რა არის გესტაციური დიაბეტი და რა გავლენას ახდენს ნაყოფზე

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გესტაციური დიაბეტი, იგივე, ორსულობის დიაბეტი, ორსულობისას, სისხლში განვითარებული შაქრის მაღალი რაოდენობაა და ძირითადად, მშობიარობის შემდეგ ქრება. შესაძლოა, გესტაციური დიაბეტი ორსულობის ნებისმიერ ეტაპზე განვითარდეს, თუმცა ყველაზე ხშირი ორსულობის მეორე ნახევარშია. ეს მაშინ ხდება, თუ ორგანიზმი ვერ გამოყოფს საკმარისი რაოდენობის ინსულინს (ჰორმონს, რომელიც ეხმარება სისხლში შაქრის დონის კონტროლს), რათა დააკმაყოფილოს ორსულობის დროს მომატებული მოთხოვნა. გესტაციურმა დიაბეტმა, შეიძლება, გამოიწვიოს პრობლემები, როგორც დედის ორგანიზმში, ასევე – ნაყოფის. ამ რისკის შემცირება შესაძლებელია, თუ დაავადება დროულად იდენტიფიცირდება და სწორად გაკონტროლდება. როგორია გესტაციური დიაბეტის მკურნალობის მეთოდი და რა უნდა გავითვალისწინოთ მისი არსებობის შემთხვევაში? – „ვერსია“ გინეკოლოგ ქეთავან მგალობლიშვილს ესაუბრა:

– ქალბატონო ქეთი, ზუსტად რას ნიშნავს გესტაციური შაქრიანი დიაბეტი?

– გესტაციური დიაბეტი ორსულობის დროს განვითარებული დიაბეტია. ამის გასაგებად ვაკეთებთ სისხლში შაქრის რაოდენობის განსაზღვრას. თუ მაჩვენებელი იქნება მაღალი, ამ შემთხვევაში, ვაკეთებთ დატვირთვით ტესტს. ყველაფერ ამას აქვს თავისი ნორმები, თუ ნორმაზე მაღალია მაჩვენებელი, ეს იმას ნიშნავს, რომ გესტაციური დიაბეტია. ასევე, მნიშვნელოვანია, როგორი ფორმის იქნება – მსუბუქი, საშუალო თუ მძიმე. როგორც წესი, გესტაციური დიაბეტი მშობიარობის შემდეგ ქრება და შეიძლება, ორსულობის ნებისმიერ ვადაზე განვითარდეს (ხშირად, ორსულობის მეორე ნახევარში ვითარდება).

– რა სიმპტომები ახასიათებს გესტაციური დიაბეტის მქონე ორსულს?

– ახასიათებს სხვადასხვა ნიშანი, მათ შორის, პირის სიმშრალე, წყლის მოთხოვნილება, ხშირი შარდვა, მომატებული შიმშილის გრძნობა. ამ შემთხვევაში, შესაძლებელია ვიფიქროთ, რომ საქმე გვაქვს გესტაციურ დიაბეტთან, თუმცა შეიძლება არ აღინიშნდებოდეს სიმპტომები. საჭიროა ენდოკრინოლოგის ჩართულობა, რადგან მხოლოდ ტესტის გაკეთება არ არის საკმარისი. ჩვენ, გინეკოლოგები, როგორც წესი, ამას ვადგენთ. თუ ზღვართან, ან მსუბუქი ფორმითაა, ვუნიშნავთ დიეტას, ხოლო მაღალი ციფრების შემთხვევაში, ენდოკრიონოლოგის კონსულტაცია აუცილებელია, რადგან ის დაეხმარება და ასწავლის, როგორ მართოს პროცესი. სამწუხაროდ, ისეთი პაციენტებიც არიან, რომლებსაც ინსულინს უნიშნავენ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ინსულინი მთელი ცხოვრება უნდა იკეთოს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მყავდნენ პაციენტები, რომლებსაც იმდენად აგრესიული ფორმა და მაღალი მაჩვენებელი ჰქონდათ, რომ საჭირო გახდა ენდოკრინოლოგის ჩართვა და ინსულინის დანიშვნა.

 

– რამდენად ხშირია ორსულებში ეს დაავადება?

– 30 წელია, ვმუშაობ ორსულებთან და ბოლო 7 წელია, ნამდვილად გახშირდა, მანამდე იშვიათად გვყავდა ასეთი პაციენტები.

 

– რა არის ამის მიზეზი?

