სამსხვერპლო ხარი სამყაროს შექმნის დღეს - აჟირნიხუა აფხაზეთში

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

14 იანვარი აფხაზურ კალენდარში ოფიციალური დასვენების დღეა. მაგრამ არა იმიტომ, რომ ეს საბჭოთა კავშირში პოპულარული „ძველით ახალი წელია“ (ახალი წელი, რომელიც ძველი სტილით, იულიუსის კალენდრით დგება).

აფხაზეთში ეს ასევე არის წარმართული აჟირნიხუა – ითარგმნება, როგორც „მჭედლობის დღესასწაული“ და ნიშნავს – მსოფლიოს შექმნის (ან განახლების) დღესასწაულს.

საბჭოთა დროს, სტალინის პერიოდში, როდესაც ქანჩებს მთელი ქვეყნის მასშტაბით მაქსიმალურად უჭერდნენ, აჟირნიხუას დღესასწაულის ჩატარება უმკაცრესად იყო აკრძალული. ამის მიუხედავად, ბევრი, მათ შორის ჩვენი ოჯახი, ამ დღეს ზეიმობდა და სათანადო რიტუალს საგვარეულო სამჭედლოში ასრულებდა. ბუნებრივია, განსაკუთრებული აფიშირების გარეშე.

და ერთხელ, ღმერთისადმი მიმართვის დროს, იქ სოფლის საბჭოს თავმჯდომარე შევიდა. ის ახლო ნათესავი იყო, მაგრამ განზრახ დაარტყა წმინდა კოჭს და შემდეგ ჯერზე ბაბუას ციხეში ჩასმით დაემუქრა.

„ეს ყველაფერი თქვენ დაგიბრუნდებათ“, – უპასუხა ბაბუამ.

ერთი თვის შემდეგ კი მოულოდნელად სტალინი გარდაიცვალა.

ჩემს ნათესავებს შორის ქრისტიანიც ბევრია, მუსლიმიც და ათეისტიც, თუმცა, ეს არ გვიშლის ხელს, რომ საკუთარ საგვარეულო კერიასთან, სოფელ ხუაპში, ერთად ვიზეიმოთ „აჟირნიხუა“. იქ, მთის ძირას დგას სახლი, რომელშიც მამაჩემი დაიბადა და ახლა ჩემი ბიძაშვილი, ასლანი ცხოვრობს.

როგორც წესი, ამ დღეს, ოჯახის ყველა წევრი, რომელიც ამჟამად აფხაზეთში იმყოფება, დიდ სახლში იკრიბება – სწორედ ასე ეწოდება მშობლიურ ბუდეს. გამონაკლისი პანდემიის გამო, ზედიზედ მეორე წელია ყველაზე უხუცესისთვის, კონსტანტინე ბიძიასთვის გაკეთდა.

„აჟირნიხუას“ აღნიშვნის ერთიანი სტანდარტი არ არსებობს. ყველა ოჯახს თავისებური ტრადიცია აქვს. მაგრამ ისინი დაკავშირებულია ერთი გარემოებით – არის თუ არ არის საგვარეულო ბუდეში აჟირი (წმინდა სამჭედლო).

ჩემს ოჯახში ასეთი სამჭედლო არის და, შესაბამისად, დღესასწაული სრულფასოვნად აღინიშნება.
რატომ სამჭედლო? 

შემიძლია მხოლოდ ვივარაუდო – როდესაც ქვის ხანიდან ბრინჯაოსაში გადავიდა სამყარო – რკინის მფლობელი მნიშვნელოვან ადამიანად მიიჩნეოდა. ის კი, ვინც მისგან შრომისა და საბრძოლო აღჭურვილობას ქმნიდა – ამასთან ერთად, მიახლოებული იყო უზენაესთან. ძველ დროში, მჭედლობა დიდ წარმატებად მიიჩნეოდა და მთელი ოჯახის სიამაყედ ითვლებოდა.

ამ დღეს აუცილებლად ვკლავთ ხარს ან თხას, ასევე, იმდენ მამალს, რამდენი ქალიცაა ოჯახში.

ვიდრე მამაკაცები ხორცსა და დიდ ქვაბში ღომს ამზადებენ, ქალები თხილიან და ყველიან ღვეზელებს აცხობენ, გოგონები კი სახლ-კარს ალაგებენ და სუფრას შლიან. 

ცვილის დიდი ნაჭრისგან აჟირისთვის ერთი დიდი და დაახლოებით ორი ათეული პატარა ზომის სანთელი მზადდება – თითო სანთელი ოჯახის წევრი ყველა ქალის ან გოგონას სახელზე.

როდესაც სამზადისი დასრულებულია და სოფელში ბინდი წვება, იწყება დღესასწაულის მთავარი რიტუალი – ოჯახის წევრი მამაკაცების აჟირში შესვლა.

ის განთავსებულია ბაღში. მამაკაცებთან ერთად, გამონაკლისის სახით ამ რიტუალს გოგონებიც ესწრებიან.

სახლის პატრონი ასლანი უკვე მრავალი წელია, რაც ჩვენი ოჯახის თავკაცი გახდა. სწორედ მას ევალება მიმართოს უზენაესს და ჩვენი გვარის დაცვა შესთხოვოს.

გარდა ამისა, ასლანი ოჯახისთვის, ხალხისა და მთელი მსოფლიოს მოსახლეობისთვის შესთხოვს მშვიდობასა და კეთილდღეობას. სანაცვლოდ კი, როგორც ოჯახის თავკაცი, მთელი მოდგმის სახელით ვალდებულებას იღებს, რომ იცხოვრებს სწორად და კეთილსინდისიერად.

მარცხენა ხელში ასლანს კაკლის კეტი უნდა ეჭიროს, რომელზეც რიტუალის განსაზღვრული წესით, რამდენიმე ღვეზელს და მსხვერპლად შეწირული ხარის გულ-ღვიძლს წამოაცვამს; მარჯვენა ხელს კი ღვინის ჭიქა დაუმშვენებს. 

მას შემდეგ, რაც მთავარი სადღეგრძელო-მიმართვა ითქმება, ასლანის შემდეგ იმავეს გააკეთებენ გვარის სხვა წარმომადგენლებიც. ბუნებრივია, რაც უფრო პატარაა სადღეგრძელოს ავტორი, მით უფრო მოკლეა მისი სიტყვა.

სახლში დაბრუნებით ლოცვის რიტუალური ნაწილი არ სრულდება. ის გაგრძელდება სახლის დიდი ფანჩატურის ქვეშ, სადაც ასლანმა აჟირში ნათქვამი ჩვენი ოჯახის ქალებისთვის უნდა გაიმეოროს.

ყველა მათგანი, თავის ქალიშვილებთან ერთად, ანთებული სანთლებით გაშლილ სუფრასთან დადგება.  

პერსონალური სადღეგრძელოს შემდეგ, ამ სანთლებს რიგრიგობით მიაკრავენ სახლის კედელს, სადაც საბოლოოდ ჩაიწვება კიდეც. მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება ნადიმი.

ქალები და მამაკაცები ცალ-ცალკე ოთახებში დასხდებიან. თუმცა, ეს წესი ჯერჯერობით არავის გაუპროტესტებია.

თითოეული მსხვერპლშეწირული ცხოველის ყბა კი სამუდამოდ დარჩება აჟირში.

წყარო-jam-news.net