლი კი, როგორც ლიკა ჭყონია ამბობს, არ მოიცავს კვლევას ისეთ გენეტიკურ დაავადებაზე, როგორიცაა ჰემოფილია:

„ყველა ქვეყანას თავისი რეგულაცია აქვს და ამ რეგულაციით ხდება თანამშრომლობა ქართულ და უცხოურ კლინიკებს შორის. ისრაელის მთავრობას აქვს მოთხოვნა, რომ ის კლინიკები, რომლებსაც აქვთ უფლება, რომ განაყოფიერებული ემბრიონი ან კვერცხუჯრედი შეიტანონ ისრაელის ტერიტორიაზე, აუცილებლად უნდა იყვნენ აკრედიტებული ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ. ქართულ კლინიკას, საიდანაც განაყოფიერებული ემბრიონები გაიტანეს, ეს აკრედიტაცია ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროსგან მიღებული აქვს.

ისრაელის სახელმწიფოს მოთხოვნაა, რომ დონორს აუცილებლად უნდა ჩაუტარდეს ოთხი კვლევა გენურ მუტაციაზე და ერთიც ქრომოსომული კვლევა. ამ კვლევებს შორის არ არის კვლევა ჰემოფილიაზე“.

ლიკა ჭყონიას თქმით, კვერცხუჯრედების ქართველ დონორებს ისრაელის კლინიკის ექიმები, პაციენტთან შეთანხმებით, თავად არჩევენ. შესაბამისად, ისრაელის ექიმებისთვის ცნობილია ყველა იმ აუცილებელი კვლევის შედეგები, რომლებსაც დონორი იკეთებს:

„გენურ მუტაციაზე კვლევები ტარდება ამერიკაში, ანუ ბიოლიგიური მასალები საქართველოდან იგზავნება ამერიკაში. როდესაც ისრაელის მხარემ აარჩია ეს კონკრეტული დონორი, მათ ყველა აუცილებელი კვლევის პასუხი იცოდნენ. აქედან გამომდინარე, სრულიად არარელევანტურია, რომ ახლა ვინმემ ისრები ქართულ მხარეზე გადმოიტანოს. ქართულ მხარეს არ დაუშვია არანაირი შეცდომა“.

პროტოკოლის თანახმად, კვლევები ტარდება ისეთ დაავადებებზე, როგორიცაა, ცისტოზური ფიბროზი, დუშენის კუნთოვანი დისტროფია, მყიფე X სინდრომი, სპინალური კუნთოვანი ატროფია და ასევე ხდება კარიოტიპირება.

ისრაელში მიმდინარე გამოძიების შესახებ კომენტარს, ამ ეტაპზე, არ აკეთებს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო.

როგორ ირჩევენ კვერცხუჯრედების დონორებს?
ექსპერტები ამბობენ, რომ საქართველო ერთგვარი ჰაბია უცხოელი პაციენტებისთვის - ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიის განვითარებით და სერვისებით.

ქართული სააგენტოები კვერცხუჯრედის დონორებს ე.წ. სარეკლამო განცხადებებით ეძებენ. სარეკლამო ტექსტებში ის კრიტერიუმებია მითითებული, რომლებსაც დონორი უნდა აკმაყოფილებდეს. მაგალითად:

  • ასაკი 20-30 წელი;
  • მისასალმებელია საკუთარი ჯანმრთელი შვილის ყოლა;
  • მიმზიდველი გარეგნული მონაცემები;
  • სრული ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა;
  • ქრონიკული დაავადებების არარსებობა:
  • ჭარბი წონის არარსებობა;
  • გენეტიკური და მემკვიდრეობითი ხასიათის დაავადებების არარსებობა.
    ძნელია გახდე დონორი, რადგან „აკვირდებიან ყველაფერს, ჯანმრთელობას, გარეგნობას“, - ეუბნება 22 წლის სალომე* რადიო თავისუფლებას.

„ერთი წელი დავდიოდი სხვადასხვა კლინიკაში. გამიმართლა და ამირჩიეს გარეგნობით. წყვილები ძირითადად ისეთ დონორს ეძებენ, რომელიც მათ ჰგავს. ისინი ხედავენ შენს ფოტოს, მონაცემებს, დანარჩენი არაფერი საერთო მათთან არ გაქვს. არც იცი, ვინ არიან. ნოტარიუსთან ვიყავით, რომ უფლება მიეცათ მათთვის, რომ ჩემი ბიოლოგიური მასალა წაეღოთ სხვა ქვეყანაში, კონკრეტულად გერმანიაში. ამისთვის ჩემი თანხმობა იყო საჭირო“.

