115 ახალი სტატია

„დაავადებათა კონტროლის ცენტრში მავნებლები არიან!“- გიორგი ფხაკაძის სკანდალური ინტერვიუ

ჯანდაცვა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

 

 ბოლო მონაცემებით, საქართველოში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით 20 622 ადამიანია აცრილი. ვაქცინირებულთა არასახარბიელო რაოდენობის ფონზე, მსოფლიო მედიით ვრცელდება სტატიები, რომ  ჩინური ვაქცინები მაღალეფექტური არ გამოდგა. საქართველო კი ერთ-ერთი ქვეყანაა, სადაც ჩინური ვაქცინა შემოვიდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საერთაშორისო ბაზარზე ორი ჩინური ვაქცინაა - „სინოფარმი“ და „სინოვაკი“. ორივე, ჩინეთის მარეგულირებლისა და 40-მდე ქვეყნის მიერაა ავტორიზებული: „განცხადება, რაც გუშინ გაკეთდა არა „სინოფარმს“, არამედ, „სინოვაკს“ ეხებოდა, რომელიც ფართოდ გამოიყენება ჩინეთში, თურქეთსა და აზერბაიჯანში. „სინოვაკი“ შეისყიდა ბრაზილიამ, ჩილემ. ამ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ყველა ვაქცინა გამოიყენება გადაუდებელი მდგომარეობის დროს, პანდემია გადაუდებელი მდგომარეობაა. მათი დაცვის ეფექტურობა სხვადასხვაა, ჯანმო როცა აძლევს გადაუდებელი მოხმარების ნებართვას, აქვს 50%-იანი ზღვარი. თუ ვაქცინას აქვს 50%-ზე მეტი ეფექტურობა, მისი დაშვება ბაზარზე შესაძლებელია... ყველა ვაქცინას, რომელიც გამოიყენება მსოფლიო ბაზარზე, აქვს ძალიან მაღალი დაცვის ეფექტი კოვიდის მიერ გართულებებზე და სიკვდილიანობაზე ანუ თითქმის 100%-მდე ამცირებენ სიკვდილიანობას და ალბათობას, რომ დაავადებული ადამიანები მოხვდნენ ჰოსპიტლებში. ამ ჩინური ვაქცინების ეფექტიანობა მერყეობს 60%-დან 89%-ის ფარგლებში. „სინოფარმის“ ეფექტიანობის ალბათობა 79%-დან 86%-ის ფარგლებშია“.

ვაქცინაციასთან დაკავშირებით, კომპეტენტური ინფორმაციისთვის „ვერსია“ ჯანდაცვის ექსპერტს, გაერო-ს გენერალური მდივნის მრჩეველს ჯანდაცვის საკითხებში, გიორგი ფხაკაძეს ესაუბრა.

 ფხაკაძის თქმით, ჩინურ ვაქცინასათან დაკავშირებით ინფორმაცია საქართველოში თავად გაავრცელა:

„ყოველთვის ზუსტ ინფორმაციას ვავრცელებ ყველა ვაქცინასთან დაკავშირებით, რადგან ყველაფერი, რაზეც ვსაუბრობ, დაფუძნებულია კონკრეტულ წყაროებზე. მეტი ინფორმაცია მაქვს, მაგრამ საჯაროდ მხოლოდ იმას ვავრცელებ, რომელიც შეიძლება, გავრცელებული იყოს ფართო საზოგადოებისთვის. ზოგჯერ ვცდილობ, წინასწარ შევატყობინო ჩემს მეგობრებს, რომ ფრთხილად ვიყოთ, მაგრამ არავინ მისმენს. როცა საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინაცია დაიწყო, ლამის გადმოვხტი ეკრანიდან, შეაჩერეთ-მეთქი, რადგან გარკვეული საკითხები გასარკვევი იყო, მაგრამ ვინ დაგიჯერა?! ყველა ვაქცინა, რომელიც რეგისტრირებულია, დროებითი მოხმარებისაა და არ არის საბოლოოდ დამტკიცებული. ამასთან, არსებობს ძლიერი მარეგულირებლები: ჯანმო, ევროპის სააგენტო, საფრანგეთი და გერმანია. პირველი იყო მსოფლიოში საფრანგეთი, რომელმაც შეაჩერა „ასტრაზენეკას“ გამოყენება 55 წლის ქვემოთ, გერმანია კი 60 წლის ქვემოთ აღარ იყენებს ამ ვაქცინას. ეს ნიშნავს, რომ ძლიერი მარეგულირებელია, ფიქრობს ადამიანებზე და პატარა პრობლემასაც კი ყურადღებით ეპყრობა. ჯანმო-ს მიერ დარეგისტრირებულია „ფაიზერი“, „ასტრაზენეკა“, „ჯონსონ & ჯონსონი“. ევროკავშირის მიერ რეგისტრირებულია ეს სამივე და, პლუს, „მოდერნა“. აშშ-ში, „ასტრაზენეკა“ არ არის რეგისტრირებული, მხოლოდ „ფაიზერი“, „ჯონსონ & ჯონსონი“ და „მოდერნაა“. ჩვენი კორიფეები რომ გამოდიან და საუბრობენ, მათ მაგივრად მრცხვენია. მიმტკიცებენ, წამალი „რემდისევირი“ რომ ჩამოიტანეს საქართველოში, FDA-ის მიერ არის რეგისტრირებულიო. თუ ასეა, ბოდიში, მაგრამ „ასტრაზენეკა“ არ არის FDA-ის მიერ და რატომ ვიყენებთ? საკუთარ თავს ეწინააღმდეგებიან“.

