რა სარგებლობა მოაქვს ბავშვისთვის შინაურ ცხოველებთან ურთიერთობას

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ბავშვებისა და ცხოველების სიახლოვის საკითხი, დიდი ხანია, განხილვის საგანია. მშობლების უმეტესობას  მიაჩნია, რომ შინაური ცხოველი ბავშვის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენს და ხშირად ბავშვებს ცხოველებთან მიახლოებასაც უკრძალავენ. სამწუხაროდ, საზოგადოება არაა გათვითცნობიერებული, რა სარგებლობა მოაქვს ბავშვისთვის შინაურ ცხოველებთან ერთად ყოფნას. რა უნდა ვიცოდეთ შვილების ცხოველებთან ურთიერთობის დადებით მხარეებზე, რა წესები უნდა დავიცვათ და როგორ  დავამაყაროთ ოთხფეხა მეგობრებსა და ბავშვებს შორის ჯანსაღი კომუნიკაცია? - „ვერსიას“ თოდუას კლინიკის პედიატრი, მედიცინის აკადემიურდოქტორი, თეა აბჟანდაძე და ფართო პროფილის ექიმვეტერინარი, ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი ნათია ნატროშვილი ესაუბრნენ.

 

- თეა, რა როლს ასრულებს ცხოველი ბავშვის განვითარებაში და რატომაა  სასარგებლო ჯანმრთელობისთვის ოთხფეხა მეგობრის ყოლა?

- ბევრი ბავშვი ოცნებობს, ჰყავდეს შინაური ცხოველი, ამ საკითხში ძალიან მნიშვნელოვანია მშობლების ჩართულობა,  რათა  ცხოველის ყოლა ყველასთვის პოზიტიურ გამოცდილებად იქცეს.  ბავშვის იმუნიტეტი ცხოველთან სიახლოვის დროს, რა თქმა უნდა, გაძლიერებულია და ალერგიის ფონი შემცირებულია. ცხოველებზე ზრუნვა და მათთან  მეგობრობა ბავშვს ადამინებთან სწორი ურთიერთობების  ჩამოყალიბებაში ეხმარება, უყურადღებო მოპყრობა კი, შესაძლოა, საზიანო გახდეს,  როგორც შინაური ცხოველის, ასევე, ბავშვის ჯანმრთელობისთვის. ცხოველები ბავშვების საუკეთესო მეგობრები არიან, ისინი შეიძლება იყვნენ საიდუმლოებისა და პირადი აზრების უსაფრთხო მიმღებები. მათ მიმართ ისეთი პოზიტიური გრძნობების განვითარება, როგორიცაა სიყვარული, ერთგულება, თანაგრძნობა და მზრუნველობა ხელს უწყობს ბავშვის, როგორც არავერბალური უნარებისა და პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბებას, ასევე, თვითშეფასებისა და თავდაჯერებულობის ამაღლებას. ისინი შეიცნობენ კავშირს ბუნებასთან და სწავლობენ პატივისცემას სხვა ცოცხალი არსებების მიმართ. ცხოველების გასეირნება და მათთან ერთდ დროის გატარება ბავშვის ფიზიკურ აქტივობას მნიშვნელოვნად ზრდის, რაც  ხელს უწყობს ცხოვრების ჯანსაღი წესის ჩამოყალიბებას. შინაურ ცხოველებთან ბავშვები თავს კომფორტულად, უსაფრთხოდ და დაცულად გრძნობენ, მათში ნაკლებია შიშისა და შფოთვის განცდა.

აღსანიშნავია, რომ ცხოველები ბავშვებს სწავლაში ეხმარებიან. ზოგიერთ განვითარებულ ქვეყნებში, დიდი ხანია, ცხოველებს იყენებენ, როგორც თერაპიის ფორმას სკოლებში, განვითარების პრობლემების მქონე ბავშვებთან. კერძოდ, ცხოველებს შეუძლიათ, დაეხმარონ ბავშვებს კითხვის უნარებში. კვლევამ აჩვენა, რომ მოსწავლეები, რომლებსაც არ სურთ სკოლაში ხმამაღლა კითხვა, უფრო თავდაჯერებულად კითხულობენ ცხოველების თანდასწრებით , რადგან მათ ხედავენ, როგორც მეგობრებს, რომლებიც არ განსჯიან. ცხოველების მოვლა-პატრონობაში ოჯახის წევრების ჩართულობა ხელს უწყობს ურთიერთობების გამყარებას და იძლევა დროის ერთად სასიამოვნოდ გატარების საშუალებას, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია ბავშვისთვის.

