კეკელიძის N1-ში, სადაც აღსრულების პოლიციას ელოდებიან, ოჯახმა ბინის კარი შიგნიდან შეადუღა

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

თბილისში, კეკელიძის N1-ში საცხოვრებელი ბინასა და სადარბაზოში შესასვლელი რკინის კარები შეადუღეს. მარინა ხატიაშვილის ოჯახი ასე ცდილობს არ შეუშვას აღსრულების პოლიცია სახლში, რომელიც წლების განმავლობაში მას ეკუთვნოდა.

თბილისის ცენტრალურ ნაწილში მოქალაქეთა მცირე ჯგუფი ამ ოჯახის მხარდასაჭერად დილიდან არის შეკრებილი. როგორც ადგილზე მყოფი რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ამბობს, რკინის კარების შედუღება ოჯახმა იმ მიზნით გადაწყვიტა, რომ პოლიციას არ მისცეს სახლში შესვლის საშუალება.

ხატიაშვილს ბინა ბოლო ოთხი წელია აღარ ეკუთვნის - აღსრულების პოლიციამ მისი გამოსახლება რამდენჯერმე სცადა. კეკელიძის N1-ში დღეს მათ კიდევ ერთხელ ელოდებიან.

როგორც მარინა ხატიაშვილი ამბობს, მან "საქართველოს ბანკიდან" თანხა 2008 წელს ისესხა, თუმცა 2013 წელს თვენეხევრის ვადაგადაცილების გამო, საქმე სასამართლოს გადაეცა და ბანკის თანამშრომელმა ის კერძო იპოთეკარებთან გადაამისამართა - საბოლოოდ ხატიაშვილებმა საქართველოს ბანკს 10 წლიან $20 000 სესხში, 5 წელიწადში გადაუხადეს $43 000. კერძო იპოთეკრებისთვის კი მთლიანობაში გადახდილი აქვთ $80 000.

ოჯახი აცხადებს, რომ ისინი მზად არიან თანხა აანაზღაურონ და საქმე კონსტრუქციული მორიგებით დასრულდეს.

"ჩვენ "მევახშეს" [იპოთეკარს] ვთავაზობთ მორიგებას, მათ ფულით ხელში ვხვდებით. იმაზე მეტ ფულს ვთავაზობთ, ვიდრე ვალი გვაქვს, თუმცა ისინი მოლაპარაკებაზე არ მოდიან", - ამბობს მარინა ხატიაშვილი.

ოჯახის გამოსახლების პროცესი გადაიდო. ინფორმაცია მედიას აღსრულების ბიუროს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა პაატა შამუგიამ მიაწოდა. როგორც ხატიაშვილი ამბობს, 108 კვადრატული მეტრის ფართობის ბინა აუქციონზე თავად მისმა ერთ-ერთმა იპოთეკარმა, დარეჯან დვალმა, 40 ათას ლარად შეიძინა.

აღსრულების ბიურომ ოჯახის გამოსახლება ბოლო სამი წლის განმავლობაში რამდენჯერმე სცადა. ოჯახის გამოსახლება ბოლოს გასული წლის 5 ოქტომბერს იყო დაგეგმილი, თუმცა, პროცესი რამდენიმე თვით კვლავ გადაიდო და გამოსახლება 23 იანვარს დაიგეგმა. ამის შესახებ აღსრულების ბიურომ მარინა ხატიაშვილს 22 დეკემბერს შეატყობინა.

გამოსახლების შესახებ აღსრულების ბიუროს პირველი შეტყობინება მარინა ხატიაშვილმა 2019 წლის შემოდგომაზე მიიღო. მაშინ მან სასამართლოს მიმართა და გამოსახლების პროცესი, მოსამართლის გადაწყვეტილებით, სამი თვით გადაიდო. ბინიდან გამოსახლების თარიღად 2020 წლის 4 თებერვალი დაინიშნა. იმ დღეს, კეკელიძის პირველ ნომერში მისულ აღსრულების პოლიციას ოჯახმა და მისმა გულშემატკივრებმა წინააღმდეგობა გაუწიეს. გამოსახლების პროცესი კიდევ გადაიდო და 2020 წლის 20 მარტისთვის დაინიშნა. მარტის დასაწყისში, კოვიდ-პანდემიის გამო, სახელმწიფომ გამოსახლებებზე საყოველთაო მორატორიუმი გამოაცხადა და მარინა ხატიაშვილის ოჯახის გამოსახლება პანდემიის დასრულებამდე შეჩერდა.

ოჯახის გამოსახლების კიდევ ერთი მცდელობა აღსრულების პოლიციას 2022 წლის 17 ივნისს ჰქონდა, თუმცა, აღსრულების პოლიციამ მარინა ხატიაშვილის ოჯახის, მათ შორის, ჩვილის, აუქციონზე გაყიდული ბინიდან გასახლების გადაწყვეტილება ხმაურის, დაპირისპირებისა და ქუჩის გადაკეტვის შემდეგ შეცვალა. აღსრულების ბიურომ გადაწყვეტილების შეცვლა მაშინ იმით ახსნა, რომ ბინაში იმ პერიოდში სამი თვის ჩვილი ცხოვრობდა და ოჯახის გასახლება ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე დროებით გადადო.

მარინა ხატიაშვილი ამბობს, რომ ის იპოთეკართა მაქინაციური სქემისა და კაბალური კანონმდებლობის მსხვერპლია.

2011 წლიდან 2019 წლის ოქტომბრის ჩათვლით, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ სულ 17 589 უძრავი ქონება გაყიდა აუქციონზე.

წყარო:რადიო თავისუფლება