გიორგი ფხაკაძე ხაზს უსვამს, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და მატერიალურ-ტექნიკური რესურსები არ გააჩნია, ამიტომ საჭიროა, ზემოხსენებულ ოთხ ძლიერ მარეგულირებელს ვუყუროთ. ჩინურ ვაქცინას კი, ფხაკაძის განმარტებით, არც ერთი ძლიერი მარეგულირებლისგან თანხმობა არ მიუღია:

 „იმიტომაა საშიში რუსული, ჩინური, კუბური, ირანული და სხვა ასეთი ვაქცინები, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავაკეთოთ, რაც გავაკეთეთ. ჩამოვიტანეთ ვაქცინა, რომლის ეფექტურობა არც ერთი საერთაშორისო ექსპერტის მიერ არ არის აღიარებული. ასეთი ვაქცინის ყიდვა, ერთი მხრივ, მისაღებია, რადგან ჯანმო-ში 15 ვაქცინაა, რომელთა შემქმნელებმაც გააკეთეს განაცხადი აკრედიტაციის გასავლელად. ყველა მათგანთან უნდა გვქონდეს მოლაპარაკება, რადგან პოტენციურად კარგი ვაქცინებია. ეს ჩინური ვაქცინაც ამ სიაშია, შეიძლება იყიდო და შეინახო მაცივარში, მაგრამ გამოვიყენოთ მაშინ, როცა მიიღებს თანხმობას ძლიერი მარეგულირებლისგან. ვაქცინა ისეთი რამაა, რომ ეფექტურ ვაქცინაზე, შეიძლება, ხვალ გამოცხადდეს, რაღაც მოხდა და სასწრაფოდ შესაჩერებელიაო. საერთოდ, ვაქცინის შეჩერება კარგია, რადგან ეს ნიშნავს, რომ ყურადღებით ეკიდებიან პატარა პობლემასაც კი. ძლიერი მარეგულირებელი იმითაა კარგი, რომ შეგვიძლია, მშვიდად დავიძინოთ, რადგან ვიღაც მუშაობს ჩვენს სასარგებლოდ“.

ჯანდაცვის ექსპერტს ვკითხეთ, რა მიზეზებით იქმნება მსოფლიო ბაზარზე დეფიციტი ისეთ მოთხოვნად ვაქცინაზე, როგორიც, მაგალითად, „ფაიზერია“ და რატომ ვერ აწარმოებს მოთხოვნის ადეკვატურ რაოდენობას აღნიშნული მწარმოებელი? გიორგი ფხაკაძე განმარტავს, რომ  „ფაიზერის“ ყველა ვაქცინა უკვე გაყიდულია:

„რთული პროცესია, „ფაიზერს“ ახალი ტექნოლოგია აქვს და ყველა ქარხანა ვერ გამოუშვებს ამ ვაქცინას. ზოგადად, ვაქცინები ათი სხვადასხვა ტექნოლოგიით მზადდება. „ასტრაზენეკას“ ქარხანაში, „ფაიზერის“ ვაქცინა ვერ გაკეთდება და პირიქით. „ფაიზერმა“ ბელგიაში დიდი რესურსები ჩადო, რომ გაეძლიერებინა ქარხანა, მაგრამ ყველაფერს აქვს ლიმიტი. ღუმელთან რომ დაგაყენოთ და გითხრათ, ერთ საათში, 200 ხაჭაპური გააკეთეო, ხომ ვერ შეძლებთ? გარდა იმისა, რომ დრო სჭირდება, ყველა ვაქცინა გაყიდულია ორი წლით ადრე. ყველა ქვეყანამ წინასწარ იყიდა, როცა „ფაიზერი“ ჯერ კიდევ არ იყო პერსპექტიული, ხუთჯერ უფრო მეტი დოზა, ვიდრე სჭირდებოდათ. ასე რომ, მსოფლიოში ყველაზე დიდი მოთხოვნა  „ფაიზერზეა“, მაგრამ ფიზიკურად ვერ აწარმოებს მეტს და რასაც აწარმოებს, დაკონტრაქტებულია 2022 წლის ბოლომდე. შესაბამისად, საქართველომ რომ იყიდოს „ფაიზერი“, ამისთვის ურთულესი მოლაპარაკებებია საჭირო.

ერთ-ერთი, რაც ბოლო თვეებში, ნორმალური გავიგე ჩვენი ჯანდაცვის მინისტრისგან, „ნოვოვაქსთან“ გვაქვს მოლაპარაკებაო. ეს სწორი გზით სიარულია, როცა ელაპარაკები პოტენციურად კარგი ვაქცინის მწარმოებელს“.