- რა რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა შინაური ცხოვლის შეძენამდე?

- სამიდან-ოთხ წლამდე ასაკის ბავშვები ჯერ კიდევ არ არიან საკმარისად მომწიფებულნი, რათა თავიანთი სიბრაზე და აგრესიული იმპულსები აკონტროლონ, შესაბამისად, მათ ურთიერთობას შინაურ ცხოველებთან  უნდა მეთვალყურეობდნენ  უფროსები. ამასთან, ათ წლამდე ბავშვებს ცხოველებზე დამოუკიდებლად ზრუნვა არ შეუძლიათ და მშობლებმა უნდა გააკონტროლონ შინაური ცხოველების მოვლა, მაშინაც კი, თუ ფიქრობენ, რომ შვილი საკმარისად დიდია ამისთვის. თუ ბავშვს ცხოველის მოვლა არ სურს, შეიძლება, მასზე პასუხისმგებლობის აღება თავად მშობელს მოუწიოს.  მნიშვნელოვანია,  უფროსებმა ბავშვებს  დელიკატურად და არა გაკიცხვით შეახსენონ, რომ ცხოველებსაც, როგორც ადამიანებს, სჭირდებათ საკვები, წყალი და ვარჯიში. თუ ბავშვი აგრძელებს შინაური ცხოველის უგულებელყოფას, შესაძლოა, მას ახალი სახლის პოვნა დასჭირდეს.

ბავშვები შინაური ცხოველის მიმართ პასუხისმგებლობას მშობლების ქცევაზე  დაკვირვებით სწავლობენ, სწორედ ამიტომ, შინაური ცხოველის შეძენა ბავშვის სურვილთან ერთად, უნდა წარმოადგენდეს მშობლის სურვილსაც. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვების უმეტესობა ნაზი და შემწყნარებელია შინაური ცხოველების მიმართ, შესაძლოა, ზოგიერთი ზედმეტად უხეში ან სასტიკი იყოს. თუ ეს ქცევა გრძელდება, შესაძლოა, სერიოზული ემოციური პრობლემების ნიშანი იყოს.

ნებისმიერი ბავშვი, რომელიც ძალადობს, აწამებს ან კლავს ცხოველს, უნდა შეფასდეს სპეციალისტის მიერ.

- როდესაც ცხოველზე ალერგიული ფონი იჩენს თავს, როგორ შეუძლია მშობელს აღნიშნული პრობლემის მოგვარება?

- სამწუხაროდ, ცხოველის ბეწვზე ალერგია დროებითი არ არის. მშობელს შეუძლია  ბავშვს ანტიჰისტამინური პრეპარატი მიაღებინოს, თუმცა ეს ხანგრძლივად ვერ გაგრძელდება. ალერგია, სამწუხაროდ, დარჩება მუდმივ პრობლემად. გამოსავალი კი ისაა, რომ მშობელმა წინასწარ იცოდეს, არის თუ არა ბავშვი ცხოველის ბეწვზე ალერგიული და აქედან გამომდინარე განსაზღვროს, ცხოველის რომელ ჯიშს მიიყვანს სახლში.

 

***

- რატომ უნდა ჰქონდეს ბავშვს სიახლოვე ცხოველთან და როგორ უნდა დაამყაროს პატრონმა ოთხფეხა მეგობარსა და შვილს შორის მეგობრული ურთიერთობა?

ნათია ნატროშვილი:

-კომუნიკაცია ცხოველსა და ბავშვს შორის, რა თქმა უნდა, მშობელმა უნდა დაამყაროს, ცხოველს უნდა აჩვენოს, რომ პირველია და ბავშვი, პატრონის სიყვარულში მისი კონკურენტი არაა. როდესაც ცხოველმა თავისი ადგილი იცის, ორიენტირებულია, რომ ბავშვს მოუაროს და მოუფრთხილდეს. ცხოველები უდიდეს კომფორტს უქმნიან ბავშვებს, სანაცვლოდ კი სიყვარულისა და ყურადღების გარდა, არაფერი სჭირდებათ. ეს მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ცხოველს შეუძლია კარგად შეასრულოს ძიძის მოვალეობა. ძალიან ბევრი შემთხვევა ყოფილა, როდესაც მშობელს ბავშვისთვის სათანადო ყურადღება ვერ მიუქცევია, ძაღლს კი გარკვეული მოქმედებებით შეუტყობინებია დედისთვის, რომ რაღაც ხდებოდა.