სალომემ უკვე ოთხჯერ ჩაიტარა კვერცხუჯრედის ამოღების პროცედურა.

„პირველად 2000 ლარი გადამიხადეს. მეორედ მთხოვეს, რაც უფრო მალე მოხვალ, უფრო მეტს გადაგიხდითო. ბევრი ფოლეკულა მაქვს, ძალიან აწყობთ. ორ კლინიკასთან ვთანამშრომლობ“.

სალომე კვერცხუჯრედის დონაციისგან მიღებული თანხის ნაწილით სწავლის ფულს იხდის, ნაწილს კი საკუთარ ბიზნესს ახმარს.

კვერცხუჯრედის დონორობა გადაწყვიტა რამდენიმე თვის წინ 26 წლის მარიამმაც. მისი თქმით, ე.წ. ისრაელის პროგრამისთვის ქართველი დონორები საკმაოდ სოლიდურ თანხას, 2000 დოლარს იღებენ:

„მაგრამ ისინი უკვე კონკრეტულ ტიპაჟზე არიან ორიენტირებულები. ყაზახეთის პროგრამაშიც მეტია ანაზღაურება. ხელშეკრულებას აფორმებ და როცა მოხდება ჩემი მასალის ამოღება, ერთი დღის განმავლობაში უნდა ჩამერიცხოს ანაზღაურება. განაყოფიერდება თუ არ განაყოფიერდება, ეს უკვე ჩემი ვალდებულება აღარაა“.

მარიამის თქმით, „მომზადების პროცესი 13 დღეს გრძელდება. მანამდე ყველა საჭირო გამოკვლევა გიტარდება, სისხლის, ნაცხის ანალიზის, სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე ანალიზი. როცა ყველა პასუხი დადებითია, ამის შემდეგ იწყება მომზადება. იწყებ ინიექციებს. დღეში 2 ინიექცია კეთდება კანქვეშ, მუცელში. შემდეგ უკვე ტარდება კვერცხუჯრედის ამოღების პროცედურა. ანესთეზიით კეთდება და გრძელდება ნახევარი საათი“.

კვერცხუჯრედების ამოღებამდე მოსამზადებელ პერიოდს რადიო თავისუფლებასთან აღწერს სალომეც:

„უნდა ეცადო, რომ სწორად იკვებო. ასევე უნდა გაიკეთო ინიექციები. ოჯახის წევრებმა არ იციან, რომ დონორი ვარ, დედას ალბათ გული დასწყდება, რადგან ძალიან უნდა შვილიშვილი, მე კი შვილი საერთოდ არ მინდა. ინიექციისთვის საჭირო ნემსებს მეგობართან ვინახავ. იქ მივდივარ და იქ ვიკეთებ ხოლმე“.

„ჩემს გარშემო არავინ იცის, რომ დონორი ვარ, თუმცა, ვიცნობ გოგოს, რომელსაც ქმარიც ჰყავს, შვილებიც და ქმარიც მხარში უდგას მის ამ გადაწყვეტილებას“, - ამბობს მარიამი, რომელმაც კვერცხუჯრედის დონორობა სალომეს მსგავსად, პირველ რიგში, მატერიალური ინტერესის გამო გადაწყვიტა, თუმცა სხვა მიზეზზეც ჰყვება:

„მაგალითად, მყავდა ნათესავი, რომელიც 20 წლის განმავლობაში ცდილობდა, რომ შვილი ჰყოლოდა, მერე მე დავფიქრდი, რომ ჩემი მასალა ტყუილად ფუჭდება და რატომაც არა, დავეხმარები სხვა წყვილებს. თუმცა, საქართველოში მატერიალური ფაქტორი მაინც გადამწყვეტია. არიან გოგოები, რომლებსაც შვილები ჰყავთ, არ აქვთ სათანადო ანაზღაურება, შვილების გაზრდა დღეს საქართველოში იოლი არ არის. ამიტომ ბევრი ქალი მიმართავს ამ პროცედურას“, - ამბობს მარიამი.