გიორგი ფხაკაძის თქმით, საქართველოს ვაქცინაციის გეგმა არაპროფესიონალების მიერ იყო დაწერილი და განხორციელებეული:

 „დაავადებათა კონტროლის ცენტრი არის მთავრი ანტივაქსერული ორგანიზაცია ქვეყანაში, როგორ აბსურდულადაც უნდა ჟღერდეს. ყველაფერი გააკეთეს არასწორად, ადამიანები შეაშინეს და მივიღეთ შედეგი, რაც გაქვს. ვაქცინაცია არ არის პანაცეა. ვირუსის დასამარცხებლად საჭიროა სამედიცინო პირბადე, ორმეტრიანი დისტანცია, ხელების დაბანა და მეოთხეა ვაქცინაცია, რომელიც უნდა იყოს აუცილებლად ნებაყოფლობითი, უსაფრთხო. პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებულნი და მომზადებულნი არა ერთი დღით, არამედ ორი კვირით ადრე, თუ რამხელა რისკია ვაქცინაში და იმაში, რომ დაავადება დაემართოთ. მაგალითად, ასთმიანი ადამიანისთვის, ზოგ შემთხვევაში, COVID-19 სასიკვდილო განაჩენია, ამიტომ ჩნდება კითხვა - რა უფრო მაღალი რისკის შემცველია: რომ გაიკეთოს ვაქცინა, თუ იყოს რისკის ქვეშ და დაემართოს კორონავირუსი? ექიმმა უნდა აუხსნას ამ რისკის მნიშვნელობა და თვითონ ადამიანმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. არასწორი მიდგომაა, მექანიკურად, ადამიანების ვაქსერებად და არავაქსერებად დაყოფა. ეს კომუნიტური მიდგომაა, 21-ე საუკუნეში თითოეულ ადამიანს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. ვაქცინასთან მიმართებაში უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილი, გამჭვირვალე და თუ ყველა კითხვაზე იქნება გაცემული პასუხი, ვაქცინაციის პროცესი უფრო ეფექტური იქნება.

აჟიოტაჟი რომაა ატეხილი, საქართველოში ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობა დაბალიაო, იცით, რომ ვაქცინა ქვეყანაში აღარ გვაქვს? ჩინური გავიკეთოთ? - ბოდიში, მაგრამ ეს არასწორი მიდგომაა. სწორი მიდგომაა, რომ  ქვეყანაში უნდა იყოს ვაქცინის საჭირო რაოდენობა და სწორი ინფორმაცია, არც ერთი გვაქვს. ვინმე ლაპარაკობს იმაზე, რომ ვაქცინის პირველად გაკეთებიდან, ხუთი თვის შემდეგ, კიდევ უნდა გაიკეთოთ დამატებითი „ბუსტერი“? „ასტრაზენეკას“ ვაქცინას ორჯერ რომ გაიკეთებთ, მესამე დოზა უნდა გაიკეთოთ ხუთი თვის შემდეგ. ამაზე რატომ არავინ ლაპარაკობს? მეუბნებით, მოდი, გაიკეთე ვაქცინაო, მაგრამ მარაგი არ გაქვს. ახლა არ გვინდა იმაზე ლაპარაკი, რომ ვიღაც ვაქსერია და ვიღაც - ანტივაქსერი. დაავადებათა კონტროლის ცენტრში მავნებლები არიან იმიტომ, რომ უნდა ჰქონდეთ გადადებული ვაქცინა ორ დოზაზე, რადგან დღეს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის ნაკლებობაა ბაზარზე. იმ ქვეყნებს, რომლებმაც გადაიხადეს ფული, დროულად არ მიეწოდებათ და რა გარანტიაა, რომ საქართველო მიიღებს კუთვნილ ვაქცინას? როცა უკეთებ ვაქცინას ადამიანს და ხედავ, რომ ბაზარზე ვაქცინის ნაკლებობაა, ეს არასწორი მიდგომაა. რომ გავიკეთოთ ვაქცინა, გარანტია გვაქვს, რომ ეს ვაქცინა გვექნება ხუთი თვის შემდეგ? ევროკავშირის ქვეყნები ვერ იღებენ მარაგს, რადგან შეფერხებაა მწარმოებლისგან. ისრაელში, ერთ მილიონს რომ გაუკეთეს ვაქცინა, 3 მილიონი აქვთ დასაწყობებული.

ვიცით, რომ „ასტრაზენეკა“ 55 წლის ქვემოთ არაა რეკომენდირებული, გარკვეული მიზეზების გამო და ხომ უნდა დაფიქრდე, გადაანაწილო - „ფაიზერის“ ვაქცინა მისცე სამედიცინო პერსონალს, ვინცაა 55 წლის ქვემოთ და „ასტრაზენეკა“ - 55 წლის ზემოთ. ეს ხომ დაგეგმარების საკითხია? ამას ვერ აკეთებენ, ვერაფერს აბამენ თავს და ტელევიზორში დაბოღმილი სახეებით გამოდიან, ხალხზე ვფიქრობთო. კორუმპირებული არაპროფესიონალები ვერასდროს იფიქრებენ ადამიანებზე“.