ევროპაში ცხოველის აყვანასთან დაკავშირებით განსხვავებული მიდგომა აქვთ. მაგალითად, როდესაც ბავშვს თავად უნდა ცხოველი და სურს აიღოს პასუხისმგებლობა მასზე, მხოლოდ მაშინ მიჰყავთ სახლში. ეს ძალიან კარგია, რადგან პატარა ასაკიდან იცის, რომ უნდა მოუფრთხილდეს და ყურადღება გამოიჩინოს ოთხფეხა მეგობრის მიმართ. ოჯახში, სადაც ბავშვი შედის, აუცილებელია იყოს კატაც და ძაღლიც, ვინაიდან ცხოველთან სიახლოვის დროს იხსნება ალერგიული ფონი და ბავშვს უმუშავდება იმუნიტეტი.

- არსებობს მოსაზრება, რომ ბავშვისთვის ცხოველის ბეწვი საშიშია. ასეა თუ არა და, საერთოდ, როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც ცხოველს დიდი რაოდენობით სცვივა ბეწვი?

- ძალიან მნიშვნელოვანია, ცხოველი დამუშავდეს სამ თვეში ერთხელ, რათა არა მარტო ბავშვი, არამედ, თავად ცხოველიცა და უფროსებიც იყვნენ დაცულნი. ვინაიდან ცხოველს მიწასთან აქვს შეხება, ავთვისებლობაც მეტია, თუმცა თუ ჩვენი ოთხფეხა მეგობრი მოვლილი და მოწესრიგებულია, თამამად ვამბობ, რომ პრობლემის  წარმოქმნის რისკი არ არსებობს.

- რა აუცილებელი პროცედურები უნდა ჩაუტარდეს ცხოველს?

- ცხოველი სისტემატურად უნდა მუშავდებოდეს, როგორც ჰელმითებზე, ასევე გარეგან პარაზიტებზე, რწყილებზე, ტკიპებზე და ა.შ. აუცილებელია პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება, რომელიც მოიცავს ჭიაზე დამუშავებას, სამ კომპლექსურ და ერთ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინას. მოგეხსენებათ, აღნიშნული პროცედურები ერთჯერადი არაა. ხშირად ყოფილა შემთხვევა, როცა პატრონს დროულად არ დაუმუშავებია ცხოველი და დაღუპულა ჰელმითების დიდი რაოდენობის გამო.

- ამბობენ, რომ ცხოველი ბავშვის ფსიქიკაზე დადებითად მოქმედებს..

- ამ საკითხზე კვლევაც ჩატარდა, ოქსფორდში 25 ადამიანი შეირჩა, რომელთაც სახლებში ცხოველები ჰყავდათ, ასევე, შეარჩიეს ადამიანები იგივე რაოდენობით, რომლებსაც სიახლოვე არ ჰქონდათ ცხოველებთან. მათი სამუშაო კრიტერიუმი იდენტური იყო. დაახლოებით, ოთხი თვის შემდეგ, შერჩეული ადამიანების ფსიქოტიპი შეამოწმეს. კვლევის თანახმად, ადამიანებს რომლებსაც შინაური ცხოველები ჰყავდათ, სტრესი არ აღენიშნებოდათ, ფსიქოლოგიურად  სტაბილურნი, რეალიზებულნი და აქტიურნი იყვნენ. თავს გაცილებით ბედნიერად გრძნობდნენ მათთან შედარებით, რომლებსაც არ ჰყავდათ ცხოველი - მათ უმეტესობას აღენიშნებოდა მრავალი ისეთი პრობლემა, როგორიცაა, დეპრესია, სტრესი და არასტაბილური ფსიქოლოგიური მდგომარეობა. ცხოველი არასდროს გაძლევს დეპრესიაში ჩავარდნის საშუალებას, რადგან ამისთვის ვერასდროს იცლი. როდესაც სახლში მიდიხარ, იცი, როგორ სიხარულით უნდა შეგეგებოს, იცი, რომ  გარეთ უნდა გაიყვანო, ხარ ვალდებული, მიაქციო ყურადღება და იზრუნო. შესაბამისად, ცხოველი, როგორც ბავშის, ასევე, ზრდასრული ადამიანის ფსიქიკაზე დადებითად მოქმედებს. დიდი ჯიშის ძაღლები ძალიან კარგ დაცვას წარმოადგენენ და ძალიან ეხმარებიან ბავშებს სიარულის დაწყებაშიც კი. მიმაჩნია, რომ  ადამიანს ცხოვრების ყველა ეტაპზე უნდა ჰყავდეს შინაური ცხოველი. დაუშვებელია, მშობლებმა შვილებს გაუჩინონ ზიზღი და შიში ცხოველის მიმართ. ხშირად, უფროსები ბავშვებს ცხოველთან ახლოს მისვლას უკრძალავენ, ეს კი ძალიან დიდი შეცდომაა. როგორც აღვზრდით ბავშვებს, იმის მიხედვით ექნებათ სიყვარული ცხოველების მიმართ.