– არასწორი კვება და სტრესული გარემო. იმდენად გახშირდა, რომ გაიდლაინებით მოწოდებულია, გავაკეთოთ ტესტი უზმოზე და შემდეგ სკრინინგზე, ამას ორალური გლუკოზის ტოლერანტობა ეწოდება. წყალში ვხსნით 75 მგ. გლუკოზას და ვასმევთ პაციენტს, ამის მიხედვით ვადგენთ ნორმებს. ორსულობის დროს, ნორმა – 3.9-დან 5.5-მდეა, თუ 5.6 ან 7-მდეა, ეს პრედიაბეტია, მაღალი მაჩვენებელი კი უკვე დიაბეტად ითვლება, რაც უნდა მართოს ენდოკრინოლოგმა. იმ პაციენტებს, რომლებსაც ინსულინს უნიშნავენ, მშობიარობის შემდეგ, როგორც წესი, უხსნიან და ჩვეულებრივ ურეგულირდებათ მდგომარეობა.

– რომელი ორსულები შედიან რისკ-ჯგუფში?

– რისკ-ჯგუფებში შედიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ სხეულის დიდი მასა. თუ წონის მასის ინდექსი 30-ზე მეტია, მაშინ რისკ-ჯგუფში შედის. თუ ანამნეზში, წინა მშობირაობისას დიდი ნაყოფი ჰყავდა, მაგალითად, 4 კილო ან მეტი, ესეც რისკ-ჯგუფია და თუ წინა მშობირობაზე ჰქონდა გესტაციური დიაბეტი. ასევე, ისინიც რომელთა მშობლებიც შაქრიანი დიაბეტით არიან დაავადებულნი.


– რა გავლენას ახდენს ორსულობაზე გესტაციური დიაბეტი, რა რისკის წინაშეა დედა და ნაყოფი?

– თუ კარგად მართავს ექიმი სიტუაციას, არეგულირებს ყველაფერს და დიეტაზეა პაციენტი, ასევე, ნაყოფი ძალიან არ იმატებს, რა თქმა უნდა, უმეტეს შემთხვევაში, ჯანმრთელები იბადებიან, თუმცა თუ აგრესიულად მიდის პროცესი და ნაყოფი დიდია, საკეისრო კვეთა ტარდება. ასევე, შესაძლებელია ნაადრევი მშობიარობის რისკიც იყოს. არ მინდა, ვინმე შევაშინო, მაგრამ თუ უყურადღებოდაა ორსული, შეიძლება, ამან მკვდრადშობადობაც გამოიწვიოს.

– როგორ ავირიდოთ ეს დაავადება?

– პირველი ორსულობის დროს, თუ მანამდე არაფერი გვაწუხებდა, გესტაციურ დიაბეტზე გამოკვლევას არავინ იკეთებს, მაგრამ თუ ორსულობის დროს, ეს დაავადება დაფიქსირდა, მეორე ორსულობის დაგეგმვა არ შეიძლება, სანამ კვლევებს არ გაიკეთებს პაციენტი. არ არის აუცილებელი ორსულობა, თუ არ ხართ ორსულად, თავისუფლად შეიძლება ამ კვლევების ჩატარება, რათა თავი დავიზღვიოთ და ავირიდოთ არასასურველი შედეგები. აუცილებლად უნდა დაიგეგმოს შემდეგი ორსულობა. ასევე, რა თქმა უნდა, შესაძლებელია შემდეგ ორსულობაზეც განმეორებით გამოვლინდეს დიაბეტი. ამიტომ, ორსულობის დაგეგმვისას რეკომენდებულია, კონსულტაცია გაიაროთ ენდოკრინოლოგთან, რათა შეფასდეს განვითარების რისკები და ქალმა მიიღოს შესაბამისი რეკომენდაციები.

– რა რეკომენდაციას მისცემთ ქალბატონებს, რომლებსაც ორსულობის დროს გამოუვლინდათ ეს დაავადება?

– თუ აღმოჩნდა ციფრები, რომლებიც ახლოს დგანან ნორმასთან, მაშინ ვუნიშნავთ დიეტას. დიაბეტში ყველაზე საყურადღებო არის ის, რომ ნახშირწყლების ტოლერანტობა ირღვევა, ამიტომ აუცილებელია ხშირად კვება და პატარა ულუფებით, დღეში 3-4-ჯერ. ხშირად, ორსული მეუბნება, რომ დილით ისაუზმა და საღამოს ივახშმა, რაც არ შეიძლება. მნიშვნელოვანია ცილოვანი საკვების მიღება, ასევე სახამებლიანი საკვები, რომელიც შაქარს უფრო ნელა გამოყოფს, ესენია: წიწიბურა, შვრია, ლობიო, შავი პური, ქატოს პური. თეთრი პური და კარტოფილი. აუცილებელია, რომ რაციონიდან ტკბილეული ამოვიღოთ.