დამხმარე რეპროდუქციული საშუალებებით სარგებლობის აკრძალვის შესახებ კანონპროექტი მესამე მოსმენაზე აღარ გავიდა
როგორია უცხოეთში საქართველოდან განაყოფიერებული ემბრიონების გატანის სტატისტიკა? რომელ ქვეყნებში გადის საქართველოდან ბიოლოგიური მასალა, მათ შორის, განაყოფიერებული ემბრიონები? ამ კითხვებზე ზუსტი პასუხი არ აქვს ლიკა ჭყონიას. თუმცა, ამბობს, რომ როდესაც საქმე დამხმარე რეპროდუქციულ საშუალებებს ეხება, უცხოელი წყვილები ამ პროცედურას უმეტესად საქართველოშივე იტარებენ და საქართველოდან ბიოლოგიური მასალის გატანის მაჩვენებელი არ არის დიდი.

2023 წლის ზაფხულში, როდესაც მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში ინ ვიტრო განაყოფიერების, სუროგაციისა და დონაციის სერვისის მიღების აკრძალვა დააპირა, რეპროდუქტოლოგებმა პრემიერის ეს ინიციატივა გააკრიტიკეს და თქვეს, რომ ეს ინიციატივა, ერთი მხრივ, დისკრიმინაციული იყო, მეორე მხრივ კი - წამგებიანი საქართველოს ეკონომიკისთვის:

„აქ პაციენტები ჩამოდიან არა იმიტომ, რომ ამ დარგის მომსახურება სხვა ქვეყნებთან შედარებით იაფია. არა, აქ ჩამოდიან იმიტომ, რომ საუკეთესო სერვისს იღებენ. გარდა ამისა, საქართველოში სამედიცინო ტურიზმი ზოგადად ტურიზმის 55%-ს მოიცავს. ვიცით, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური შემოსავალი მნიშვნელოვანწილად სწორედ ტურიზმს ეფუძნება.

ამ აკრძალვით არა მხოლოდ დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიის დარგი შეაჩერებს განვითარებას და შესაძლოა, არსებობასაც, არამედ ეს სერიოზული დანაკარგი იქნება ქვეყნის ბიუჯეტისთვისაც. აქ ჩამოსული პაციენტები, ცხადია, სარგებლობენ სხვადასხვა მომსახურებით, იქნება ეს სასტუმროები თუ საკვები, გასართობი ობიექტები.

2022 წელს საქართველოს ბიუჯეტმა დაახლოებით 60 მილიონი დოლარი მიიღო სამედიცინო ტურიზმის დახმარებით და რატომ ვამბობთ უარს იმაზე, რომ საქართველო არ იყოს დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიის ჰაბი? მსოფლიოში შობადობა არ შემცირდება, ადამიანს ყოველთვის ექნება სურვილი ჰყავდეს შვილი და რატომ ვაიძულებთ მათ წავიდნენ სხვა ქვეყანაში და ამით სარგებელი დაკარგოს ჩვენმა ქვეყანამ?“, - თქვა მაშინ ნინო მუსერიძემ, ქართულ-გერმანული კლინიკის ხელმძღვანელმა და ემბრიოლოგმა.

საქართველოში მოქმედი სუროგაციისა და დონაციის სააგენტოებისგან მიღებული ინფორმაციით, მათი მომსახურებით, უმეტესად, უცხოელი წყვილები სარგებლობენ. ეს მონაცემი შესაძლოა 98%-საც აღწევდეს.

მთავრობის მიერ წარდგენილი ცვლილებები 2024 წლის პირველი იანვრიდან უნდა შესულიყო ძალაში, თუმცა, პარლამენტში ორი განხილვის შემდეგ, კანონპროექტი მესამე მოსმენაზე აღარ გასულა. როგორც პარლამენტში ეუბნებიან რადიო თავისუფლებას, ამ კანონპროექტთან დაკავშირებით „სიახლე არ არის“.

*რესპონდენტების სახელები შეცვლილია მათი ანონიმურობის დაცვის მიზნით.

საქართველოს პროკურატურისა და ისრაელის სამართალდამცავთა ერთობლივი მონაწილეობით, ისრაელის სახელმწიფოდან შემოსული სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის საფუძველზე, ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში, ქალაქ ბათუმში მდებარე ხელოვნური განაყოფიერების, დონაციისა და სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში (სამედიცინო კლინიკა) საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩატარდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სამედიცინო კლინიკიდან დოკუმენტაცია და ელექტრონული ინფორმაცია ამოიღეს.

„ამ ეტაპზე, საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები გრძელდება, მათ შორის დაგეგმილია საქართველოსა და ისრაელის მოქალაქეების მოწმის სახით გამოკითხვა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

წყარო:რადიო თავისუფლება