ალბათ, შეგიმჩნევიათ, ზოოპარკში ბავშვები ცხოველის დანახვაზე ბედნიერებით როგორ ივსებიან. ბავშვებში უსაზღვრო სიყვარულს აღვივებს იმის აღქმა, რომ რაღაც ძალიან პატარა, ფაფუკი და მოსაფრთხილებელია. სწორედ ამ დროს იცვლება ბავშვების ფსიქოლოგია, ხდება მეტად ლმობიერი და მიმტევებელი.

აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ცხოველის ყოლა განსაკუთვრებულად მნიშვნელოვანია და მათთვის ფსიქოლოგები შინაური ცხოველის აყვანას სპეციალურად ნიშნავენ. როდესაც ბავშვი საკუთარ თავში ჩაკეტილია, მისთვის ცხოველის მოფერება და ყურადღების გამოჩენა ძალიან სასარგებლოა. გარდა ამისა, დიაბეტის მქონე ადამიანებისთვის ცხოველის ყოლა აუცილებელია, ვინაიდან ოთხფეხა არსებები საფრთხის მოახლოებას, ინსულინის მომატებასა და ეპილეფსიის შეტევის დაწყებას გრძნობენ.

ასევე, როდესაც ადამიანი, საკუთარი თავის ტრამვირებას იწყებს, ჭკვიანი ცხოველი წინ ეღობება, რათა ადამიანი იხსნას და  საკუთარ თავს ზიანი არ მიაყენოს.

- რომელი ცხოველები არიან ანტიალერგიულები?

- დროთა განმავლობაში, ჰაერის დაბინძურებისა და გარემო პირობების გამო, ადამიანებს ალერგიული ფონი გაუვითარდათ. ცხოველებიც გაცილებით უფრო ალერგიულები გახდნენ, ვიდრე ადრე იყვნენ. ადამიანებს ალერგია ყველაზე ხშირად  კატის ბეწვზე უვლინდებათ ხოლმე.

რაც შეეხება ძაღლებს, ზოგიერთ ჯიშზე, რა თქმა უნდა, ბავშვებსაც და ზრდასრულებსაც შეიძლება ჰქონდეთ ალერგია, თუმცა ეს ინდივიდუალურია.

აღსანიშნავია, რომ ცხოველებს, რომლებსაც თმა სცვივათ, გაცილებით უფრო ალერგიულები არიან. თუ ბავშვს აქვს თანდაყოლილი ალერგია, მშობელს შეუძლია აიყვანოს ისეთი ჯიში, რომლეზეც არ შეექმნებათ აღნიშნული პრობლემა. ძაღლებში ანტიალერგიული ჯიშებია - მალტეზე, იორკშირტერიერი და პუდელი, ხოლო კატებში  ასეთი ჯიში სფინქსია, რომელსაც ბეწვი საერთოდ არ აქვს და შესაბამისად, ალერგიის განვითარების შანსიც არ არსებობს.

აღნიშნულ ჯიშებთან ერთად ცხოვრება ძალიან კომფორტულია, რადგან ოჯახის წევრებს არ ექმნებათ ალერგიასთან დაკავშირებული პრობლემები.

 ავტორი-ლიკა თორთლაძე